კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

“სემეკი“ ქუთაისიდან ისევ თბილისში გადმოდის

23 იანვარი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია თბილისში გადადის. ამის შესახებ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად განაცხადეს. სემეკი, რომელიც "ვარდების ხელისუფლებამ" 2008 წელს ქვეყნის დეცენტრალიზაციის მიზნით თბილისიდან ქუთაისში გადმოიტანა, კვლავ დედაქალაქს უბრუნდება. 

როგორც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, იგეგმება ასევე ძირეული ცვლილებები და სიახლეები, რომლებიც სამომავლოდ სემეკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

"იქნებ, უკეთესი იყოს კიდეც ასეთი მნიშვნელობის უწყება დედაქალაქში, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების გვერდით ფუნქციონირებდეს და არა ქუთაისში. ამაში ტრაგიკული არაფერია. რამდენადაც ვიცი, იქნება სიახლეებიც სამომავლო საქმიანობაში", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას მცდარს უწოდებს და ამბობს, რომ ეს კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი იქნება, რომელსაც მთავრობა გადადგამს.

სემეკის დედაქალაქში გადატანას აპროტესტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი თევდორაძეც. იგი ხელისუფლების აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტრაგიკომიკურს უწოდებს: "სემეკის თბილისში გადატანის მოტივად უსუსური არგუმენტები მოჰყავთ. იძახიან, რომ იგი დედაქალაქში უფრო განვითარდება, ვიდრე ქუთაისში. იმაზე კი არ ფიქრობენ, რა ელოდება ამ ქალაქს. საინტერესოა, რას უპირებენ ქუთაისს, ქუთაისელებს? რას სთავაზობენ მათ მომავალი განვითარებისთვის. თუმცა, მათთვის ვფიქრობ, ეს არაა მთავარი. მათთვის მთავარია ყველა სახელმწიფო უწყება თბილისში იყოს, ახლოს რომ თავად იგრძნონ თავი კომფორტულად. სემეკის, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის დედაქალაქში გაატანა დიდი შეცდომაა. ქუთაისისთვის ეს იქნება  შეუქცევადი კვდომის პროცესი" 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისისიის, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, მთავრობის სახლის და სხვა სახელმწიფო უწყებების დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანა სწორედ თევდორაძის მერობის პერიოდს უკავშირდება.

ჩამოთვლილთაგან მთავრობის სახლი პირველი იყო, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ 2012 წლის ნოემბერში უფუნქციოდ გამოაცხადა და ოფიციალურად გააუქმა. "შუშის სასახლედ" წოდებული მთავრობის სახლის მშენებლობა და კეთილმოწყობა ყოფილ ხელისუფლებას (სახელმწიფო ბიუჯეტს) რამდენიმე მილიონი ლარი დაუჯდა.

ახალი ამბები