კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორში გამოკეტილ ბინებს შესაძლოა, ახალი პატრონი გამოუჩნდეს

21 ნოემბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

დაბა ახალგორის იმ ბინებში, რომლებიც 5 წლის განმავლობაში არ გაღებულა და არავის უცხოვრია, შესაძლოა, ცხინვალიდან ჩამოსული პირები შეასახლონ. ამის შესახებ ადგილობრივებმა გვაცნობეს. საქმე ეხება კორპუსის ბინებს. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის 2009 წელს გამოცემული კანონის მიხედვით, „ყველა კომუნალური ბინა სახელმწიფო საკუთრებაა“. Aამავე კანონით, პირს, რომელიც კორპუსის ბინაში ცხოვრობს, ამ ბინის გაყიდვის უფლება არა აქვს. თუმცა, ამის მიუხედავად, დაბაში არსებული ბინა დაბაშივე მცხოვრებ პირზე არაერთმა გაყიდა, ოღონდ, შეიძლება ითქვას, ძალიან მიზერულ ფასად.   

ახალგორში სულ 10-მდე საცხოვრებელი კორპუსია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბინების უმეტესობა გამოცარიელებულია. არის ისეთები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში საერთოდ არ გაღებულა. ზოგიერთ მათგანში ცხინვალიდან სამუშაოდ გამოგზავნილი პირები ქირით ცხოვრობენ. ქირას კი ბინის მეპატრონეს, რომელიც ახლა წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, უმეტეს შემთხვევაში, მეზობლის ხელით უგზავნიან, ან ქირის აღების დღეს ბინის მეპატრონე თავად ჩამოდის ახალგორში, იღებს თანხას და ისევ უკან ბრუნდება.

ასეთი ბინების პატრონებს ახალგორში მშობლიურ სახლ-კარში ან ეზარებათ ჩამოსვლა, ან გარკვეული მიზეზების გამო, ამას ვერ ახერხებენ. მიზეზი კი, ძირითადად, ის არის, რომ პირი ახალგორის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში მუშაობს (თუმცა, ამათგან ზოგიერთები ახერხებენ კიდეც ჩამოსვლას ახალგორში), ან - ქართულ ძალოვან სტრუქტურებში; ანაც კიდევ 90-იანი წლების ეთნოკონფლიქტისას გარკვეული „წვლილი“ გაიღო.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალგორში აღწერა ჩატარდა. ადგილობრივი დე ფაქტო კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მთელი რაიონი შემოიარეს და უკლებლივ აღრიცხეს ისინი, ვინც ადგილზე დახვდათ. 

გარდა იმისა, რომ აღწერამ გამოკეტილი ბინების ჩამორთმევის ეჭვი გააჩინა, ადგილობრივთაგან ზოგიერთი აღწერას იმასაც უკავშირებს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილობრივმა კომუნალურმა სამსახურმა დაბის კორპუსებში ხის კარ-ფანჯრების მეტალოპლასტმასით შეცვლა დაიწყო. ეს სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.    

რაიონში არა მარტო კორპუსის ბინებია გამოცარიელებული, გამოკეტილ-დაკლიტულ კეძო სახლებს აქ უფრო მეტს ნახავთ. უმეტესობას ჭიშკარი და საკეტი ისე აქვს ჩაჟანგებული, რომ მაშინვე მიხვდებით, სახლები წლობით არ გაღებულა და იქ არავის შეუბიჯებია. ამის დასტური ეკალ-ბარდებითა და დიდი ბალახებით სავსე ეზოებიცაა, რომლებიც საკმაოდ უკაცრიელად და მოუვლელად გამოიყურება.
  
ცნობისათვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა და საომარი შეტაკებები არ ყოფილა, ადგილობრივებმა ქსნის ხეობა, პრაქტიკულად, მთლიანად დატოვეს. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაბა ახალგორის მცხოვრებნი წეროვანში ჩაასახლა, რაიონის სოფლების მოსახლეობა კი – წილკანსა და ფრეზეთში. ვინც უარი თქვა საცხოვრებელ ფართზე, მათ ფულადი კომპენსაცია 10 000 დოლარი ეკვივალენტი ლარებში მისცეს. თუმცა, ახალგორელთაგან 1000-ზე მეტი პირი საცხოვრებელი კოტეჯისა და კომპენსაციის გარეშე დარჩა, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოტეჯებისა და კომპენსაციების განაწილების კომისიამ დევნილთათვის განკუთვნილი დახმარება კორუფციული გზით დაარიგა. სწორედ ამ საკითხზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.  

ახალგორელებს ლიახვისხეობელი და აფხაზეთიდან დევნილებისგან განსხვავებით, ერთი დიდი უპირატესობა აქვთ: მათ, თუკი სამგზავრო დოკუმენტი ფორმა 9-ის საჭირო პროცედურები გაიარეს, ახალგორში ჩასვლა, შიძლება ითქვას, თავისუფლად შეუძლიათ. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კორპუსის ბინებში ზოგიერთები დაბრუნდნენ, ოჯახებიც ჩამოიყვანეს და ისევ აქ დაიწყეს ცხოვრება. თუმცა, ასეთი იმდენად ცოტაა, რომ საერთო სურათს მაინც ვერ ცვლის.  

ახალი ამბები