კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტექნიკური მიმართულება - ბიჭებს, ჰუმანიტარული - გოგონებს

21 ნოემბერი, 2013
 
თამთა თვალავაძე

22 წლის ნიკა ფაჩულიამ წელს ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის  მიმართულება დაამთავრა.  ამბობს, რომ მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მან ეს პროფესია მაინც შეარჩია: „ლექტორებს უკვირდათ და ხშირად მეკითხებოდნენ, თუ რატომ ავირჩიე ჰუმანიტარული მიმართულება, ტრადიციულად, ამ მიმართულებაზე გოგონები  დომინირებენ ხოლმე, ბიჭები მხოლოდ ხუთნი ვიყავით. უნდა ითქვას, რომ ლექტორები გოგონებთან შედარებით შეფასებისას  ლოიალურად  გვექცეოდნენ, ალბათ, მორალურად  მხარს გვიჭერდნენ, რომ  გოგონების გარემოცვაში კომფორტულად  გვეგრძნო თავი. სიმართლე გითხრათ,  თავიდან თავს უხერხულად  ვგრძნობდი, მაგრამ  მალე  შევეჩვიე,“-ამბობს ნიკა ფაჩულია.

საქართველოში  გენდერისა და განათლების ურთიერთმიმართების ფართომასშტაბიანი  კვლევა  არ  ჩატარებულა. თუმცა  გარკვეულ  წარმოდგენებს ჩარიცხულთა მიხედვით  თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველკურსელთა  სიების ანალიზიც მოგვცემს. 2013  წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე ჩარიცხულ პირველკურსელთა 24 % არის მამრობითი სქესის  წარმომადგენელი, ტექნიკურ მიმართულებებზე კი, მთლიანი რაოდენობის   67 % ვაჟებია.  

შრომის სქესობრივი დანაწილების  პრობლემას 1962 წელს გადაღებულ  ქართულ საბჭოთა ფილმში   „თოჯინები იცინიან“  ვხვდებით. ფილმის მთავარი გმირი რეზიკო ბელთაძე  კონსერვატორიის მისაღებ  გამოცდებზე  წარუმატებლობის, შემდეგ მამის მიერ შეთავაზებულ  სამუშაოს თანხმდება და  სათამაშოების ფაბრიკაში იწყებს მუშაობას. ფაბრიკის პერსონალს შორის ის ერთადერთი მამაკაცია და ხშირად ხდება მდედრობითი სქესის განხილვის, ხუმრობის, ინტერესის ობიექტი. რეზიკოსთვის ქალთა გარემოში  მუშაობის  „უხერხულობას“, მხოლოდ ის  ფაქტი ანეიტრალებს , რომ „კიდევ  კარგი ნაცნობი არავინ ხედავს“.

ერთ-ერთი  გავრცელებული  გენდერული სტერეოტიპის მიხედვით, პროფესიების არჩევისას, მასკულინური მიმართულება არის ტექნიკური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო სფეროები, ფემინურ მიმართულებად კი, ჰუმანიტარული მეცნიერებები და პედაგოგიური საქმიანობა მოიაზრება. რა განაპირობებს პროფესიების დაყოფას ქალურ და მამაკაცურ საქმიანობებად?

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ასეთ დიფერენციაციას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებს. ამ თეორიის მიხედვით,  თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფერო, რომელიც მამაკაცებშია განვითარებული,  პასუხისმგებელია სივრცით-ვიზუალურ და მათემატიკურ უნარებზე. მარცხენა ჰემისფერო კი, რომელიც უფრო ქალებშია განვითარებული, ვერბალურ და აღქმით  უნარებს ავითარებს. თუმცა, ამ მოსაზრებას ბევრი ოპონენტიც ჰყავს.  გენდერის სპეციალისტი იდა ბახტურიძე ამ თეორიას მეცნიერულ საფუძვლებს მოკლებულს უწოდებს: „თანამედროვე მეცნიერებამ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ გონებრივ შესაძლებლობებს ბიოლოგია და სქესი განსაზღვრავს. ამიტომ ჰემისფეროების შესახებ მსჯელობაც არ ემყარება სერიოზულ მეცნიერულ მტკიცებულებებს და მხოლოდ სტერეოტიპულ წარმოდგენებზეა აგებული.“

