კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით თიბილოვი დე ფაქტო საზღვარს არ ჩაკეტავს

7 თებერვალი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი ახალგორის მიმართულებით სოჭის ოლიმპიადის გამო არ გადაიკეტება, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაადგილება კვლავ უწყვეტ რეჟიმში იქნება. ცხინვალში, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას არაღიარებული ქვეყნის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი უძღვებოდა.

თიბილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გზა არ ჩაიკეტება, თუმცა ოლიმპიადის უსაფრთხოებისათვის, „საქართველოს საზღვარზე“ დამატებითი ზომების მიღება აუცილებელია. “დამატებით ზომებში” კი იგულისხმა ის, რომ თბილისის მიმართულებით მკურნალობის მიზნით დე ფაქტო საზღვრის გადმოკვეთა შეიზღუდება. უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, გეგმიური მკურნალობის შემთხვევაში პაციენტებს რუსეთში გააგზავნიან: “საქართველოში სამკურნალოდ კი, დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მისი გადაყვანა რუსეთში შეუძლებელია,” – განაცხადა თიბილოვმა სხდომაზე.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან მკურნალობის მიზნით თბილისის მიმართულებით პაციენტების გადმოსვლამ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მკვეთრად იმატა. საუბარია ასეულობით ადამიანზე. ისინი ძირითადად ლარსის გამშვები პუნქტით გადმოდიან. 

პაციენტების გადმოყვანა ხდება ახალგორის გამშვები პუნქტიდანაც. ამ შემთხვევაში საჭირო პროცედურებია გასავლელი: ახალგორის სასწრაფო დახმარების მორიგე ექიმმა ადგილზე მომუშავე კომენდანტი, რომელიც რაიონის ცენტრში სპეციალურად რუსი სამხეროებისთვის აშენებულ კორპუსებში მუდმივად იმყოფება, საქმის კურსში უნდა ჩააყენოს. ეს უკანასკნელი გადარეკავს რუსულ ბლოკ-პოსტზე (სადაც დე ფაქტო საზღვარი გადის), შეატყობინებს, რომ ესა თუ ის პირი ნამდვილად მძიმე ავადმყოფია და საჭიროებს თბილისის მიმართულებით გადაყვანას. ვიდრე მორიგე ექიმები ნებართავას კომენდატისგან მიიღებენ, ჯგუფმა წეროვანის სასწრაფო დახმარებას უნდა დაურეკოს, რომ ქართულ გამშვებ პუნქტზე სასწრაფო მანქანით დახვდეს. თუმცა ახლა უკვე პირდაპირ 112-ზე რეკავენ. ქართულ ბლოკ-პოსტზე, რომელსაც ადგილობრივები ხერგილს ეძახიან, ხდება ახალგორიდან წამოსული სასწარაფო დახმარების მანქანიდან პაციენტის გადაყვანა 112-ის მიერ გაგზავნილ სასწრაფო დახმარების მანქანაში. 

გასული წლის შემოდგომაზე ახალგორიდან პაციენტების ამგვარი გადმოყვანა ქართული მხარის კონტროლირებად ნაწილში ცხინვალმა აკრძალა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ახალგორელმა მედკოსებმა გვითხრეს, ამჟამად პაციენტების თბილისისკენ გადმოყვანა კვლავ ზემოაღნიშნული წესით მიმდინარეობს და ოლიმპიადის გამო შეზღუდვის შესახებ ჯერ არ სმენიათ.  

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან პაციენტების გადმოყვანას თბილისში “წითელი ჯვარიც” ახორცილებს. ასეთ შემთხვევაში, ცხინვალში არსებული “წითელი ჯვარი” თბილისის “წითელი ჯვრის” ბიუროს უკავშირდება. 

ახალი ამბები