კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგორის გამგებელი გადადგა

17 თებერვალი, 2014
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

ახალგორის გამგებელი ზურაბ გათენაშვილი გადადგა.  ახალგორის საკრებულოს გადაწყვეტილებით, გამგებლის მოვალეობას 3 თვით ნუგზარ თინიკაშვილი შეასრულებს. ის “ადამიანის უფლებათა ცენტრთან” საუბარში ამბობს, რომ მას ეს თანამდებობა საკრებულომ თავად შესთავაზა. 3 თვის შემდეგ კი კონკურსი გამცხადდება და ახალგორის გამგებლის პოსტზე მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლებათ. როგორც მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ თინიკაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, კონკურსში მონაწილეობას თვითონაც მიიღებს. 

ცნობისათვის, ახალგორის გამგეობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის რაიონზე კონტროლი დაკარგა, წეროვანში გადავიდა. რეალურად ეს დაწესებულება ვერანაირ სერიოზულ საკითხს ვერ წყვეტს. მან ომიდან პირველივე წლებში დევნილთათვის გამოყოფილი კოტეჯებისა და კომპენსაციების გაცემით დაკავდა და არაერთი მომჩივანიც გაიჩინა.

მისი ძირითადი ფუნქცია დღესდღეობით დევნილის სტატუსის ასაღებად საჭირო ცნობის გაცემაა. თუმცა, როგორც ახალგორელები ამბობენ, აღნიშნული დაწესებულება მათ სწორედ ამ მხრივ უქმნის პრობლემებს და ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი არგუმენტის გარეშე უარითაც ისტუმრებს.

“სხვისი დანაშუალების გამო შესაძლებელია მოსახლეობა დაზარალდეს. ვინც მართლა დააშავა, არაფერს მოსთხოვენ და რეალურად ისევ ხალხი უნდა გაიჭყლიტოს. და ამ დროს გამგებელი მე უნდა ვიყო!” – ასე ხსნის გამგებლობიდან გადადგომის მიზეზს ახალგორის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი ზურაბ გათენაშვილი.

“სხვის მიერ ჩადენილ დანაშაულებში” კი, როგორც თავად გათენაშვილი ამბობს, 2008-2009 წლებში ახალგორის გამგეობის მიერ გაცემულ კომპენსაცია-კოტეჯებს გულისხმობს, რომელთა შესახებაც უკვე წელიწადზე მეტია მთავარი პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გასული წლის ბოლოს ახლგორის მუნიციპალიტეტის ბოლის თემის რწმუნებული რობინზონ გვრიტიშვილია დაკავებული. 

ზურაბ გათენაშვილი: “ვთვლი, რომ ჩემი შესაძლებლობები უკვე ამოვწურე. განცხადება ჩემი სურვილით დავწერე და უკვე დაკმაყოფილებულია. რაც შემეძლო, ის გავაკეთე და სხვა მტკივნეულ საქმეებს ვერ ვიტვირთავ. სხვის გაფუჭებული საქმეების გამოსწორებას მე, ალბათ, ვერ შევძლებდი. ყოველ შემთხვევაში, აქ ყველა მაინც გამგებელს თვლის პირველ პირად. ამიტომაც ჩემზე იქნებოდა აქცენტი. გაფუჭებულ საქმეებში ძირითადად კოტეჯებისა და კომპენსაციების გაცემა იგულისხმება, რომელშიც მე არაფერ შუაში ვარ. მაგრამ ამ საქმეს ხომ გამოსახლება მოჰყვება?! სხვისი დანაშაულების გამო შესაძლებელია მოსახლეობა დაზარალდეს“. 

ზურაბ გათენაშვილმა გამგებლად ერთი წელიც არ იმუშავა. ის გასული წლის აპრილში ახალგორის საკრებულომ 100-ზე მეტი მსურველიდან აარჩია. 


ახალი გამგებლის არჩევამდე კი, მოვალეობას ნუგზარ თინიკაშვილი შეასრულებს. ის  წლების წინ, ომამდე ახალგორის გამგებელი იყო. გასული წლის იანვარში, როცა ყოფილმა გამგებელმა ზურაბ ფიცხელაურმა თანამდება დატოვა, ახალგორში ბევრი საიუბრობდა იმაზე, რომ გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი იქნებოდა. თუმცა მაშინ თავად თინიკაშვილი ამბობდა, რომ გამგებლობის სურვილი არ ჰქონდა და არც განაცხადი წარუდგენია კონკურსზე. 

ახალი ამბები