კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის აგრარული ბაზარის მოვაჭრეთა გამოუვალი მდგომარეობა

20 იანვარი, 2014
 
კატო ქოთოლაშვილი, შიდა ქრთლი

მესამე დღეა გორის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები აქციებს მართავენ. ისინი ბაზრის ადგილმდებარეობის შეცვლას აპროტესტებნენ. სიტუაციაში გარკვევის და დარეგულირების მიზნით, მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფს ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველდღიურად ხვდებიან. 16 იანვრის შეხვედრის შემდეგ მოვაჭრეებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს. ისინი გორის ადმინისტრაციული შენობიდან ფეხით დაიძრნენ ავტობანისკენ. მობილიზებული იყო შიდა ქართლის სამხარეო და საპატრულო პოლიცია ხელმძღვანელობასთან ერთად. მოვაჭრეებმა რამდენჯერმე სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და მთელ პერიმეტრზე კორდონი მოაწყვეს. გზის გადაკეტვის ერთ-ერთი მცდელობისას საპატრულო პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო, აქციის მონაწილე უშანგი ბაშარული დააკავა. ის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, საიდანაც პრესცენტრის ინფორმაციით, სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. 

აქცია ცენტრალურ ავტომაგისტრალთან 4 საათის მანძილზე მიმდინარეობდა. მოვაჭრეები დაშლას არ აპირებდნენ და აცხადებდნენ, რომ საკუთარი მოთხოვნის გასაჟღერებლად თბილისამდე ჩავიდოდნენ. მთავარი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდათ ბაზრის ადგილმდებარეობის შეცვლა არის ის, რომ ახალი ბაზარი ქალაქიდან მოშორებითაა და მყიდველი ნაკლებად ეყოლებათ, რაც მათ ეკონომიკურ მდგომარეოაზე უარყოფითად აისახება.

დალი ქალდანი: „თითოეული ჩვენგანის უკან 5-6 ადამიანია.მე მაგალითად 4 მცირეწლოვანი შვილიშვილი მყავს სარჩენი. კრედიტები გვაქვს  აღებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალი ბაზარი ჩვენს შემოსავალს ისე შეამცირებს, რომ ვალებში ჩავვარდებით, იქ გადასვლა ჩვენთვის თვითმკვლელობას ნიშნავს. მაღაზიის ასაღებად 1800 ლარია საჭირო, ყოველთვიური გადასახადიც მეტია, ყოველდღიური „ჩეკიც“ მეტია ვიდრე აქ გვაქვს, ამიტომ ყოვლად წარმოუდგენელია ჩემთვის იქ გადასვლა“. 

კიდევ ერთი არგუმენტი არის ის, რომ ახალი ბაზრის ტერიტორია მოწყობილია სამხედრო ბაზასთან ახლოს, მოვაჭრეთა ნაწილს მიაჩნია, რომ ასეთი ხალხმრავალი დაწესებულება სტრატეგიული დანიშნულების ობიექტთან ახლოს არ უნდა იყოს: „ჩვენ ერთი წლის წინ წერილი მივწერეთ ირაკლი ალასანიას უწყებას და ვითხოვდით, რომ რეაგირება მოეხდინათ ამ ფაქტზე. ყოვლად წარმოუდგენელია სამხედრო ბაზასთან სავაჭრო დაწესებულების არსებობა. ვერ გააკონტროლებენ ვინ შემოვა და ვინ გავა. ჩვენი უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სესილი გოლოშვილი.

ადგილზე მხარის გუბერნატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს მოვაჭრეთა არგუმენტები და საკუთარი ხედვა გაუზიარეს საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მზად არიან მედიატორის ფუნქცია შეასრულონ ბაზრის მესაკუთრესთან: „იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარი არის კერძო საკუთრება, ჩვენ არ გვაქვს უფლება მის საქმიანობაში ჩავერიოთ. ჩემი უფლება და მოვალეობაა ისაა, რომ ხელი შევუწყო ადამიანთა უფლებების დაცვას, ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინების ფარგლებში. ჩვენი გუნდის მოვალეობაა, რომ მაგალითად, თუ თქვენი პირადი შემოსავალი იყო 300 ლარი, გახდეს 500, 700 და ა.შ, გაიზარდოს თქვენი ოჯახების კეთილდღეობის ხარისხი. ჩვენ ვერ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს“ - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.

მოვაჭრეების ნაწილმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში  გადაინაცვლეს, სადაც კიდევ ერთხელ გაიარეს ძირითადი საკითხები. საბოლოოდ გადაწყდა, რომ პოზიციების შესაჯერებლად 17 იანვარს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს და ბაზრის მფლობელთან შესხვედრად მოემზადებიან.  ზურაბ რუსიშვილის ინფორმაციით, შპს „საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტის“ წარმომადგენელი, რომლის საკუთრებაშიცაა ახლა ბაზარი,   საქართველოში სავარაუდოდ, 2 დღეში იქნება. 