გარდა ბიოლოგიურისა, პროფესიის არჩევისას გენდერულ დაყოფას აღზრდის მეთოდებიც განაპირობებს.  გენდერის სპეციალისტი ნათია გვიანიშვილი განმარტავს, რომ ადამიანის მიერ სქესის იდენტიფიცირების პროცესში ოჯახთან და სოციუმთან ერთად, სოციალიზაციის მნიშველოვანი აგენტები  პედაგოგებიც არიან: „სკოლა და სასწავლო გარემო გაუცნობიერებლად ხელს  უწყობს ამ დაყოფის  ჩამოყალიბებას. ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები თვლიან, რომ ბიჭები უფრო  ნიჭიერები მათემატიკასა და  ტექნიკურ საგნებში არიან, გოგონები კი, ჰუმანიტარულ მიმართულებებში. ეს მოსაზრება ახალგაზრდებს  სკოლის ასაკიდან  უყალიბდებათ  და ხშირად, საუნივერსიტეტო  განათლებას სწორედ ამ მყარად ჩამოყალიბებული გენდერული სტერეოტიპების  მიხედვით ირჩევენ“ - ამბობს გვიანიშვილი. მისივე თქმით, პროფესიების დაყოფას ჩვენს საზოგადოებაში მყარად ჩამოყალიბებული გენდერული როლები და მოსაზრებები განაპირობებს, რაც მამაკაცებისთვის განსაკუთრებული გონებრივი უნარების მინიჭებას გულისხმობს: „ქალს მაინც  ოჯახის შექმნისა და  მასზე მზრუნველობისთვის  ამზადებენ, მისი  კარიერული წინსვლისადმი კი,  ნაკლები მოლოდინია“. 

მამაკაცის მიერ ე.წ.  „ქალური პროფესიის“ არჩევისას, ან პირიქით, ქალის მიერ ე.წ. „მამაკაცური პროფესიის“ არჩევისას ხშირად საქმე გვაქვს სოციუმის მხრიდან გენდერულ საფუძველზე დისკრიმინაციასთანაც.  პოზიტიური დისკრიმინაცია გავრცელებულია მაშინ, როდესაც მამაკაცები ირჩევენ ფემინურ მიმართულებებს. 
„ეს  კაცი  ეცოდებათ, თვლიან, რომ არასწორად  აირჩია პროფესია და ცდილობენ ხელი შეუწყონ მას.  საპირისპირო სიტუაციის დროს კი, ქალის მიერ მასკულინურ სფეროში მოღვაწეობა, მამაკაცების მხრიდან აღქმულია კონკურენციად  და ისინი ასეთი ქალების  წინააღმდეგ ერთიანდებიან ხოლმე.  მამაკეცებისთვის   პოზიტიური  დისკრიმინაცია  ნაკლებად ხელისშემშლელია, ვიდრე ქალებისთვის ნეგატიური დისკრიმინაცია“- აღნიშნავს ნათია გვიანიშვილი.

ნეგატიური  დისკრიმინაციის  მაგალითს იხსნებს თაკო მეშველიანი, თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი: „ერთხელ გამოცდაზე მათემატიკის ლექტორმა მკითხა - „ბიჭებთან შედარებით ჩამორჩენილი, ხომ არ ხართ? ძალიან გიჭირთ?“. სამწუხაროდ, ვგრძნობ ხოლმე ასეთ დამოკიდებულებას ლექტორების მხრიდან, რასაც ვერ ვიტყვი კურსელ ბიჭებზე, მათთან მარტივად ვთანხმდები, რომ წარმატება შრომის შედეგად მიიღწევა და სქესი არაფერ შუაშია.“ 

სასწავლო მიმართულებების და პროფესიების ამგავრად დაყოფას შრომით ბაზარზე არსებული გენდერული სტერეოტიპებიც განაპირობებს. ხშირად, დამსაქმებლი და საზოგადოებაც, გარკვეულ საქმიანობებს კონრეტული სქესისადმი მიკუთვნებულ პროფესიად აღიქვამს. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ კლიშეში არ ჯდებიან და ირჩევენ ისეთ საქმიანობას, რომელიც საზოგადოების აზრით, მათი გენდერული იდენტობისთვის შეუსაბამოა, ხშირად ქილიკისა და განკითხვის ობიექტები ხდებიან.

ახალი ამბები