კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტენდერში გამარჯვებული ფირმა ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებს

6 დეკემბერი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

Humanrights.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლანჩხუთში, თამარ მეფის, კვირკველიას, აღმაშენებლის, ნინოშვილისა და ჩხაიძის ქუჩებზე შპს „ტერექსი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს. სამუშაოების შესრულებაზე მილიონ ცხრაასიათასლარიანი ტენდერი იყო გამოცხადებული, რომელიც აღნიშნულმა ფირმამ მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, „ტერექსმა“ სამუშაოები მიმდინარე წლის 4 დეკემბრისთვის უნდა დაასრულოს.

მიუხედავად ამისა, ლანჩხუთის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მერაბ წილოსანი ამბობს, რომ ფირმას სამუშაოების 30%-იც კი არა აქვს შესრულებული: „ხელშეკრულებით შპს-მ სამუშაოები მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს უნდა დაასრულოს. მილიონზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული და ამ დროს ფირმის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას სრულიად არ გრძნობს. გასაგებია, რომ  გადააცილებს დროს, გადაიხდის ჯარიმას, მაგრამ საქმეც ესაა: ამ ფირმისთვის ჯარიმის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს, გადაიხდის ჯარიმას და მერე გააგრძელებს სამუშაოებს. თუმცა აქ საკითხავი ისაა, დეკემბერში დაგებული ასფალტი იქნება ხარისხიანი? ჩვენ ჯარიმის გადახდა კი არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ფირმამ ხელშეკრულებით აღებული პაუსიხსმგებლობა შეასრულოს,“ - გვითხრა წილოსანმა.

აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილსაც: „საუბარია ხუთი ქუჩის ასფალტირებაზე. „ტერექსი“ ნამდვილად ვერ ასრულებს ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობას. ფირმამ მოიგო ტენდერი, გაფორმდა ხელშეკრულება, მაგრამ შესაძლოა ითქვას, რომ სამუშაოები არცკი დაწყებულა. ერთი-ორი გრეიდერი გადაატარეს და ეგ იყო სულ. ფირმის დირექტორს ვურეკავ, მაგრამ ჩემ ზარებს არ პასუხობს. შემდეგ მესიჯიც კი მივწერე, ავუხსენი ვინ ვარ, მაგრამ არავითარი რეაგირება ამას არ მოჰყოლია. იძულებული გავხდი ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავკავშირებოდი. იქ კი მითხრეს, რომ ფირმა შავ სიაში უნდა შევიყვანო, რადგან „ტერექსს“ სხვა რაიონებშიაც ექნება ეს პრობლემა“, - აღნიშნა გიგინეიშვილმა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხელშეკრულებით სამუშაოების შესრულების ვადა მიმდინარე წლის ოთხ დეკემბერს სრულდება: „მილიონის ტენდერი აქვს ფირმას მოგებული და ამ დროს სამუშაოები დაწყებულიც არაა. სამჯერ მივმართე წერილით, რომ შეესრულებინა სამუშაოები და ამაოდ. თავის დროზე ფირმამ ბანკიდან საგარანტიო წერილი მოგვიტანა 50 ათას ლარზე და მერე დაიწყო პროექტის განხორციელებაც. ახლა კი ისღა დაგვრჩენია, რომ საგარანტიოთი მოთხოვნილი თანხა მივიღოთ და ფირმასთან ხელშეკრულება შევწყვიტოთ, ცხადია, კანონიდან გამომდინარე მოვიქცევით. ამის მერე კი სავარაუდოდ, სხვა ფირმასთან გავაფორმებთ ხელშეკრულებას, თუმცა ჯერ ეს ყველაფერი ფინანსთა სამინისტროსთან არის შესათანხმებელი. სავარაუდოდ, ასეც მოხდება, რადგან „ტერექსმა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა,“ – დასძინა გამგებელმა.

Humanrights.ge–მ „ტერექსის“ ხელმძღვანელობასთან დაკავშირება სცადა, მაგრამ ამაოდ. ფირმის დირექტორმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ახალი ამბები