კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლანჩხუთის ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტები „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ

31 იანვარი, 2014
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

ორი დღის წინ, დაახლოებით 19 საათისთვის ლანჩხუთში გამომავალი დამოუკიდებელი გაზეთის,  "ჰო და არას" ოფისში, როგორც ამ გაზეთის ჟურნალისტი, მამუკა ქანთარია აცხადებს, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები და ა(ა)იპ „ლანჩხუთის გურიას“ თანამშრომლები:  ედიშერ ჟორდანია, გიალო ჩხაიძე, თემურ ალექსაია და შპს „ლანჩხუთი 2000“–ის დირექტორი ნუგზარ ცინცაძემივარდნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ქანთარიას თქმით, ხსენებული პირები ერთ–ერთი იმ სტატიის გამო იყვნენ გაღიზიანებულები, რომელიც გაზეთ „ჰო და არაში“ გამოქვეყნდა.


„ ერთი საათით ადრე დამირეკა უცნობმა პირმა და  მკითხა თუ სად ვიყავი. ვუპასუხე, რომ სამსახურში ვარ. მოვიდნენ მანქანით ა(ა)იპ კლუბ "გურიას" წარმომადგენლები, კონკრეტულად: ედიშერ ჟორდანია, გიალო ჩხაიძე, თემურ ალექსაია და შპს „ლანჩხუთი 2000“–ის დირექტორი ნუგზარ ცინცაძე. ედიშერ ჟორდანიამ, რომელიც იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, შემომთავაზა, ჩავმჯდარიყავი მანქანაში. არ ჩავჯექი და ვთხოვე, თვითონ გადმოსულიყვნენ მანქანიდან. შემდეგ ის გადმოვიდა მანქანიდან და გამოთქვა ჩემთვის გაუგებარი პრეტენზიები იმის შესახებ, თუ რას ვწერდი კლუბის მენეჯერებზე, არც კი ვიცი, რას გულისხმობდა. სავარაუდოდ, ფეხბურთელების პრეტენზიების გაზეთში გამოქვეყნების გამო ჰქონდა ჩემ მიმართ წყენა. შემდეგ საუბარი გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში.  თანმხლები პირები ედიშერ ჟორდანიას  სთხოვდნენ, თავი შეეკავებინა,“ – გვითხრა  „ჰო და არას“ ჟურნალისტმა მამუკა ქანთარიამ.


როგორც ქანთარიამ განმარტა, მას შემდეგ, რაც შელაპარაკება ხმამაღალ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, გაზეთის რედაქტორმა, ნონა გიგინეიშვილმა პოლიცია გამოიძახა. პოლიციის მოსვლისთანავე რედაქციაში მივიდნენ გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე და მისი მოადგილე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი, მისი მოადგილე ზვიად აფხაზავა, გამგებელი ზაზა ურუშაძე, მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი, პოლიციის უფროსი. 

გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე აღნიშნულ ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ ჟურნალისტის შეურაცხყოფისათვის ყველამ პასუხი უნდა აგოს: „ეს ფაქტი, თავისთავად, დასაგმობია. არავის აქვს უფლება ჟურნალისტს საგაზეთო  წერილის გამო პასუხი მოსთხოვოს, შეურაცხყოფაზე აღარაფერს ვამბობ. ყველაფერს აქვს ფორმა, არსებობს კანონი, რომლის ფარგლებს არ უნდა გასცდეს არავინ. აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ისინი არ იყვნენ უბრალო მოქალაქეები, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტიდან იღებენ ხელფასს, მათი პასუხისმგებლობა გაცილებთ მაღალია. აქედან გამომდინარე, ყველამ სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი“.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე ამბობს, რომ დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს:“ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. კანონის წინაშე ყველა ვალდებულია პასუხი აგოს თავის საქციელზე, არა აქვს მნიშვნელობა ამას, ვინ იქნება დამნაშავე,  უნდა დაისაჯოს.“

გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილიც გმობს თავისუფალ მედიაზე ძალადობის ფაქტს. ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში ზენაიშვილმა აღნიშნა, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს დაცული: „მიმაჩნია, რომ მსგავსი შემთხვევები გამოვლენისთანავე უნდა აღიკვეთოს. ვრჩები იმ აზრზე, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, რაც უნდა მიუღებელი იყოს ეს სხვისთვის. სწორედ ეს არის ცივილიზაცია, კულტურა და ნორმა“. 

საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილი გმობს მომხდარს და აღნიშნავს, რომ ა(ა)იპ–ს ხელმძღვანელს რეაგირება მოსთხოვა: „ჰო და არასთან" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მინდა გითხრა, რომ დღეს აიპ-ის ხელმძღვანელს გავუგზავნე ოფიციალური მოთხოვნა კონკრეტული თანამშრომლებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მეორე მხარესაც დაუკავშირდა და მომხდარზე კომენტარი სთხოვა. მომხდარ ფაქტს ნუგზარ ცინცაძე უარყოფს: „მამუკა ქანთარიას არაერთხელ ვთხოვეთ,   რომ შეეწყვიტა ლანჩხუთის"გურიაზე" ცუდი სტატიების წერა, მაგრამ არ გაითვალისწინა.  ედიშერ ჟორდანიამ მამუკას უთხრა, რა გინდა, ბოლოს და ბოლოს, ერთხელ მაინც დაწერე ლანჩხუთის"გურიაზე"  კარგიო. ყველაფერმა ჩვენს კისერზე გადაიარა, ლანჩხუთის გამგებელი გვერდზე დაგვიდგა ბოლომდე, რომ ლანჩხუთის"გურია"  გადარჩენილიყო და ასეთ რამეს ნამდვილად არ ვიმსახურებთო. მხოლოდ ეს უთხრა – მას სიტყვიერი შეურაცხყოფა ქანთარიასთვის არ მოიუყენებია“, – ამბობს ცინცაძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ თუკი აქამდე ვიღაცის ხათრით ჩერდებოდნენ, ამიერიდან აღარ გაჩერდებიან: „თუ აქამდე ვჩერდებოდით ლანჩხუთელობის, მეზობლობის, მეგობრობის ხათრით, აწი აღარ გავჩერდებით. აუდიტის დასკვნას, რომელიც კლუბის ამჟამინდელი დირექტორის დამ (საუბარია ა(ა)იპ–ის დირექტორის, კობა მირზაშვილის დაზე, მარინა თოთლაძეზე) პირადი სახსრებით  ჩაატარა, ხვალვე ჩემი ხელით მივიტან პროკურატურაში. "თაგვმა თხარა, თხარაო", ისე დაემართებათ, რადგან არ ჩერდებიან, ჩვენც აღარ დავთმობთ“ – გვითხრა ნუგზარ ცინცაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, ნუგზარ ცინცაძემ, რომელიც აქამდე შპს–ს დირექტორი იყო, განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ კი რედაქციას ოფიციალურად ბოდიში მოუხადა: „მე ოფიციალურად ვიხდი ბოდიშს მომხდარის გამო; რაც არ უნდა სწორი იყოს ჩვენი თანაპარტიელების საქციელი, არაა მართალი ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ქცევა. რაც შეეხება მომხდარს, ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს ცივილიზებული გზით. მე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ ეს არის ცუდი საქციელი,“– აღნიშნა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი გეგიაძემ.

ახალი ამბები