კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს სასამართლოებში ვითარება გაუმჯობესებულია - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები

6 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი     

"უკეთესი, მაგრამ არა კარგი" - ასე აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია  თბილისისა და ქუთაისის საქალაქო  სასამართლოების მუშაობას სისხლის სამართლის საქმეთა მიმართულებით.  

ორგანიზაციამ აღნიშნული სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც 2013 წლის იანვარ-ივნისის პერიოდს მოიცავს და საქმეებზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაკვირვებას ითვალისწინებს.

"ბოლო ექვსი თვის პერიოდში სისხლის სამართლის მოსამართლეებმა საქმეების განხილვისას შედარებით მეტი ობიექტურობა გამოავლინეს, ვიდრე წინა პერიოდში. ანუ, არის წინსვლა ამ მიმართულებით. წინა წლებთან შედარებით, მოსამართლეებმა  წინასასამართლო სხდომაზე ნაკლებ შემთხვევაში გამოიყენეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა და უფრო ხშირად - გირაო", - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტები.

როგორც ირკვევა, წინსვლაა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების კუთხითაც. კვლევის მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეებმა გაცილებით ნაკლები დაუსაბუთებელი შუამდგომლობა დააკმაყოფილეს, რომლებიც პროკურორების მიერ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას შეეხებოდა. 

საპროცესო შეთანხმება კი, რომელიც წინა წლებში საქართველოს სასამართლოების აქილევსის ქუსლად ითვლებოდა,  იურისტთა განმარტებით, ამჯერადაც პრობლემად რჩება: "საპროცესო შეთანხმებების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით არ შეცვლილა (საუბარია ბოლო ექვსი თვის პერიოდზე). თუმცა, სხვა ტენდენციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ნამდვილად შეიმჩნევა. თუნდაც ის, რომ პროკურატურა ნაკლებ შემთხვევაში ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას და თავად სასამართლოც ნაკლებ შემთხვევაში უფარდებს პატიმრობას, როგორც აღკვეთი ღონისძიების სახეს. იგი მეტ შემთხვევაში იყენებს გირაოს. ამავე დროს ცვლის შეფარდებული გირაოს ოდენობას. ვგულისხმობ, თუ აქამდე სასამართლო საერთოდ არ ცვლიდა და ისე აკმაყოფილებდა პროკურატურის შუამდგომლობას და იმ ოდენობით გირაოს უფარდებდა, რასაც  პროკურატურა ითხოვდა, ახლა ისე აღარ ხდება და ამცირებს რაოდენობას. ასევე, თუ პროკურატურა ითხოვს პატიმრობას, სასამართლო უფარდებს გირაოს", - ამბობს საიას იურისტი,  "სასამართლოების სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის" პროექტის კოორდინატორი თამარ გვარამაძე. 

გვარამაძე მიიჩნევს, რომ კვლავ პრობლემად რჩება ის საკითხი, რომ საქართველოს, ამ შემთხვევაში კი, ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართოებში მხოლოდ ორი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ხდება - პატიმრობა და გირაო და სასამარლო არ იყენებს სხვა სახის ალტერნატიულ ღონისძიებებს: "სასამართლოებმა უნდა ისარგებლოს მათი უფლებით აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და გამოიყენონ ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები (ალტერნატიული ღონისძიებები, პატიმრობის და გირაოს გარდა). მათ ასევე უნდა მოითხოვონ პროკურატურისგან აღკვეთის ღონისძიების უფრო მეტი დასაბუთება და პროკურატურას დააკისრონ მტკიცების ტვირთი, რათა თავიდან ავიცილოთ თავისუფლების უკანონო და თვითნებური შეზღუდვა" - ეს უკვე რეკომენდაციებია, რომელიც საიამ მონიტორინგის შედეგად მოამზადა და შესაბამის უწყებებს გადასცა.  

"პრობლემაა ასევე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღების კუთხითაც. მართალია, პატიმრობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების კუთხით გაუმჯობესებულია ვითარება, მნიშვნელოვნად შემცირებულია დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების რაოდენობა, თუმცა, მომატებულია გირაოს ნაწილში. ვფიქრობთ, კანონი უნდა შეიცვალოს, რათა გაფართოვდეს მოსამართლის უფლებამოსილება ბრალდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, აუცილებელია, რომ ადვოკატები აქტიურად ახორციელებდნენ დაცვის უფლებას ", - განმარტავს თამარ გვარამაძე. 
როგორც ირკვევა, სასამართლოს პრაქტიკაში ჯერ კიდევ ბევრი საკითხია დასახვეწი. მათ შორის ბრალდებულის გამართლების საკითხი. მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის პერიოდში დასრულებული 84 საქმიდან (69 საპროცესო შეთანხმებით და 15 არსებითი განხილვის შედეგად) სასამართლოს მიერ ბრალდებული მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში იქნა გამართლებული.  

ახალი ამბები