კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახალხო დამცველის ვიზიტი იმერეთში სამოქალაქო სექტორთან შეხვედრით დასრულდა

11 თებერვალი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, იმერეთი 
  
მიუსაფართა კარვები, ტყიბულის მეშახტეთა მაღარო, სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულება და შეხვედრა არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებთან - ეს მარშრუტი მოიცვა სახალხო დამცველმა 6-7 თებერვალს იმერეთში სტუმრობისას.

"ერთია, როცა გაქვს ინფორმაცია ამა თუ იმ პრობლემურ საკითხებზე და მეორე - როცა ადგილზე ეცნობი ყოველივეს და ხვდები ადამიანებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს  პრობლემები", - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა მედიასთან საუბრისას.

ყველაზე ხანგრძლივი შეხვედრა მას სასჯელაღსრულების მე-14 დაწესებულების, ე.წ. გეგუთის კოლონიის ადმინისტრაციასა და პატიმრებთან ჰქონდა. მან ის ათასამდე პატიმარი მოინახულა, რომელიც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღეა შიმშილობს.

პატიმრები ციხის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომლის, კერძოდ, დირექტორის, მისი მოადგილის და უსაფრთხოების რეჟიმის ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვენ. მათი მოთხვნაა დაიწყოს გამოძიება იმ საქმესთან დაკავშირებიით, რომელიც არასათანადო მოპყრობას ეხება. მათი ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარი ასეთი მოპყრობის მსხვერლიც კი გახდა. 

"ის ვითარება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გვქონდა საქართველოში, არ შეიძლება გაგრძელდეს. ამდენად, მოსალოდნელიც იყო, რომ ადმინისტრაცია გაამკაცრებდა წესებს და კანონის მოთხოვნები იქნებოდა შესრულებული. თუმცა, მეორეს მხრივ, არის პრობლემები და ამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც არ უარყოფენ. კერძოდ, დაწესებულია ისეთი მოთხოვნები, დამატებითი აკრძალვები და შეზღუდვები,  რომელიც კანონმდებლობით გათვალისწინებული არაა. მაგალითად, არსად წერია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჯინსის შარვლის შეტანა არ შეიძლება. ამდენად, მე ვფიქრობ, რომ აქ უფრო სხვა პრობლემაა. ადმინისტრაციას სურს, ჰქონდეს მეტი კონტროლი, რითიც ცდილობს არა კანონის გამკაცრებას, არამედ მის ამუშავებას. პრობლემები ორივე მხარესაა. ფაქტია, რომ გარკვეული დისციპლინა აუცილებელია. მის გარეშე დახურული დაწესებულების ფუნქციონირება შეუძლებელია. თუმცა, დაუშვებელია ძალის გამოყენება. ასეთი ფაქტი კი, დადასტურდა. ამაზე რეაგირება და კონკეტული დამნაშავის დასჯა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა მოხდეს", - განაცხადა სახალხო დამცველმა. 

მისი განმარტებით, არის პრობლემები, თუმცა, ვითარება საგანგაშო არაა: "მთავარია, ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოში მოექცეს. მესმის, რომ ძნელია ერთ დღეში ერთი სისტემიდან მეორეში გადასვლა, მაგრამ კანონი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს დაცული. ორივე მხარის მიერ უნდა მოხდეს იმის აღიარება, რომ კანონი არის უზენაესი. ეს ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს - როგორც ადმნისტრაციამ, ისე პატიმრებმა. სხვა შემთხვევაში რთული გახდება პროცესების მართვა და ჩვენ დავბრუნდებით ძველ დროში."  
  
შრომის უსაფრთხოებასა და საპენსიო ასაკის გაახალგაზრდავებაზე ისაუბრეს ტყიბულის "საქნახშირის" თანამშრომლებმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას. მათ უჩა ნანუაშვილს ხელისუფლებასთან შუამდგომლობა თხოვეს და მისგან პირობა მიიღეს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც მაღაროელებს აწუხებთ, უახლოეს პერიოდში რეკომენდაციის სახით შესაბამის უწყებას მიეწოდება.

"მეტი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან - ესაა ძირითადი თხოვნა და მოთხოვნა, რომელიც მაღაროელებს აქვთ. ჩემი მთავარი მიზანი იყო ადგილზე, უშუალოდ შახტებში მენახა ის ვითარება, რაც აქ მყოფ ადამიანებს აწუხებს. გავეცანი როგორც მენეჯმენტს, ისე თითოეული მაღაროელის მოსაზრებას. მართალია, აქ გაკეთებული ბევრია, თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. საუბარია შრომის უსაფრთხოებაზე, რომელსაც ჩვენი რეკომენდაცია ითვალისწინებს. სახელმწიფომ ამ მხრივ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. უნდა არსებობდეს გარკვეული ორგანო, რომელიც უსაფრთხოების მხრივ რეგულარულად მოახდენს ვითარების შესწავლას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

იგი ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპენსიო ასაკის გაახალგაზრდავების საკითხს.  თვლის, რომ არ უნდა არსებობდეს ერთიანი სტანდარტი და ასაკთან დაკავშირებით,  შრომის სირთულის მიხედვით, უნდა იყოს განსხვავებული მიდგომა. ასევე, უნდა აღდგეს ის შეღავათები, რომელიც ამ ადამიანებისთვის წლების განმავლობაში იყო დაწესებული.

საქმიანობის არეალის გაფართოებაზე ისაუბრა უჩა ნანუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც რეგიონებიდან შესული ინფორმაციის ანალიზს მოახდენს, რომლის მიხედვით მომზადდება შესაბამისი ანგარიში.

ასევე, ითქვა იმ სიახლეზე, რომელიც სახალხო დამცველის ოფისისა და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის ერთობლივ პროექტს ეხება. კერძოდ, ყოველი თვის ბოლო პარასკევს, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით, მოეწყობა ღია დისკუსია, რომელსაც საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. პირველი ასეთი შეხვედრა 28 თებერვალს გაიმართება და იგი ხუდონჰესის თემას დაეთმობა.

ახალი ამბები