კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება

3 თებერვალი, 2014
 
სივილ ჯორჯია

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება შეინიშნება, თუმცა ის მაინც „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება. 

„თავისუფლება მსოფლიოში 2014 წელს“ იკვლევს სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2013 წელს განვითარებულ მოვლენებს.

თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

ანგარიშის თანახმად, 2013 წელს პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში საქართველოს რეიტინგი უცვლელი დარჩა 3 ქულაზე; ქვეყანა კვლავ „არჩევითი დემოკრატიების“ კატეგორიაშია – ეს ის სტატუსია, რომელიც Freedom House-მა საქართველოს თავის 2009 წლის ანგარიშში ჩამოართვა 2008 წელს ჩატარებული საპარლამენტო და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამო. თუმცა, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან საქართველო „არჩევითი დემოკრატიის“ კატეგორიაში 2013 წლის ანგარიშში კვლავ დააბრუნა.

Freedom House-მა განაცხადა, რომ საქართველო „ერთ–ერთი ნათელი წერტილი“ იყო ევრაზიაში 2013 წელს. ევრაზიის რეგიონში ორგანიზაცია აერთიანებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, გარდა ბალტიისპირეთისა. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა რომ შარშან "თავისუფალი და სამართლიანი" საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა „ღია და ნაკლებად პოლარიზებულ საარჩევნო კამპანიის გარემოში".

„მართალია, ჯერ კიდევ არსებობს წუხილები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრთა მიმართ შერჩევითი სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე, მაგრამ არსებული ნიშნების უმეტესობა იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნების მთავრობამ ბოლო წლის მანძილზე გააძლიერა დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა Freedom House-მა.

Freedom House-ის კვლევაში ასევე მოხსენიებულია სეპატარისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც ”სადავო ტერიტორიების” კატეგორიაში გადიან.

წინა ანგარიშების მსგავსად, ცხინვალის რეგიონს „არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული. პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში აფხაზეთს 4 ქულა აქვს და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში – 5 ქულა; ხოლო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 7 ქულა აქვს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში და 6 ქულა სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში.

ახალი ამბები