კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას დაუპირისპირდა

6 თებერვალი, 2014
 
ნინო მშვიდობაძე, ლანჩხუთი

„ქართული ოცნების“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციასა და ადგილობრივ ხელისუფლოებას შორის დაპირისპირებაა. 

ცოტა ხნის წინ ლანჩხუთში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პრესკონფერეცნციას, რის შესახებაც ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე წერდა ( humanrights.ge/index.php?a=main&pid=17545&lang=geo),

გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე რეპლიკით გამოეხმაურა: „ქ-ნი „თავმჯდომარის“ განცხადება არა თუ სიმართლე არაა მეტიც, სრულიად ამოვარდნილია როგორც კოალიციის ასევე საკუთრივ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესებიდან. როგორც ვაჟა ამბობს: „უკუღმა მიჰყავს ბორანი“. რიტორიკული კითხვა: საჭიროა კი ასეთი ფრაქცია? ჩემს ამ შეკითხვაზე პასუხი არ ჩანს, როგორც ილია იტყოდა: „არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!“ არ მიკვირს, ყოფილი ნაციონალებით დაკომპლექტებული და წვრილმან, მერკანტილურ მიზნებზე დაფუძნებული ფრაქციის დაცვა ძნელია. თუმცა ქალბატონი მაკა კვირკველია ფარ-ხმალს არ ყრის და გაღმა შეედავეს პრინციპით მოქმედებს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ: მოვიდა სეტყვა, დახვდა ქვა. ველოდები, რომ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაცია ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს დროს და ვითარებას აცდენილი, მეტსაც ვიტყვი, კოალიციის ძირეულ ინტერესებს დაპირისპირებული ფრაქციის თაობაზე.  პ.ს. დრო ცოტაა, ბატონო გოგი (მიმართვა ეკუთვნის პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერს გოგი გეგიაძეს), წრე ვიწროვდება“.

ამ განცხადებას თავად გეგიაძე პრესკონფერენციით გამოეხმაურა, რომელზედაც განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში 490 ღირსეული და პატიოსანი ადამიანია გაწევრებული და შეუძლებელია ამ ორგანიზაციას ვინმემ პატივი არ სცეს: „უდიდეს პატივს ვცემ ვახტანგ ზენაიშვილს.  შეიძლება არ გიყვარდეს პარტიის თავმჯდომარე და პატივს არ სცემდე ბიუროს, მაგრამ როგორ შეიძლება  პარტიულ ორგანიზაციას, სადაც 490 წევრია, რომელშიც გაერთიანებულია საპატივცემულო საზოგადოება, პედაგოგები, დამსახურებული ადამიანები, ღირსეული ლანჩხუთელები, მიაყენო შეურაცხყოფა. ეს არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. ამ პარტიას ის მაინც უნდა დაუფასო, რომ გადაარჩინა და გამოაფხიზლა ქართველი ხალხი“ – ამბობს გეგიაძე.

მან კადრების არასწორ დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კადრების დანიშვნაში მას და პარტიას არანაირი წვლილი არ მიუძღვის:  „არ მინდა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისას მოხდეს კოალიციაში დაპირისპირება. ამას ხედავს საზოგადოება და მუხტი, რაც ჩვენ გვქონდა, დაცემულია. უნდა შევეცადოთ, დაცემული მუხტი ავწიოთ. ეს ყველაფერი გამოიწვია კადრების არასწორმა დანიშვნამ, გაუაზრებელმა ნაბიჯებმა, რის შედეგსაც ჩვენ უკვე ვიმკით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: „ქართული ოცნების“ ბიურო კადრების დანიშვნის პროცესში არ ჩარეულა და არც ჩაერევა. ვერავინ იტყვის ლანჩხუთში, რომ ვინმე ჩვენი რეკომენდაციით მოხვდა სამსახურში. ეს იყო ჩვენი პრინციპული გადაწვეტილება და ზემდგომიდანაც მოვიდა რეკომენდაცია ამის შესახებ“ – აცხადებს გეგიაძე, რომელიც ამტკიცებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საბოლოოდ გამოასწორებს სიტუაციას ყველა საჯარო სამსახურში, სადაც მისი თქმით, ისევ „ნაციონალები არიან დასაქმებულნი“: „ა(ა)იპ-ებში თითქმის ყველგან ნაციონალები არიან. იმის თქმა, რომ ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში ხელაღებით გავიმარჯვებთ, არ შეიძლება. ამიტომაც გვინდა, ადგილობრივ არჩევნებში წარვადგინოთ ნორმალური და საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატურები“,  - ამბობს გეგიაძე.

პრესკონფერენციის შემდეგ ჩვენ კომენტარი ისევ გამგებლის მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილს ვთხოვეთ:

„ეტყობა ბატონმა გოგიმ ჩემი რეპლიკა ყურადღებით არ წაიკითხა, თორემ არ გამოიტანდა ისეთ დასკვნას, რომ თითქოს მე "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაცია გავაკრიტიკე თუმცა, ასეც რომ იყოს, ტრაგიკული ამაში არაფერია. მე საყვედური გამოვთქვი "დროს და ვითარებას აცდენილი, კოალიციის და ქართული ოცნების ძირეულ ინტერესებს დაპირისპირებული"  საკრებულოს ფრქაციის შესახებ და მოვუწოდე პარტია "ქართულ ოცნებას" სათანადო რეაგირებისაკენ. მე თუ მკითხავთ, ეს რეაგირება მინიმუმ "ფრაქციაზე" უარის თქმა უნდა იყოს. რატომ ცდილობს ბ-ნი გოგი ჩემი ნათქვამის გადასხვაფერებას?“

ახალი ამბები