კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაითურელების საპროტესტო აქცია ოზურგეთში

31 იანვარი, 2014
ნინო მშვიდობაძე, გურია

30 იანვარს, დილის 11 საათისთვის ქალაქ ოზურგეთის ცენტრში თეატრის წინ მდებარე მოედანზე დაახლოებით 200 მოქალაქე შეიკრიბა და აქცია გამართა, რომლის ორგანიზატორი ლეიბორისტური პარტიის ადგილობრივი ლიდერი დავით მამალაძე იყო. მამალაძის განცხადებით ეს იყო მშვიდობიანი, აპოლიტიკური, საპროტესტო, გამაფრთხილებელი აქცია ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით.

აქციის მონაწილეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მცხოვრებელები იყვნენ. ისინი წინა ხელისუფლების მიერ უკანონოდ გაყიდული მიწების თავიანთ საკუთრებაში დაბრუნებას ითხოვდნენ. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრმა გაარკვია, ლაითურელები პრივატიზაციის პერიოდში უსამართლოდ გასხვისებული მიწების საკითხს აპროტესტებდნენ: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ მოვაწყვეთ აქცია მიწების უკანონო გასხვისებასთან დაკავშირებით, ვერც ერთი მთავრობისგან პასუხი ვერ მივიღეთ. თავის დროზე დაბაში არსებული ჩაის პლანტაციის ფართობების ნაწილი (940 ჰა) და 640 ჰა ფართობი ორ პიროვნებაზე გაიცა. ასევე მოხდა დაბის კუთვნილი შენობა-ნაგებობების, ჩაის ფაბრიკების და ავტოსატრაქტორო პარკის გაყიდვა. შემდეგ ეს პლანტაციები მიატოვეს, გატყიურდა და მთავრობამ, რომელსაც ამისთვის მეიჯარეებისთვის პასუხი უნდა მოეთხოვა, მათ საკუთრებაში დაუკანონა. ადგნენ მერე და სხვა ინვესტორს მიყიდეს. ახლა გვეუბნებიან, ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი გამყიდველი და მყიდველიო.  ვითხოვთ სამართალს, დაგვიბრუნონ ჩვენი მიწები, თორემ აქ ძალიან ცუდი ამბები მოხდება," გვითხრა აქციის ორგანიზატორმა.

აქციის წევრებმა თეატრის მოედნიდან ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ გუბერნატორთან გიორგი ჩხაიძესთან და ოზურგეთის გამგებელ კოტე შარაშენიძესთან შეხვედრა სურდათ. შეხვედრა შედგა კიდეც.

ლაითურელი ლევან დუმბაძე ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე შარაშენიძე, წინა ღამით 23 საათზე დაბა ლაითურში ერთ-ერთის ოჯახში იმყოფებოდა და კატეგორიულად ითხოვდა, რომ შეეჩერებინა მოსახლეობა, რადგან არ ჩატარებულიყო დღევანდელი აქცია. დუმბაძის თქმით, ის ოჯახზე ზეწოლას ახდენდა.  
აღნიშნულ ფაქტს გამგებელი ამგვარად ხსნის: „ მე და გუბერნატორის მოადგილე ვიყავით ჩამოსულები ლაითურში და მართლაც გვქონდა საუბარი, გვინდოდა მოგვეწყო ადგილზე მოსახლეობასთან შეხვედრა, ჩამოვიყვანდით კომპეტენტურ სამსახურებს, წამოვიღებდით შესაბამის აპარატურას და პრობლემას გადავჭრიდით, ეს იყო და ეს“.  გამგებელმა ასევე განაცხადა, რომ საკითხი იურისტებთან ერთად გაიარა და ეს პრობლემა მისთვის უცხო არაა: „ჩვენ აუცილებლად დავაზუსტებთ რა თანხას მოითხოვენ კომპანიის წარმომადგენლები, როგორ გაყიდიან ამ მიწებს. ჩვენ შეწუხებულები ვართ ამ თემით, ჩამოვალთ ადგილზე იმ კონკრეტულ ფართობებში, წამოვიყვანთ შესაბამის კომისიას და თქვენთან ერთად გადავჭრით ამ პრობლემას. მე გთავაზობთ სწორ გეგმას. დაძრული გვაქვს ეს თემა, კარგად ვფლობ ინფორმაციას“.

დავით მამალაძე, აქციის ორგანიზატორი: „ სამართლებრივი თვალსაზრისით ჩიხში ვართ მოქცეული, იმიტომ რომ არსებულ მიწებს ჰყავს კერძო მესაკუთრეები და სახელმწიფომ ეს მიწები გაანაწილა, მოძებნა კერძო ინვესტორები. მთავარი პრობლემა ახლა არის ის, რომ ეს კერძო ინვესტორი იხდის სახელმწიფოში თავის გადასახადს, მაგრამ არ ამუშავებს ამ მიწას, სოფლის მაცხოვრებლებს კი საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვთ და იაფფასიან სამუშაოს ეწევიან მეზობელ ქვეყანაში ლუკმა-პურის გასატანად. ჩვენი მიწები კი არის გავერანებული და ეკალ-ბარდით სავსე. ჩვენ გვესმის, რომ ეს პრობლემა ამ ხელისუფლების პრობლემა არ არის, და იმ დანაშაულებრივი რეჟიმის ბრალია, მაგრამ სანამ ამ ფაქტს პოლიტიკური სარჩული დაედება, იქნებ დავეხმაროთ მოსახლეობას ამ საკითხის მოგვარებაში და მოგვაქციოთ ყურადღება ამ მხრივ“.

გიორგი ჩხაიძე, გურიის გუბერნატორი: „ამ ადამიანების პრეტენზია გასაგებია, მაგრამ ეს ხდებოდა 90 -იან წლებში, აბსოლუტურად ყველაფერი უკვე  არის ხანდაზმული კანონმდებლობიდან გამომდინარე. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით, მისი შესწავლა მიმდინარეობს, პროკურატურაში არის საქმე აღძრული და მეც უკვე ველოდები დასკვნას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე შეიქმნება კომისია, რომელიც დაბა ლაითურში გაემგზავრება და აქციის მონაწილეების მოთხოვნების სამართლიანობის შესწავლას დაიწყებს.

ახალი ამბები