გორის მუნიციპალიტეტმა  ბაზარი  შპს „საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტს“ 2007 წელს მიჰყიდა. 2011 წელს კი აუქციონის წესით, აღნიშნულმა კომპანიამ  მუნიციპალიტეტისგან ახალი ტერიტორია 244402 ლარად შეიძინა. შპს „საქართველო-ისრაელის პროექტების მენეჯმენტმა“ აიღო ვალდებულება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო ცენტრს მოაწყობდა გამართული ინფრასტრუქტურითა და ყველა საჭირო პირობით. 

20 იანვირიდან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ბაზრის მესაკუთრის მიერ მოვაჭრეებთან ერთად, 2013 წელს მიღებული შეთანხმების საფუძველზე, გორის აგრარულმა ბაზარმა  გურამიშვილის 5-ზე ფუნქციონირება უნდა შეწყვიტოს და ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კილომეტრზე უნდა გადავიდეს. 

აგრარულ ბაზარს მდებარეობა გასული წლის მაისში უნდა შეეცვალა, თუმცა მაშინაც ამ საკითხს მოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. არასამთავრობო სექტორის, გორის მაჟორიტარის სოსო ვახტანგაშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, ინვესტორთან შეთანხმების საფუძველზე თარიღმა 9 თვით გადაიწია. ბაზრის გადასვლის თარიღის მოახლოებასთან ერთად  ხელახლა გააქტიურდნენ. 

გორს აგრარული ბაზრის მოვაჭრეთა უფლებებს ადვოკატი ელზა პავლიაშვილი და საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელი გორში - კახა კალმახელიძე იცავენ. ადვოკატების თქმით, მათი კლიენტების უფლებები რამდენიმე მიმართულებით ირღვევა. ისინი აპირებენ აღნიშნული ტერიტორიის საფუძვლიანად შესწავლას. მათ უკვე მიმართეს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომლის პასუხიც 20 იანვრისთვის იქნება მზად. 

როგორც ელზა პავლიაშვილი აცხადებს, ამ ტერიტორიის შენობებით ასე დატვირთვა არ შეიძლება. კახა კალმახელიძის დახმარებით კი, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წერილი და მოთხოვნები შეიმუშავეს, რომელსაც შეხვედრაზე წარადგენენ. მათი მოთხოვნაა გადაიხედოს ხელშეკრულების ის ნაწილი, სადაც მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ ახალი ბაზრის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე ძველ ტერიტორიაზე ვაჭრობა აიკრძალება. მოვაჭრეები ითხოვენ, რომ ეს კონკრეტული ნაწილი გაუქმდეს.

არიან მოვაჭრეები, რომლებიც არ შეუერთდნენ საპროტესტო აქციებს და საკუთარ დახლებთან პროდუქციას ყიდდნენ. ისინი არ ეწინააღმდეგებიან ბაზრის გადატანას - „იქ ანტისანიტარიაა, ტალახია, წვიმიან ამინდში არავინ მოდის ჩვენამდე. ჩემთვის უმჯობესია კომფორტული გარემო იყოს და ყველა ერთ პირობებში ვიყოთ. მე როგორც ვიცი, უკვე გადაწყვეტილი ამბავია, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ახალ პირობებს შევეგუოთ“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი მოვაჭრე. 

რა ხდება აგრარული ბაზრის ამჟამინდელ ტერიტორიაზე? გარემო დაბინძურებულია, არ ხდება სათანადოდ დასუფთავება, ე.წ. „დაუხურლში“ შენობაა დაზიანებული, წვიმის და თოვლის დროს სახურავიდან ჩამოსული წყალი მოვაჭრეებს და მათ სურსათს -  ხორცს, ყველს, თევზს და სხვა პროდუქციას თავზე ესხმევა.

ქეთი ბებიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გამოსავალზე ყველა მხარე ერთობლივად უნდა შეთანხმდეს, რათა არ მოხდეს  უფლებების დარღვევა, არც კერძო მესაკუთრის და არც მოვაჭრეების. ბაზრის დირექციამ ხელი უნდა შეუწყოს მოვაჭრეებს, რათა მათ გაუადვილდეთ ახალ ტერიტორიაზე დამკვიდრება, არ უნდა დააკისრონ დამატებითი გადასახდი, არ უნდა გაუზარდონ ყოველდღიური მოსაკრებელი და ა.შ. 

ახალი ბაზრის ტერიტორიაზე  სამუშაოები თითქმის დასრულებულია. 17 იანვარისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება და ინფრასტრუქტურაც საბოლოოდ გაიმართება. ბაზრის ადმინისტრაციის ინფორმაციით მაღაზიები და დახლები ნაწილობრივ, უკვე  დატვირთულია. 

გაფიცული მოვაჭრეები კი, ამბობენ რომ აქციებს იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ახალი ამბები