კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

16 დეკემბერი, 2013
 
სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლომ კვირას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მთავარი პროკურორის მოადგილეს, დავით ჩხატარაშვილს, რომელიც 7 დეკემბერს იქნა დაკავებული.

ჩხატარაშვილს, რომელიც 2010–2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, პატიმართა არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და დანაშაულის პროვოცირება ედება ბრალად.

ამ საქმეზე ყოფილ იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს მსგავსი ბრალდებები აქვს ასევე წაყენებული იმ ციხის სკანდალთან დაკავშირებით, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდა ადგილი, როდესაც ტელევიზიებმა პატიმართა წამების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს. მაგრამ ამ კადრების გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, 2012 წლის 18 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ნაჩვენებია ციხის ბადრაგის მიერ პატიმრის ცუდი მოპყრობა. მაშინ შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ციხის ბადრაგი ქართულმა ოცნებამ მოისყიდა, რომელიც იმ დროს ოპოზიციაში იყო, რათა პატიმრები ეცემათ და ეს გადაეღოთ, არჩევნების წინ ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით.

პროკურატურის მტკიცებით, ეს კადრები ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით და დაკვეთით დაიდგა მას შემდეგ, რაც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა სექტემბრის დასაწყისში შეიტყო ინფორმაცია, რომ არსებობდა გლდანის ციხეში გადაღებული პატიმართა ცემისა და წამების ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა არჩევნების წინ გამოქვეყნებულიყო. გამოძიების განცხადებით, 17 სექტემბერს - სკანდალური კადრების გავრცელებამდე ერთი დღით ადრე, ადეიშვილმა თავის კაბინეტში დაიბარა მაშინდელი მთავარი პროკურორის მოადგილე დავით ჩხატარაშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა, რომელმაც თანამდებობა პატიმართა არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების კადრების გავრცელების დღესვე დაკარგა. პროკურატურის ინფორმაციით, ადეიშვილმა ჭაკუას  დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდნელ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი არ შეეფერებოდა სინამდვილეს და გადაღებული იყო „ქართული ოცნების“ დავალებით გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ იმისთვის, რომ მაშინდელი ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიდგომოდა.

2013 წლის იანვარში სასამართლომ ადეიშვილის დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა; ადეიშვილი, რომელმაც საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ინტერპოლით იძებნება.

იმ დროს მურთაზ ზოდელავა იყო მთავარი პროკურორი, ხოლო ჩხატარაშვილი მისი მოადგილე. ზოდელავა 8 დეკემბერს სასამართლო მოსმენას დაესწრო; მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ მისი სხდომაზე დასწრების მიზეზი ის იყო, რომ ჩხატარაშვილი მისი მეგობარია.

პროკურატურამ განაცხადა 7 დეკემბერს, რომ გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება „დანაშაულში მონაწილე სხვა  პირების დადგენა-გამოვლენის მიზნით“.

ახალი ამბები