კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობა იმერეთში არადამაკმაყოფილებლადაა შეფასებული

24 დეკემბერი, 2013
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის წელიწადნახევრიანი მუშაობის მანძილზე მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობით არაერთი ორგანიზაცია დაინტერესდა. ჩატარდა კვლევები, რომლის საფუძველზე არცთუ სახარბიელო შედეგი დაიდო -წინასწარი დაპირებების მიუხედავად, მაჟორიტარები, მათი ბიუროები არადამაკმაყოფილებლად მუშაობენ, ამომრჩევლების საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატისგან მეტ ყურადღებას და ქმედუნარიანობას  ითხოვენ. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"იმ ორგანიზაციათა შორისაა, ვინც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების, მათი ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. 2013 წლის 30 სექტემბერს ორგანიზაციამ ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულის, ბაღდათის, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს წერილობით მიმართა და მაჟორიტარებისა და მათი ბიუროების მიერ მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების, ასევე, ამ შეხვედრების შედეგად გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე მაჟორიტარი დეპუტატების მიერ პარლამენტში ან მთავრობაში ინიცირებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა.

"პრობლემების იდენტიფიცირების მიუხედავად, ფინანსური რესურსის არარსებობის გამო მაჟორიტარის ბიურო კონკრეტული ქმედებების განხორციელების შესაძლებლობას მოკლებულია. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეების პრობლემის მოგვარება სხვა სახელმწიფო ორგანოში (ადგილობრივი თვითმმართველობა) გადამისამართების ან მაჟორიტარის პირადი კონტაქტების ხარჯზე ხდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ არ ხორციელდება აღმოჩენილი პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება. რაც შეეხება ინიცირებულ ცვლილებებს, ისინი ჯგუფური ხასიათისაა და დეპუტატების ინდივიდუალურ მუშაობას არ ასახავს"- აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშში.

ორგანიზაცია დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები ხვდებიან ამომრჩეველს და ეცნობიან მათ საჭიროებებს: „თუმცა, ფაქტია, რომ მაჟორიტარის მოვალეობა მხოლოდ მოსახლეობასთან შეხვედრებითა და მათგან ინფორმაციის მიღებით არ შემოიფარგლება. სამწუხაროდ, ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა მიერ შესაბამისი უწყებების მიმართ წარდგენილი ინიციატივები რეგიონში არსებული პრობლემების პროპორციული არ არის“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ამომრჩეველთან შეხვედრებით, რომელსაც ადეკვატური ინიციატივები და ქმედებები არ ახლავს, მაჟორიტარი დეპუტატის ფუნქციების სრულფასოვნად განხორციელება და ამომრჩევლების პრობლემების გადაჭრა ვერ მოხდება.

მაჟორიტარების მხრიდან ამომრჩევლის მიმართ არასაკმარის კომუნიკაციაზე, ასევე, ბიუროების არადამაკმაყოფილებელ საქმიანობაზე მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" კვლევაც, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრი 22 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალია ჩართული. 

„მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების საქმიანობის კვლევა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სხვადასხვა რეგიონებში პრობლემების კვლევისას გაირკვა, რომ მაჟორიტარები არ მონაწილეობენ, ან არასრულფასოვნად არიან ჩართული იმ ოლქების ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, სადაც მათ ამომრჩეველმა ნდობა გამოუცხადა"- ამბობს "სიდას" ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი.
 
"ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს, რომლის შედეგად მის ხმას პარლამენტში სწორედ მაჟორიტარი წარმოადგენს. ბუნებრივია, მას  იმედი აქვს, რომ ის პრობლემები, რაც  ყოველდღიურობაზე აისახება, სწორედ მისი, მაჟორიტარის დახმარებით მოგვარებული იქნება. იმისათვის, რომ არჩეულმა პარლამენტარმა დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ შეასრულოს, როგორც მან, ისე მისმა ბიურომ და ამ ბიუროს სრულმა შემადგენლობამ უნდა იცოდეს რა უფლებამოვალეობები აქვთ ხალხის, ამომრჩევლის წინაშე. სამწუხაროდ, როგორც გამოიკვეთა, მათ ეს ხშირად არ იციან. ასევე, არსებობს პრობლემები კომუნიკაციის მხრივაც. თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით, არის წინსვლა ამ მხრივ. კერძოდ, თუ აქამდე მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარ კაბინეტებში, და შესაბამისად, მათ საქმიანობაში არ გვახედებდნენ, დღეს უკვე თანამშრომლობასაც გვთავაზობენ", - ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში აღნიშნული კვლევის ერთერთი თანაავტორი ორგანიზაცაციის, საიას ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია. იგი ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან გაფორმებულ თანამშრომლობის მემორანდუმზე საუბრობს და იმედოვნებს, რომ ამ მიმართულებით ვითარება თანდათან დაიხვეწება. შესაბამისად, გააქტიურდებიან როგორც ქუთაისის, ისე სხვა ოლქის მაჟორიტარების   ბიუროები და თავად მაჟორიტარებიც, რომლებიც ანგარიშვალდებული არიან ამომრჩევლის წინაშე. ამ ანგარიშვალდებულებას კი, პარლამენტის დებულება "მაჟორიტარი სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ არეგულირებს. თითოეული მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველთვიურად 5 ათასი ლარი უჯდება. 

ახალი ამბები