კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ხელისუფლებას – ნდობის აღდგენა და მშვიდობის მშენებლობა წარსულის შეცდომების გააზრებით არის შესაძლებელი

18 ნოემბერი, 2013
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის სიტყვებს, რომელიც მან 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გულახდილი დისკუსიისას წარმოთქვა. 

მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა - „ქართველები აფხაზებს და ოსებს ეპყრობოდნენ დაახლოებით ისე, როგორც მანამდე რუსები – ქართველებს და ამისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ“, უტრირებულია და მოწყვეტილია ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების ისტორიული ურთიერთობის კონტექსტს, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ მართებულია და დროული ბატონი ელჩის მოსაზრებები საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან წარსულის შეცდომების აღიარებისა და გადაფასების თაობაზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სრულად იზიარებს აშშ-ის ელჩის მოსაზრებას, რომ „იმ პროცესში, როდესაც საქართველო ცდილობს, მიმზიდველი გახადოს თავისი თავი ამ რეგიონებისთვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად, ალბათ, მოუწევს ისიც, რომ მოახდინოს გადაფასება, აღიაროს და მოიხადოს ბოდიში წარსულის შეცდომებისთვის“.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების ნაწილი და დღევანდელი მთავრობისა თუ საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წარმომადგენელი არაჯანსაღი აჟიოტაჟით შეხვდა ამ მართალ სიტყვებს, რაც მიგვანიშნებს, რომ შეცდომების გააზრების პროცესი კიდევ დიდხანს გაჭიანურდება და საზოგადოებრივ აზრზე კვლავ დიდი გავლენა ექნება „ცხელ თავებს“, რომლებიც „ომით წართმეულის ომითვე დაბრუნების“ იდეას ქადაგებენ. 

ამ აჟიოტაჟის გამო, ბატონ ელჩს მედიისათვის დამატებითი განმარტების მიცემაც მოუწია, სადაც მან მიანიშნა, რომ წარსულის შეცდომების გადაფასებასა და ბოდიშის მოხდის იდეა არანაირად არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე უარის თქმას. კერძოდ, რიჩარდ ნორლანდმა დამატებით დასძინა, რომ „მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობას თან უნდა ახლდეს შერიგების პროცესი, ამ ფონზე კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა მხარის წუხილი“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2007 წელს დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია „ბოდიში“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ნაწილი ბოდიშს უხდიდა აფხაზ ხალხს, რომ ვერ შეაჩერა ძმათამკვლელი ომი, წინ ვერ აღუდგა ტყვიებს, რომლებმაც არა მარტო ქართველების, არამედ მრავალი აფხაზის სიცოცხლე შეიწირა. 

კამპანია "ბოდიშის" გამო ადამიანის უფლებათა ცენტრს შეურაცხყოფისა და სიძულვილის ნიაღვარი დაატყდა თავს ხელისუფლებისა და საზოგადოების მილიტარისტულად განწყობილი ნაწილის მხრიდან. განსაკუთრებული აგრესიით კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი გამოირჩა, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ უნდა ვიხადოთ კიდევ ბოდიში?!.. რისთვის? მე ვიცი რამდენიმე საერთაშორისო ჯგუფი, არა სახელმწიფო, რომელიც ფულს იხდის ამგვარ სისულელეებში“.

თუმცა, იყო მხარდაჭერაც და დადებითი გამოხმაურებაც. მოქალაქეები შეუერთდნენ პეტიციას „ბოდიშის“ თაობაზე და ხელმოწერები დღესაც გრძელდება ვებ.გვერდზე: http://www.apsni.org.http://www.apsni.org/admin/editor/uploads/files/GAZETI/abkh-geo1.pdf; კამპანია ბოდიშის ფარგლებში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოსცა გაზეთები ქართულ, აფხაზურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ეს გამოცემები ატვირთულია ამავე საიტზე, სადაც უფრო დეტალურად არის შესაძლებელი კამპანია „ბოდიშის“ არსისა და მიზნების გაცნობა (ქართული-აფხაზურივერსია:http://www.apsni.org/admin/editor/uploads/files/GAZETI/abkh-geo1.pdfქართულივერსია: http://www.apsni.org/admin/editor/uploads/files/GAZETI/abkh-geo1.pdf ). 

სამწუხაროდ, პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის მხრიდან საქართველოში არსებული კონფლიქტებისადმი პრიმიტიულმა და მილიტარისტულმა მიდგომამ მხოლოდ უკუშედეგი გამოიღო, რის გამოც 2008 წელს მივიღეთ კიდევ ერთი ომი, რომელმაც გაანადგურა ოს და ქართველ ხალხებს შორის წლების განმავლობაში მიღწეული ნდობის რესურსები; სახელმწიფომ დამატებით დაკარგა როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე აფხაზეთის ტერიტორიები; კიდევ უფრო გაღრმავდა სიძულვილი და უფრო რთულ, თითქმის წარმოუდგენელ ამოცანად იქცა მშვიდობის მშენებლობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობას, ვინც დღესდღეობით პასუხს აგებს მიმდინარე პროცესებზე, გადადგას ქმედითი ნაბიჯები შერიგების, ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით. მრავალმხრივად გაიაზროს საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ინსპირირებული კონფლიქტები, რომელიც მოიცავდა არა მხოლოდ სამამულო ომს, არამედ სამოქალაქო დაპირისპირებას და სისხლისღვრას.

მიგვაჩნია, რომ რუსული ოკუპაცია ერთი-ორად დამღუპველია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის - ყველასთვის, ვინც ახლა იქ ცხოვრობს და ვინც წლების განმავლობაში ბედის ანაბარად ჰყავს მიტოვებული საქართველოს სახელმწიფოს. მავთულხლართები, მიწათხრილები და კედლები, რომლებიც ყოფს ხალხებს ერთმანეთისგან, მხოლოდ ცალმხრივი ძალისხმევით ვერ დაიშლება. როგორც არასდროს, დღეს გადაუდებლად საჭიროა სიძულვილისგან გაყინული გულების გათბობა, წარსულის სიბნელისა და სისასტიკის განეიტრალება მიტევებითა და შერიგებით.

ხოლო, ბოდიშის მოხდას (როგორცერთმა მოქალაქემ მოგვწერა კამპანია „ბოდიშის“ მიმდინარეობისას) „ზოგჯერ, ჩახმახზე თითის დაჭერაზე მეტი ვაჟკაცობა სჭირდება“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები