კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ ყოფილი სამართალდამცავები წამების საქმეზე პასუხისგებაში მისცა

16 იანვარი, 2014
 
სივილ ჯორჯია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად სისხლის სამართლის რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით იძებნება, ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მისაღებად პატიმრის წამების ფაქტზე პასუხისგებაში მიეცა.

მეგის ქარდავა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის მიერ იძებნება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს  უფროსის მოადგილე იყო 2011 წელს. ქარდავას წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები 21 წლის ელდარ ქობალიას უკავშირდება, რომელიც პოლიციამ 2011 წლის 2 აპრილს დააპატიმრა სამეგრელოს რეგიონში და რომელიც ცხრა დღის შემდეგ ციხეში გარდაიცვალა.

გალის რაიონის მკვიდრი ელდარ ქობალია სოფელ ინგირში დააპატიმრეს, როდესაც ის ნათესავებს სტუმრობდა.

8 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ    ელდარ ქობალია დაპატიმრების შემდეგ გადაიყვანეს ზუგდიდის პოლიციის შენობაში, სადაც „აწამეს, მოუწყვეს სქესობრივი ძალადობის ინსცენირება და მეგის ქარდავა  გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად თხოვდა ტერორისტული აქტის მომზადების აღიარებას“. ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებები გამოგონილია და ყალბ ჩვენებებს ეფუძნება.

იმ დროს, როდესაც ქობალია დააკავეს, რამდენიმე ადამიანი უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში თბილისში და სამეგრელოს რეგიონში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით. თბილისში 2010 წლის ნოემბერში ორი აფეთქება მოხდა სხვადასხვა ადგილას; ერთ–ერთს ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა. იგივე პირები დაადანაშაულეს 2010 წლის სექტემბერში აშშ–ის საელჩოს მახლობლად მომხდარ აფეთქებაში; მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ჯგუფი აფხაზეთში მომსახურე რუსი სამხედრო ოფიცრის მითითებებით მოქმედებდა.

მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 2011 წლის 5 აპრილს, გამთენიისას ნაცემი და ნაწამები ელდარ ქობალია ზუგდიდიდან გადაყვანილი და შესახლებული იქნა „მოდულის“ შენობაში განთავსებულ თბილისის N1 დროებითი მოთავსების იზოლატორში და შემდეგ გლდანის ციხეში.  მთავარი პროკურატურის განცხადებით, ქობალია 6 დღით გააჩერეს ე.წ. „ფუქსებში“, რომელიც წარმოადგენდა გისოსებიან ოთახს და პატიმართა მხოლოდ რამდენიმე საათით მოთავსებისათვის  გამოიყენებოდა, ვინაიდან არ იყო აღჭურვილი ცხოვრებისთვის აუცილებელი მინიმალური პირობებით. 2011 წლის 11 აპრილს, პროკურატურის განცხადებით, ქარდავამ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ გაგა მკურნალიძემ ქობალია აწამეს, მათ შორის ელექტროშოკის გამოყენებით, რამდენიმე საათის განმავლობაში. მკურნალიძე ამჟამად სასჯელს იხდის პატიმართა წამების სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. მკურნალიძეს დამატებითი ბრალდებები წაუყენეს ქობალიას საქმესთან დაკავშირებით. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ქობალია 2011 წლის 11 აპრილს ციხეში გარდაიცვალა.

ქობალიასთან ერთად, 11 აპრილს ასევე აწამეს იმავე ციხის კიდევ ორი პატიმარი, მერაბ ყოლბაია და კობა მატკავა, რადგანაც მეგის ქარდავა მათგან ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარების მოპოვებას ცდილობდა, განაცხადა მთავარმა პროკურატურამ.

მერაბ ყოლბაია იმ პირთა შორის იყოს, რომელთაც 2011 წლის ივნისში ხანგრძლივი პატიმრობა შეეფარდათ მას შემდეგ, რაც სასამართლომ ისინი თბილისსა და დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობაში დამნაშავეებად ცნო.  მართალია პირველ ინსტანციაში გამართული მოსმენების დროს, რომელიც დახურულ კარს მიღმა 2011 წელს შედგა, ყოლბაიამ თავი დამნაშავედ ცნო, მაგრამ თითქმის ერთი წლის შემდეგ, როდესაც საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა, ყოლბაიამ მოსამართლეს ხელახალი დაკითხვა სთხოვა, რადგანაც განაცხადა, რომ მისი თავდაპირველი აღიარება წამების შედეგად იქნა მოპოვებული; მოსამართლემ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა და ქვედა ინსტანციის განაჩენი ყოლბაიასთვის 30–წლიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის მაისში ძალაში დატოვა. 2012 წლის ამნისტიის და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, მისი პატიმრობის ვადა შემცირდა და მას ახლა ცხრა წელი აქვს მოსახდელი. 2013 წელს მან პროკურატურას ჩვენება მისცა მის წამებასთან დაკავშირებით.

მეგის ქარდავასთვის ამ ახალი ბრალდებების წაყენებამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, მას 26 დეკემბერს სხვა, თუმცა მსგავს საქმეზე წაუყენეს ბრალი, რომელიც ეხებოდა მალხაზ არქანიას წამებას 2011 წელს ტერორიზმში მონაწილეობის აღიარების მოსაპოვებლად. მალხაზ არქანია 2011 წელს დააპატიმრეს და ნარკოტიკებთან დაკავშირებით წაუყენეს ბრალი. იგი შარშან გაათავისუფლეს პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც მისი პატიმრობის ვადა ამნისტიის შედეგად შემცირდა.  2012 წლის სექტემბერში გლდანის ციხეში  სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელებამდე 1 წლით და სამით თვით ადრე, არქანიამ წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა 2011 წლის ივნისში გაასაჯაროვა, დაწერა ამ ციხეში წამების და გაუპატიურების შემთხვევების შესახებ.

ადვოკატმა ლექსო არქანიამ, რომელიც ელდარ ქობალიას ოჯახის ინტერესებს იცავს, განაცხადა 9 იანვარს, რომ ოჯახი ქობალიას გვამის ექსჰუმაციის და ექსპერტიზის წინააღმდეგი არ იქნება, რათა დამატებითი მტკიცებულება იქნას მოპოვებული მის წამებასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ქობალიას ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ქუსლის ძვლები ჩამსხვრეული. მისი თქმით, 2011 წელს მას რამდენიმე დღე დასჭირდა, სანამ გაარკვევდა, თუ თბილისში სად დაკრძალეს ქობალია, რადგანაც მაშინდელი ხელისუფლება თავს იკავებდა ინფორმაციის გამხელისგან და ოჯახსაც კი ემუქრებოდა, რომ ქობალიას სიკვდილი არ გაემხილათ. მისი გვამი თბილისიდან მის მშობლიურ სოფელში გადაასვენეს გალის რაიონში. ადვოკატმა მოუწოდა საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს, რომ დაუკავშირდნენ სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებას ქობალიას გვამის ექსჰუმაციის და ექსპერტიზის დაგეგმვის მიზნით.

მთავარი პროკურატურის მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2011 წლის 2 აპრილს, როდესაც ელდარ ქობალია ზუგდიდის პოლიციაში მიიყვანეს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა. „გამოძიება აგრძელებს მუშაობას ზუგდიდში ე.ქობალიას მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების ჩამდენი პირების ბრალეულობის დასადგენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი უფროსი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მიეცა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, აცხადებს მთავარი პროკურატურა. მუხაძე ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მას საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლი ეძებს.

ახალი ამბები