კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის განცხადება პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებულ შეწყალების აქტთან დაკავშირებით

5 ნოემბერი, 2013
 
შეწყალების ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებულ პრივილეგიას. ამრიგად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სარგებლობს კონსტიტუციური პრივილეგიით – მსჯავრდებულთა შეწყალების განსაკუთრებული უფლებით. საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნული პრივილეგია გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს პრეზიდენტის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელი კონსტიტუციური ნორმის ნაწილს. 
  
საქართველოს კონსტიტუციის 69–ე მუხლი განმარტავს საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურ–სამართლებრივ ბუნებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ამომრჩევლის მიერ, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე აირჩევა, „არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური...“, იგი „წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. იგი უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად“.   
  
ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციის 73–ე მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება – მსჯავრდებულთა შეწყალების პრივილეგია, ისევე, როგორც მისი სხვა უფლებამოსილებები, განხილული უნდა იქნეს, მათ შორის, კონსტიტუციის 69–ე მუხლის ფარგლებშიც, განსაკუთრებით კი ქვეყნის ერთიანობის, მთლიანობის და სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობის კონსტიტუციურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის აღნიშნული კომპეტენცია, ასევე შესაბამისობაში იყოს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის ძირითად სულისკვეთებასთან, განსაკუთრებით, სამართლებრივი სახელმწიფოს და ზოგადად სამართლის უზენაესობის კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპებთან. 
  
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულებით დამტკიცებულია შესაბამისი დებულება „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იგი „განსაზღვრავს მსჯავრდებულთა და იმ პირთა შეწყალების წესს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი და არა აქვთ გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა“. 
  
აღნიშნული დებულებით ჩამოყალიბებულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს შეწყალების მთხოვნელი პირი და რა წესით უნდა მოხდეს ამ პირის შეწყალების საკითხის გადაწყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს მისი საკითხი არ განიხილება ან გადაწყდება უარყოფითად. 
  
„შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულების მე–2 მუხლის თანახმად, შესაბამისი კომისია, მას შემდეგ, რაც შეისწავლის შეწყალების თაობაზე შესულ განცხადებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტს უგზავნის მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებზეც კომისიის მიერ არის გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომელთა თაობაზეც, საბოლოო გადაწყვეტილებას, უკვე იღებს საქართველოს პრეზიდენტი. 
  
ამრიგად, დებულება აყალიბებს იმ ძირითად პირობებსა და წესებს, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილია საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით მინიჭებული პრივილეგიის უშუალო სამართლებრივი მოქმედება. 
  
2005 წლის 30 მაისს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, დებულებას დაემატა ნორმა, რომლის თანახმად, „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე“. 
  
ამდენად, ცვლილების განხორციელების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს, შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული წესებისა და მოთხოვნების დაუცველად, შეუძლია, შეიწყალოს ნებისმიერ დანაშაულში მსჯავრდებული პიროვნება, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით. 
  
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ „შეწყალების გამოყენების წესის თაობაზე“ დებულებით, საქართველოს პრეზიდენტისადმი მინიჭებული ასეთი ფართო პრივილეგია, შესაძლებელია, წინააღმდეგობაში მოდიოდეს პრეზიდენტის საქართველოს კონსტიტუციის  პოლიტიკურ–სამართლებრივ ბუნებასთან განსაკუთრებით კი, მის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციასთან – უზრუნველყოს სახელმწიფო ორგანოთა (ამ შემთხვევაში მართლმსაჯულების ორგანოთა) საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა. 
  
მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ეს პრივილეგია დაუშვებელია, იყოს შეუზღუდავი და არ იყოს მოქცეული კონსტიტუციისა და სამართლებრივი რაციონალიზმის ერთგვარ ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჰუმანურობის პრინციპზე დაფუძნებული შეწყალების ინსტიტუტი, თვითონ გადაიქცეს დისკრიმინაციის, ანტიჰუმანურობისა და სხვა უსამართლობათა ერთ–ერთ ხელშემწყობ პირობად. 
  
ამ თვალსაზრისით, მხედველობაშია მისაღები, თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განხილული საქმე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“. დასახელებული გადაწყვეტილების 273–ე პუნქტში პირდაპირ აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ 2008 წ. 24 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ესოდენ შემზარავ დანაშაულში მსჯავრდებული სახელმწიფო მოხელეების შეწყალება და მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრება“.  
  
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც სამართლებრივ რაციონალიზმზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ–სამართლებრივ ფარგლებში მოაქცევს საქართველოს პრეზიდენტის ამ პრივილეგიას. 

ახალი ამბები