კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განრიდება - ერთი შანსი მოზარდებისთვის

25 თებერვალი, 2014
 
თამთა თვალავაძე 

15  წლის ლუკამ  სპორტული ფეხსაცმლის მოზომვისას გამყიდველის უყურადღებობით  ისარგებლა და  ერთი წყვილი მოიპარა. ფაქტზე დაკავების შემდეგ  პროკურატურამ გამყიდველისთვის მიყენებული  ზარალი დათვალა, რომელმაც  25 ლარი შეადგინა.  პროკურორის გადაწყვეტილებით, ლუკა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ბენეფიციარი გახდა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განერიდა. პროგრამაში მონაწილეობის პროცედურების  შესაბამისად, თავდაპირველად სოციალურმა მუშაკმა ლუკას ბიოფსიქოსოციალური პორტრეტი შეადგინა, სადაც  აღნიშნულია, რომ ის კარგი აკადემიური მოსწრებით, კომუნიკაბელურობითა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩეოდა. ის ჩადენილ ქმედებას ვერ აცნობიერებდა და ამბობდა, რომ სპორტული ფეხსაცმელი მეგობრისთვის მოიპარა, რომელსაც მძიმე ფინანსური  მდგომარეობა ჰქონდა. პორტერტის შედგენის შემდეგ სოციალური მუშაკი არასრულწლოვანს და მის  ოჯახს შეხვდა. ლუკას დედა, რომელიც საზღვარგარეთ მუშაობდა, ამბობდა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა თუ მისი შვილი რამეს მოიპარავდა. 
  
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა საქართველოში 2010 წლის ნომებრიდან ამოქმედდა და მასში, თავიდან ოთხი ქალაქი მონაწილეობდა. ახლა კი, პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს. 

პროგრამის ფარგლებში პროკურორს უფლება აქვს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს ის არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული. პროგრამა ასევე ვრცელდება მძიმე დანაშაულის შემთხვევებზე, რომლებიც მხოლოდ ჯგუფურობის გამო ხვდება მძიმე კატეგორიაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მიხედვით, ნაკლებად მძიმეა  დანაშაული, რომლის ჩადენისთვის სასჯელი ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას არ აღემატება.

მას შემდეგ რაც პროკურორი გადაწყვეტს, ჩასვას  თუ არა არასრულწლოვანი პროგრამაში, მისი საქმე სოციალურ მუშაკს გადაეცემა. თავდაპირველად სოციალური მუშაკი მართავს შეხვედრებს ბიოფსიქოსოციალური პორტრეტის შესადგენად, როგორც არასრულწლოვანთან ასევე მის ოჯახთან, ან კანონიერ წარმომადგენელთან. თუ საქმეში დაზარალებული ფიგურირებს,  პროცესში ერთვება მედიატორი, რომელსაც დაზარალებულსა და  მოზარდს შორის მოლაპარაკების მიღწევა ევალება. საბოლოო ეტაპზე მედიაციის კონფერენციის შემდეგ ფორმდება მოზარდთან ხელშეკრულება, რომლის პირობები ინდივიდულურია.

დაზარალებულისთვის ზიანის   ანაზღაურება ხელშეკრულების გაფორმებამდე ან მის შემდეგ ხდება. პროგრამის მედიატორის ანა  ჟღენტის განმარტებით, მედიაციის  კონფერენცია ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხურია, რომ არასრულწლოვანმა გააცნობიეროს  ჩადენილი ქმედების სიმძიმე და  რეალური პასუხიმგებლობები. მედიაციის კონფერენციაზე აუცილებლად დაზარალებულიც უნდა  გამოცხადდეს: „ამ პროცესის მთავარი სირთულე ხშირად ის არის, რომ დაზარალებულებს ეზარებათ შეხვედრაზე მოსვლა, მოუცლელობას ან სხვა მიზეზებს ასახელებენ. არასრლუწლოვანის ქმედებებზე ჩვენ ყველას  გვაქვს  ვალდებულება. ამიტომ მათი მონაწილეობა ამ პროცესში  თავიანთი წილი სამოქალაქო ვალდებულების შესრულება და დახმარებაა მოზარდის  სამართლებრივი პასუხისმგებლობის ამაღლებაში“- ამბობს ანა ჟღენტი.

მოზარდს  ხელშეკრულება სხვადასხვა  ვალდებულებებს  აკისრებს, დაზარალებულისთვის  ბოდიშის  მოხდა და  ზიანის  ანაზღაურება კი ყველასთვის  საერთოა. პირობები მაქსიმალურად მორგებული თავად არასრულწლოვანის ინტერესებსა და უნარებზე უნდა იყოს. ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე, მოზარდს საგანმანათლებლო კურსებზე, სპორტზე სიარული ან მუშაობის დაწყება შეიძლება დაეკისროს.
 
ზარალის ასანაზღაურებლად და საკუთარი ქმედების გასააზრებლად მოზარდების დასაქმება იშვიათად ხდება.15 წლის ლუკას შემთხვევაში მას დაზარებულთან ორი თვის განმავლობაში ორ კვირაში ერთხელ  მუშაობა დაეკისრა. მის ფუნქციაში დაზარალებულის დახმარება და დახლზე ფეხსაცმელების დაწყობა შედიოდა. 
 
პროგრამის ამოქმედების დღიდან,  2010 წლიდან, მასში მონაწილეობა მიიღო  557-მა არასრულწლოვანმა  საქართველოს მასშტაბით და განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა მხოლოდ 24-მა. ანა ჟღენტის აზრით, ბოლო წლებში  პროკურორები მეტ-ნაკლებად რთულ შემთხვევებსაც  სვამენ პროგრამაში, რაც  პროგრამის ეფექტურობასა და  ნდობის გაზრდაზე მიუთითებს. 

მიიღებს  თუ არა მონაწილეობას მოზარდი განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში, ეს მთლიანად პროკურორზეა დამოკიდებული.  პროგრამა ნებაყოფლობითია და მოზარდს ან მის კანონერ წარმომადგენელს უფლება აქვთ, უარი თქვან მასში მონაწილეობაზე. თუმცა მსგავსი შემთხვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

შესაძლოა, მოზარდი ყველა ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს პროგრამაში მონაწილეობის მასაღებად, თუმცა პროკურორმა სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ განარიდოს.
 
ფაქტი, რომ  მოზარდის პროგრამაში მონაწილეობას მხოლოდ პროკურორი წყვეტს, არ მიიჩანია  პროგრამის  ხარზევად იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორ ჯონი კვინიკაძეს: „პროკურორი არის პიროვნება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების ან  შეწყვეტის შესახებ, შესაბამისად, პროგრამაში არასრულწლოვნის ჩართვის უფლებაც მას რომ აქვს, ეს სრულიად ლოგიკურია“.

პროგრამის  სუსტი მხარე სერვისების ნაკლებობაა, განსაკუთრებით  კი რეგიონებში.  “დამსაქმებლები ხშირად  თავს  იკავებენ  გარკვეული პერიოდით დაასაქმონ მოზარდი, რომელმაც რამე მოიპარა”-ამბობს მედიატორი ანა ჟღენტი.
 
იუსტიციის სამინისტროში ამბობობენ, რომ მომავალში პროგრამაში დასაქმებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რესოციალიზაციის კუთხით უკეთესი სერვისების განვითარება იგეგმება. 

არასრულწლოვანის  სახელი და ასაკი შეცვლილია

ახალი ამბები