კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორელების ნაწილი ოსური პასპორტის აღებას უკვე ნანობს

16 დეკემბერი, 2013
 
მარი ოთარაშვილი ახალგორიდან

ახალგორში მცხოვრები ის პირები, რომლებმაც ოსური პასპორტი აიღეს, შეშფოთებულები არიან. მათ ამგვარ განწყობას ის იწვევს, რომ ახალი წლების შემდეგ შესაძლებელია თბილისისკენ გამომგზავრება ჩვეულებრივ, ადმინისტრციული საზღვრით კი არ მოუწიოთ, არამედ ლარსიდან.
 
“რახან ოსური პასპორტი მაქვს, სამხრეთ ოსეთის მოქალაქედ ვითვლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი წლის შემდეგ როგორც “მოქალაქემ”, მოსაბრუნის (ახალგორის რაიონის სოფელი, სადაც დე ფაქტო საზღვარი გადის) გზით კი აღარ უნდა ვიარო თბილისში, არამედ ლარსიდან! იმიტომ, რომ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები თბილისში იქედან დადიან,“ – ამბობს ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთი ახალგორელი ქალბატონი.

ყოველივე ამის შესახებ ახალგორში ხმები სწორედ ახლახან გავრცელდა. თუკი რამდენიმე თვის წინ ოსური პასპორტი ყველა ახალგორელისთვის სასურველი დოკუმენტი იყო და მის გამო ოსურ მილიციასთან რიგებიც კი იდგა, ახლა უკვე პასპორტის მქონე პირებს პასპორტის აღება სანანებელი გაუხდათ.    

ცნობისათვის, ოსური პასპორტი თითქმის ყველა ახალგორელ პენსიონერს აქვს, ასევე - ცხინვალის ბიუჯეტზე არსებული ორგანიზაცია-დაწესებულების თანამშრომლებსაც. თავიდან, პასპორტების გაცემის საწყის ეტაპზე, არანაირი პირობა-მოთხოვნა არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც ოსური პასპორტი ბევრისთვის ერთობ სასურველი და მიმზიდველი (პენსია თუ ხელფასის გამო, ასევე გადაადგილებისთვის) გახდა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები სანაცვლოდ, განცხადებას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის ტექსტით და ქართული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარებას ითხოვდნენ.

მსურველების დიდმა ნაწილმა განცხადება და ქართული პირადობა ჩააბარა კიდეც, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობენ. ამ დროისათვის ოსური პასპორტი ახალგორელების დაახლოებით 60%-ს აქვს აღებული. 

ასეთებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ახალგორის ოსურ მილიციაში ჩაბარებული არ აქვთ. მათ, თავად ახალგორელების ცნობით, ოსური პასპორტის აღებისთვის გარკვეული თანხაც (დაახლოებით 300 დოლარი) აქვთ გადახდილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზაფხულში ადგილობრივი პენსიონერებიდან სწორედ ოსურ-რუსული პენსიისთვის ოსური პასპორტის აღება ზოგს გაუძნელდა, ზოგმა საერთოდ ვერ აიღო.

დე ფაქტო ძალოვანები მიხვდნენ იმას, რომ თუკი პირი საპასპორტო მაგიდაზე ერთი ჯიბიდან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას დებდა, მეორე ჯიბეში მისი შემცვლელი აი-დი ბარათი ედო. ამიტომაც, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სექტემბერში ახალი წესი შეოიღეს: პირადობის მოწმობასთან ერთად პირს საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან ცნობა უნდა მიეტანა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ოფიციალურად ამბობდა. ამან პასპორტოზაციის პროცესი შეაჩერა, რაც ფაქტობრივად 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა.

ახალგორში ოსური პასპორტიზაციის პროცესი კვლავ განახლდა. ახლა უკვე მისი აღება თითქმის ყველა მსურველს პრაქტიკულად თავისუფლად შეუძლია. 

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ოსური პასპორტის მქონე პირს, მისი შემცვლელი დოკუმენტი ფორმა9 აღარ აქვს. ორივე დოკუმენტი დე ფაქტო საზღვარზე გადაადგილებისთვის არის საჭირო. მათ შორის ის სხვაობაა, რომ ოსური პასპორტის მქონე პირი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “მოქალაქედ” მიიჩნევა, ფორმა9-ის მქონე კი არა. ორივე მათგანი მხოლოდ იმ პირზე გაიცემა, ვინც ოფიციალურად ჩაწერილია ახალგორში. ოსური პასპორტის ამღები პირი ფორმა9-ს ოსურ მილიციას აბარებს. 

შეიცვლება თუ არა ახალი წლის შემდეგ საგზაო რეგულაციები ახალგორის მიმართულებით – ამის შესახებ ცხინვალელი მაღალჩინოსნები ჯერ არ საუბრობენ.   

ახალი ამბები