კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

4 დეკემბერი, 2013
 სალომე ჩხეიძე
 
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე,  ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სხდომის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ მერაბიშვილის რამდენიმე მომხრეს დარბაზში წესრიგის დარღვევის გამო დარბაზი დაატოვებინა, რასაც ბრალდებულის პროტესტი და სხდომის დატოვება მოჰყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ  სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  საქმის არსებითი განხილვისთვის გადაცემის შესახებ, მხარეთა მოსაზრებების წარმოთქმის ეტაპზე,  მერაბიშვილმა განაცხადა, რომ  აღნიშნული საქმე არ შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს და მას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს. 

„მინდა მოვუწოდო პროკურორებს, ნუ ამოეფარებიან 26 მაისის დემონსტრაციის დაშლისას დაღუპული პოლიციელის, ვლადიმერ მასურაშვილის სახელს და ნუ გამოიყენებენ მას ჩემს წინააღმდეგ. ეს სამარცხვინოა, მით უფრო, რომ მე მის დაღუპვაში ბრალი არ მედება“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

მერაბიშვილის განცხადებას,  დარბაზში მყოფი მომხრეები ტაშით შეხვდნენ. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს წინა სხდომებზე გაფრთხილებული ჰყავდა საზოგადოება, რომ მსგავსი მოქმედების შემთხვევაში მიმართავდა ზომებს. ამდენად, მოსამართლემ დამსწრეთაგან რამდენიმე პირს სხდომის დარბაზი დაატოვებინა. აღნიშნულზე  ბრალდებულმა მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ტაშის დაკვრით წესრიგი არ დარღვეულა ეს არაკანონიერი გადაწყვეტილებაა და დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

სხდომის დატოვებამდე მოსამართლემ ბრალდებულს ჰკითხა, სურდა თუ არა, საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა, რაზეც მერაბიშვილმა უარი განაცხადა: „მე არ მინდა, დამატებით 12 ადამიანი იქცეს პროკურატურის ზეწოლის მსხვერპლად და გავურთულო ცხოვრება,“ - განაცხადა მან.

სხდომაზე ბრალდების მხარემაც წარმოთქვა სიტყვა:  „საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთიანობა ადასტურებს, რომ მერაბიშვილმა გასცა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ყველა ქუჩის გადაკეტვის ბრძანება, რათა იქ შეკრებილ მომიტინგეებს არ შესძლებოდათ ტერიტორიის დატოვება.   მტკიცებულებები აგრეთვე ადასტურებს, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილეს ძალის გამოყენებით მათი დაშლის შესახებ. ასევე დასტურდება, რომ მათზე განხორციელდა ფიზიკური ანგარიშსწორება და არსებობს უამრავი დაზარალებული. სწორედ ამიტომ, არ უნდა დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის შუამდგომლობა,  ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე“, - განაცხადა პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა.

მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს  გადაეცა და სხდომა 11 დეკემბერს,  12:00 საათზე გაიმართება.

ახალი ამბები