კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლების უხარისხობას უჩივიან

9 იანვარი, 2014
 
მაკა მალაყმაძე, აჭარა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ეტლების ხარისხით უკმაყოფილონი არიან.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ტენდერში იმ კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც ეტლების მიწოდებისათვის ნაკლები თანხა მოითხოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“ ბათუმში რამდენიმე თვეა დაარსდა. მისი ხელმძღვანელი თამაზ მჟავანაძე აცხადებს, რომ მას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა  ეტლების უხარისხობის გამო მიმართეს: „მათი განცხადების საფუძველზე, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა ეტლების ხარისხთან დაკავშირებით. ეტლები მიუხედავად იმისა, რომ 1 წლის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ, ერთ თვეში ფუჭდება. “

ამირან შაინიძე რამდენიმე წელია იყენებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილ ეტლს.  ხარისხით ისიც უკმაყოფილოა: „მასალა არის ძალიან თხელი, იოლად ტყდება. ხან ბორბალი ტყდება ეტლს და ხან რა. ხანდახან „ვასვარკებ“ კიდეც. რამდენჯერაც მივიღე, ყოველ 15 დღეში მიფუჭდება. შემდეგ ვეძებ ხოლმე ახალ ეტლს. თუ ვინმე გარდაიცვალა და ეტლი აღარ სჭირდებათ იმათ ვთხოვ ხოლმე, ან ჩემი სახსრებით ვყიდულობ“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების საიტზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სავარძელ-ეტლების შესაძენად ტენდერი 2013 წლის 22 აპრილს გამოაცხადა. 100 ცალი ეტლის შესაძენად სამინისტრომ 300 ათასი ლარი გამოყო. მასში მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო. საწყის ეტაპზეც და ვაჭრობის სამი რაუნდის შემდეგაც, ყველაზე დაბალი ფასი შპს „თბილისი მედიკ“-მა შესთავაზა. კომპანიამ სამინისტროს 1 ეტლი  174ლარად და 90 თეთრად მიაწოდა. ეს ტენდერის საწყისი ფასის თითქმის ნახევარია.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შპს „თბილისი მედიკ“-ს დაუკავშირდა. მისმა დირექტორმა ლევან ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ტენდერი მომგებიანი არ იყო: „თურქული ეტლები იყო. ტენდერი მომგებიანი არ ყოფილა ჩვენთვის, მაგრამ მივიღეთ მონაწილეობა. მომავალში ამ ფასად აღარ ვაპირებ მონაწილეობის მიღებას“.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ხათუნა კოჩაძე აცხადებს, რომ სამინისტრო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს: „ტენდერში გაიმარჯვა იმ კომპანიამ, რომელმაც ნაკლები ღირებულება შემოგვთავაზა. ხარისხთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში მითითებულია 2 წლიანი საგარანტიო ვადა. თუკი რამე დეფექტი ექნება ეტლს, შეუძლიათ წერილობით მოგვმართონ, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა.“

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის“ სამინისტროს ეტლების ნაცვლად, შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირებს 300 ლარიანი ვაუჩერის გადაცემა შესთავაზა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეეძლებათ აღნიშნული ვაუჩერით, თვითონ შეიძინონ მათთვის სასურველი თანხისა და ხარისხის სავარძელ-ეტლები. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

ახალი ამბები