კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ამომრჩეველს და მაჟორიტარს შორის კონტაქტი თითქმის არ არსებობს - კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისში

12 ნოემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

"ოთხ წელიწადში ერთხელ, საპარლამენტო არჩევნების დროს, მოსახლეობა საკანონმებლო ორგანოში საკუთარ ნდობით აღჭურვილ პირს ირჩევს და მას ანდობს იმ პრობლემებს, რაც მას და მის ქალაქს, რაიონს თუ სოფელს აწუხებს. ისინი კი, ვისაც ხალხი ამ საპასუხისმგებლო მანდატს ანდობს, ვალდებული არიან, ამომრჩევლის თვალსაწიერზე არჩევნების შემდეგაც ისევე იყვნენ, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.

თუმცა, როგორც ირკვევა, ასე არ ხდება. ამომრჩევლის უმრავლესობა საკუთარ რჩეულს არათუ ხშირად ვერ ხედავს, უმეტესად მის გვარ-სახელსაც ვერ იხსენებს. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელშიც საქართველოში მოქმედი 40 არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული, კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეხვედრას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ინიციატივით ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტში შედგა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი ორგანიზაციები, ისე იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის ბიუროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამომრჩეველსა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის კონტაქტი თითქმის არ არსებობს - ასეთია ზოგადად კვლევის შედეგი. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულზე არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი საუბრობს. მისი განმარტებით, მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სხვადასხვა რეგიონებში პრობლემების კვლევისას გაირკვა, რომ მაჟორიტარები არ მონაწილეობენ, ან არასრულფასოვნად არიან ჩართული იმ ოლქების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, სადაც მათ ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა. 

"კვლევის მიზანი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების, მათი საქმიანობის პრაქტიკის შესწავლა და შეფასებაა. მაჟორიტარების ბიუროების გამოკითხვა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის მიერ შემუშავებული კითხვარის საშუალებით მოხდა. კითხვარი საქართველოს ყველა (სულ 63) მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელს მიეწოდა. ოცი კითხვისგან შედგენილი ანკეტა მოიცავდა როგორც დახურულ, ისე ღია კითხვებს და იძლეოდა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი ინფორმაციის მიღების საშუალებას. გამოიკითხა, ასევე, მოსახლეობა. აღნიშნული კვლევის შედეგად, გამოიკვეთა არცთუ სასიამოვნო სურათი - მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატებს უმეტესწილად, ნაკლებად ხედავს", - განმარტავს ზვიად დევდარიანი.

ამ კატეგორიას განეკუთვნება გამოკითხულ რესპონდენტთა 52, 6%. კვლევის მიხედვით, მათ მხოლოდ წინასაარჩევნო შეხვედრებისას უნახავთ საკუთარი ოლქის მაჟორიტარი. 39, 3% კი,  საერთოდ არ შეხვედრია მას. 

არადა, როგორც ირკვევა, არსებობს პრობლემები, როგორც დიდ ქალაქებში, ისე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რომლის მოგვარება მაჟორიტარების წინასაარჩევნო პროგრამის ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხალხს, ამომრჩევლის ძირითადი მოთხოვნები, რომლის მოგვარებასაც  ისინი არჩეული დეპუტატისგან ითხოვენ, სოციალური საკითხები, სამართლებრივი პრობლემები, ფართების დაკანონება, ადამიანის უფლებები და ზოგადად, სამართლიანობის აღდგენაა.

"ხალხი ირჩევს წარმომადგელენს საკანონმდებლო ორგანოში და მერე, არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია,  იმედი აქვს, რომ ის პრობლემები, რაც მათ ყოველდღიურობაზე აისახება, სწორედ მისი, მაჟორიტარის დახმარებით, ნაწილობრივ მაინც, თუ სრულად არა, მოგვარებული იქნება. იმისათვის, რომ არჩეულმა პარლამენტარმა დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ შეასრულოს, როგორც მან, ისე მისმა ბიურომ და ამ ბიუროს სრულმა შემადგენლობამ უნდა იცოდეს რა უფლებამოვალეობები აქვთ ხალხის, ამომრჩევლის წინაშე. სამწუხაროდ, როგორც გამოიკვეთა, მათ ეს ხშირად არ იციან. ასევე, არსებობს პრობლემები კომუნიკაციის მხრივაც. სწორედ ამ მიზნით ჩვენ გამოვეცით გზამკვლევი, დამხმარე სახელმძღვანელო  მათთვის, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარება მათ მომავალ საქმიანობაში", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნული კვლევის ერთერთი თანაავტორი ორგანიზაცაციის, საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. 

