კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა მთავრობას ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით

10 თებერვალი, 2014
 
უფლებადაცვითი ორგანიზაციების დიდი ნაწილი ვეხმაურებით ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების კომისიის საქმიანობას და გულისტკივილით აღვნიშნავთ, რომ დღემდე არა ვართ ჩართული ამ პროცესში. საინიციატივო ჯგუფი დღემდე არც განხილვებზე გვიწვევს, რისი მაგალითიც იყო 8 თებერვალს “შერატონ მეტეხი პალასში” გამართული დისკუსია.

როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან შევიტყვეთ, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება თითქმის დასრულებულა და თებერვლის ბოლოს მის დამტკიცება იგეგმება. 
ზოგადად, ჩვენ ვიზიარებთ მთავრობის პოზიციას და ვფიქრობთ, რომ ქვეყნისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. თუმცა, ჩვენთვის გაუგებარია, რა კრიტერიუმებით ირჩევა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობენ ან ესწრებიან მის განხილვებს.

მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესიდან იმ ორგანიზაციების გამოთიშვა, რომლებიც წინა წლებში პრინციპულ პოზიციებს ვაფიქსირებდით პენიტენციურ სისტემაში არსებულ განუკითხაობაზე, ვაპროტესტებდით ადამიანების წამებას, პოლიტიკური ნიშნით დევნას, საკუთრების, საარჩევნო, შრომითი, შეკრებისა და მანიფესტაციების, ასევე - სხვა ფუნდამენტური უფლებების მასობრივ შელახვას. 

შესაბამისად, ვშიშობთ, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღმა არ დარჩეს დღევანდელობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: წამების მსხვერპლი მოქალაქეების სამართლებრივი და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და სამართლიანობის აღდგენა; პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვა და მათი რეაბილიტაცია, შრომის კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა, შრომის ბაზრის ინსტიტუციური განვითარება და ა.შ.

იმედი გვაქვს, მთავრობა დარჩენილ მოკლე დროში მაინც ჩაგვაყენებს საქმის კურსში თავის სტრატეგიულ გეგმებთან დაკავშირებით და რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე გაიზიარებს ჩვენს კვალიფიციურ პოზიციასაც.

ადამიანის უფლებათა ცენტრი,
საზოგადოებრივი დამცველი,
ჯანმრთელი სამყარო,
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება,
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი,
მრავალეროვანი საქართველო,
ახალგაზრდები სამართლიანობისთვის,
მედიის ინსტიტუტი

ახალი ამბები