კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უამინდობის გამო ბათუმი პარალიზებული იყო

13 დეკემბერი, 2013
 
ქეთი ლაბაძე, აჭარა

9 დეკემბერს დაწყებული დიდთოვლობის გამო ორი დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ბათუმს, ამის გამო ქალაქი პარალიზებულია, ელექტროენერგია ამდრომდე არ მიეწოდება ბათუმის მახლობლად მდებარე სოფლებს. 

"ენერგო პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანიის აბონენტთა 8%-ს ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება: "უამინდობა გვიშლის ხელს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილამდე ვერ მივდივართ და ამიტომ არის, რომ დღემდე არ არის აღდგენილი. დღის განმავლობაში თუ ამინდმა არ შეგვიშლა ხელი, რაიონული ცენტრების დატვირთვა მაინც დაიწყება ეტაპობრივად”, – აცხადბენ კომპანიის პრესსამსახურში.

ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია იმ ორი მაღალი ძაბვის ანძის დაზიანებამ, რომლებიც სახელმწიფო ელექტროსისტემის მფლობელობაშია. მის შეკეთებაზე პასუხისმგებელი კი, "ენერგო პრო ჯორჯიაა“.

ორდღიანი უშუქობის შედეგად ქალაქი ბათუმი პარალიზებული იყო, საჯარო დაწესებულებებმა შეწყვიტეს მუშაობა, შეჩერდა სასწავლო პროცესი, მუშაობას შეფერხებით აგრძელებდნენ ბანკები და საავადმყოფოები. ავტომობილებს ექმნებოდა გადაადგილების პრობლემები, რის გამოც ხშირად იქმნებოდა ავარიული სიტუაციები.

უშუქოდ დარჩენილ ქალაქში შეშაზე ფასებმა იმატა, ერთი ტომარა შეშა, რომლის ფასიც 3-4 ლარი იყო, ექვს ლარამდე გაიზარდა. შეშის გამყიდველები ამბობენ, რომ შეშის ბაზარზე უკვე დეფიციტია, ამასთან,  ცივი ამინდის გამო ბათუმში რეზინის დათბილული ფეხსაცმლის ფასმა 35 ლარიდან 70-მდე მოიმატა.  

"შეშის ღუმელს ვიყენებ, პატარა ბავშვი მყავს სხვა რა გზა მქვს, ჩემი ნაცნობების უმეტესობას სითბო არ ჰქონდა. ბავშვი ბაღში არ დამყავდა რადგან გათბობა ბაღებში არ იყო." - ამბობს გულნარა ლეფსაია. მისგან განსხვავებით ნინო კვაშილავას მთელი ამ დროის გატარება სიცივეში მოუხდა: "მე ვარ აფხაზეთიდან დევნილი, პროგრამის ფარგლებში დევნილთა სამინისტრომ შეგვასახლა ერთ-ერთ ობიექტში, მთელ კორპუსს სამი დღის განმავლობაში შეგვექმნა ეს პრობლემა, ელექტროენერგიით ვთბებით, გაზის შემოყვანა დაწყებულია, თუმცა რაღაც პრობლემები შეიქმნა ტექნიკური და ორი წელია გააჩერეს. რამდენიმე მეზობელმა დადგა ელექტრო გამათბობელი, ოჯახებით შევდიოდით მათთან და ვთბებოდით, ბავშვები მხოლოდ დაძინების შემდეგ გადაგვყავდა ჩვენს ბინაში და ვაწვენდით საწოლში. უშუქობის გამო საცხობები არ მუშაობდა რის გამოც პურის საყიდლად რამდენიმე მაღაზიის მოვლაც გვიწევდა"

9 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში დიდი თოვლის გამო სათბური ჩამოიშალა, შემთხვევას 2 ქალბატონი ემსხვეროლა, 5 ადამიანი კი ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შს მთავარი სამმართველოს  უფროსი ვალერი თელია რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია: “სათბურში მუშაობდა 39 ადამიანი, გამოვიძახეთ პოლიცია და სამაშველო სამსახური,  მათ გამოიყვანეს მოქალაქეები სათბურიდან, 5 არის გადაყვანილი საავადმყოფოში. ამ დროისთვის უკვე დაიწყო გამოძიება და მიზეზებს აუცილებლად დაადგენს”, -  განაცხადა თელიამ.

ახალი ამბები