აღნიშნული კვლევა კი, ცხადყოფს, რომ მაჟორიტარებს და შესაბამისად, მათ  ბიუროებს, რომლის შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველთვიურად 5 ათასი ლარი უჯდება (გარდა ამისა, ბიუჯეტიდან გამოიყოფა ერთჯერადი 5 ათასი ლარი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის)  მეტი მუშაობა მართებთ იმისათვის, რომ პირველ რიგში ხალხის ნდობა მოიპოვონ, საბოლოოდ კი, ის დაკისრებული მოვალეობა შეასრულონ, რისთვისაც ისინი ხალხმა გასული წლის 1 ოქტომბერს აირჩია. ამაში კი ის რეკომენაციები დაეხმარებათ, რომელიც აღნიშნული კვლევის საფუძველზე მომზადდა და მათ გადაეცათ.

humanrights.ge შეეცადა გაეგო, რა ვითარებაა ამ მხრივ ქუთაისში. იცის თუ არა ხალხმა ვინ არის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი? რამდენად იცნობს და როგორ აფასებს ამომრჩეველი მის საქმიანობას? რით დაამახსოვრა თავი საკუთარ ამომრჩეველს ბოლო ერთი წლის მანძილზე გუბაზ სანიკიძემ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ქუთაისელი ამომრჩევლის ხმების 54, 23%-ით (47 442 ამომრჩეველი) მოხვდა, არჩევნებიდან რამდენიმე თვეში კი, საკუთარი ამომრჩევლის  რისხვის ობიექტი გახდა. მაშინ ქუთაისის საზოგადოების გარკვეულ წრეებში სანიკიძის პარლამენტიდან გაწვევის საკითხზეც კი საუბრობდნენ. მათი ნაწილი მოითხოვდა შემუშავებულიყო სათანადო სანქციები იმ დეპუტატებისთვის, ვინც დაკისრებულ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებდა. 

გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით humanrights.ge-მ  რიგითი ქუთაისელების მოსაზრებები ჩაწერა.

ლიანა ბასილაძე, მკერავი, 52 წლის: მგონი სანიკიძეა, ხო? მახსოვს კი. თვალწინ მიდგას როგორ ნაირნაირ დაპირებებს იძლეოდა. ნეტავი, ერთი მაინც თუ შეასრულა? არამგონია.  

გოგი მამფორია, ინჟინერი, 67 წლის: ვიცი ვინც არის, მაგრამ ისიც ვიცი, რომ არაფერს აკეთებს. ახლა პარლამენტის თბილისში გადატანაზე რომაა ლაპარაკი, არ შეუძლია ხმა ამოიღოს? მაგრამ მაგასაც ერთი სული აქვს, დედაქალაქში დააბრუნონ, რომ არ შეწუხდეს და თბილისსა და ქუთაისს შორის არ იაროს. 

მანანა ჩაკვეტაძე, დიასახლისი, 55 წლის: არ მახსოვს მისი სახელი. თევდორაძე ხო? თუ ეს ქუთაისის მერი იყო. ახლა ხოა პარლამენტის წევრი? არა? არ ვიცი რა... არ ვიცი და არც მაინტერესებს. 

ლალი არაბიძე, მასწავლებელი, 31 წლის: გუბაზ სანიკიძეა. მე მისი მხარდამჭერი ვარ. თუმცა, არ მახსენდება ისეთი საკითხი, პრობლემა, ჩვენს მაჟორიტარს რომ გადაეჭრას. შეიძლება ეს ჩვენი ბრალიც არის, ამომრჩევლის. ვაწუხებთ კი, და ვაყენებთ საქმის კურსში მაჟორიტარს? ალბათ, არა. 

ნანა უგრეხელიძე, უმუშევარი, 61 წლის: ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. ჩვენს და ხელისუფლებას შორის ხიდია ჩატეხილი, ურთიერთობის ხიდი. ჩვენ ამ ხალხს, დეპუტატებს ვგულისხმობ, არჩევმებიდან არჩევნებამდე ვერ ნახულობთ. მოდიან, გვპირდებიან, მიაქვთ ხმები და იკარგებიან. არადა, გარდა იმისა, რომ ვირჩევთ მათ, ხელფასსაც ვუხდით.

ახალი ამბები