კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერის მოვალეობას შოთა მურღულია შეასრულებს

25 ნოემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   

ქუთაისს ახალი მმართველი ჰყავს. შოთა მურღულია, რომელიც დედაქალაქიდან  რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის  თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრები გამართა, მერის მოვალეობის შესრულებას დღეიდან ოფიციალურად შეუდგება.

"ქუთაისი ჩემთვის პატივსაცემი ქალაქია და მზად ვარ ვიმუშაო მისი კეთილდღეობისთვის. ქუთაისის მხარდამჭერი ვიყავი ყოველთვის, მაშინაც, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახლდით და ვიქნები ახლაც, როცა ვარ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი" - ამ სიტყვებით შეხვდა მედიას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე შოთა მურღულია.  

იგი ქუთაისის მეთერთმეტე მერია ბოლო ათი წლის მანძილზე, რომელიც მერიაში მიმდინარე კონკურსის დასრულების შემდეგ აღნიშნულ თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება. მანამდე კი, მერის მოვალეობას შეასრულებს.

შოთა მურღულია, რომელსაც, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ქუთაისის ინფრასტრუქტურული მიმართულებით განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ქალაქის მართვას საკუთარი გუნდით აპირებს. უკვე დასახელდა მისი ერთერთი მოადგილის ვინაობა. იგი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ნოდარ მიქიაშვილია, რომელიც ყოფილი ვიცე-მერის თენგიზ თოფურიძის ადგილს კონკურსის გავლის შემდეგ დაიკავებს. რაც შეეხება თოფურიძეს, იგი საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გუშინ გადადგა. 

თანამდებობა დატოვა, ასევე, ქუთაისის კიდევ ერთმა ვიცე-მერმა კოტე ლომიძემ, რომელიც ქუთაისის მერად კონკურსის გზით დანიშნული დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან წასვლს შემდეგ მის მოვალეობას 4 ნოემბრამდე ასრულებდა. მას შემდეგ კი, რაც ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს,  მერის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-მერი გია შარაბიძე დაინიშნა. მას ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება 20 ნოემბერს ამოეწურა და კვლავ ვიცე-მერის პოზიციაზე გადაინაცვლა.

გუშინ, სწორედ იმ დროს, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მედიის წარმომადგენლების წინაშე შოთა მურღულიას წარადგენდა, მერიის ადმინისტრაციის შენობის წინ  არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები და მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიაზე განაწყენებული კონკურსანტები გია შარაბიძის გადადგომას ითხოვდნენ: "შარაბიძე დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. ამ ქალაქს არ ჭირდება მონა-მერები და ასეთივე მერის მოვალეობის შემსრულებლები. შარაბიძე და მისი წინამორბედები კი სწორედ ასეთები არიან. ახლა პროფესიონალიზმის და წესიერი ადამიანების დროა", - ამ პათოსით აპროტესტებდნენ აქციის მონაწილეები მერიის ე.წ. "ძველი კადრის" მმართველობას.     

რაც შეეხება შოთა მურღულიას, მის მიმართ ქუთაისში კეთილგანწყობაა. "განათლებული", " მიზამნმიმართული", "კარგი ქუთაისელი"," ახალგაზრდა, თუმცა, საქმის კარგი მცოდნე და პროფესიონალი" - ეს ის ეპითეტებია, რომლებიც მურღულიას  მისამართით ჯერ კიდევ ქუთაისში მის ჩამოსვლამდე ისმოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც მოქმედი, ისე ყოფილი თანამდებობის პირები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უკვე ყოფილ მოადგილეს დადებითად ახასიათებენ და ახალ თანამდებობაზე წარმატებებს უსურვებენ. 

ახალი ამბები