კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნიკა მელიას განცხადებით, გამომძიებლები მას ადეიშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ

3 ნოემბერი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. მთაწმინდის გამგებლის, ბრალდებულ ნიკა მელიას განცხადებით, მას გამოძიების ეტაპზე ადეიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ და ამ შემთხვევაში, პირდებოდნენ, რომ იგი ბრალდებული აღარ იქნებოდა.

სხდომაზე პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა ბანკი „ქართუსთვის“ ფინანსური პრობლემების შექმნის მიზნით ბრალდებულების მიერ შემუშავებულ გეგმაზე ისაურბა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ,  ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს სქემა, რომელითაც ქართუ ბანკის გაკოტრებას აპირებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საშემოსავლო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ჰქონდა გაეყიდა დავალიანების მქონე იურიდიული პირის ქონება, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ის იპოთეკით დატვირთული. კანონის მიღების შემდეგ, შემოსავლების სამსახურმა ქართუ ბანკის მიერ იპოთეკით დატვირთული რამდენიმე ობიექტი დააყადაღა, აუქციონზე მათი გაყიდვა ჩაშალა, ეკონომიკის სამინისტროს გადასცა და შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით მიჰყიდა კომპანიებს, რომელთაც აკონტროლებდნენ იგივე მეპატრონეები, ვისაც ქონება ჩამოართვეს. სქემის მიხედვით, ქართუს 180 მილიონი დოლარის ზარალი მიადგა.

„კოპმანიებს „ქართუსთან“ სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ თავის დეკლარაციებში შეჰქონდათ ყალბი მონაცემები, რის საფუძველზეც კომპანიებს  დიდძალი საგადასახადო დავალიანება ეკისრებოდათ. შედეგად, მათ ედებოდათ ყადაღა და გადიოდა აუქციონზე გასაყიდად. რიგ შემთხვევაში მსგავს აუქციონებზე არცერთი მსყიდველი არ გამოთქვამდა მონაწილეობის სურვილს და კომპანიები გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. იმ შემთხვევებში, კი როცა ბანკი „ქართუც“ იღებდა აუქციონში მონაწილეობას, ამ დროს რეგისტრირდებოდა რომელიღაც უცხოური კომპანიაც, რომელსაც, არ ჰქონდა წინასწარ გადახდილი აუქციონის საგარანტიო თანხა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მაშინდელი უფროსის, ნიკა მელიას თანხმობით, მაინც იღებდა მონაწიელობას აუქციონში. უცხოური კომპანია იმარჯვებდა, თუმცა არ იხდიდა ქონების შესყიდვის ფასს და ქონება კვლავ სახელმწიფოს ხელში გადადიოდა“, - განაცხადა შესავალ სიტყვაში პროკურორმა გოზალიშვილმა. 

შესავალი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემაც. ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის თქმით, მთავარი მტკიცებულებები, რაც აქვს პროკურატურას, ვერ ამტკიცებს იუსტიციის ყოფილი მინისტრის ბრალეულობას: „თუ ადეიშვილი დამნაშავეა, მაშინ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ადეიშვილმა მიაღებინა აღნიშნული კანონი პარლამენტს, შემდეგ სამინისტროებს მისცა მითითება, შემდეგ პრეზიდენტსა და პრემიერს მოაწერინა ხელი, შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მისცა მითითება და ა.შ. გამოდის, ყველაფერს ადეიშვილი მართავდა, რაც ალოგიკურია.  ამ საქმეს  ცხადი პოლიტიკური ელფერი აქვს. ეს იქიდანაც ცხადია, რომ პრემიერმინისტრის ოჯახის ქონების საქმეს განვიხილავთ. საგულისხმოა, რომ  მარტო ამ დარბაზში არ განიხილება პოლიტიკური სარჩულის მქონე საქმეები. მიმდინარეობს მასშტაბური პოლიტიკური ანგარიშსწორება და მე იმედი მაქვს, სასამართლო იქნება ობიექტური და ადეიშვილს უდანაშაულოდ ცნობს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ბრალდებულმა ნიკა მელიამ ასევე აღნიშნა, რომ  ბრალდებას ძალიან უჭირს და არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რაშიც მოსამართლე თავად დარწმუნდება: „შსს-ს საგამოძიებო სამსახურში 8 საათის მანძილზე ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას, რომ პირდაპირ დამედო ხელი ადეიშვილისთვის. მეუბნებოდნენ, რომ მე არ ვაინტერესებდით, ადეიშვილის წინააღმდეგ უნდა მიმეცა მტკიცებულებები და დღეს ბრალდებულის სკამზე აღარ ვიჯდებოდი. აქედან გამომდიანრე, ვფიქრობ, რომ პროკურატურას საერთოდ არ აქვს მტკიცებულებები ჩვენი ბრალეულობის დამადასტურებლად“.

კიდევ ორი ბრალდებულის დავით კოდუასა და ლაურა ღაჭავას ადვოკატის განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფები გარემოებების და რეჟიმის მსხვერპლნი არიან, რადგან როდესა 2011 წელს დაიწყო „ქართუს“ გასაკოტრებლად გარკვეული ქმედებები, ისინი უბრალოდ იარაღად გამოიყენეს და ძალაუნებურად ჩართეს ბანკის გაკოტრების საქმეში:  „როცა ამ საკითხზე დაიწყო საუბარი კოდუა და ღაჭავა მივიდნენ ქართუში და შესთავაზეს, თვითონ დაერეგულირებინათ სიტუაცია და ნატურით მომხდარიყო დავალიანების დაფარვა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი ვერ მოგვარდა, რადგან ბანკმა სიხისტე გამოიჩინა. დიდი ზეწოლა განხორციელდა კოდუასა და ღაჭავაზე. ეს საგადასახადო დოკუმენტები კი, რომლებიც თითქოსდა ჩვენ მიერ არის გაყალბებული, სწორედ იმ ორგანოებშია შექმნილი, სადაც ბანკის გაკოტრების სქემა მზადდებოდა.“ - აღნიშნა ადვოკატმა. 

ზურაბ ადეიშვილთან ერთად ბრალდებულნი არიან მთაწმინდის ამჟამინდელი გამგებელი და აღსრულების ეროვნული ბიურის ყოფილი უფროსი ნიკა მელია, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯამბულ ებანოძე და ბიზნესმენები: დავით კოდუა, ლაურა ღაჭავა, ილია ანთაძე, გრიგოლ მორჩილაძე, ნუგზარ საჯაია, გოჩა ცხენოსანიძე, ვასილ ჩიგოგიძე, ლევან საყვარელიძე და ირაკლი გუმბათაშვილი. კიდევ ერთ ბრალდებულს, შპს „ინტერპლასტის“ გენერალურ დირექტორ ნიკა ყუბანეიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მისი საქმე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო. ადეიშვილზე ამჟამად, ძებნაა გამოცხადებული. 

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა1 ნოემბერს 11 საათზე გაიმართება, რა დროსაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

ახალი ამბები