ნინო დევიძე, კახეთი
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთან ერთად 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტს განახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება, მათ შორის, ისეთ სოფლებში, სადაც დღემდე მოქალაქეებს ამ ტიპის მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. განსაკუთრებული ყურადღება კი მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მიექცევათ.
უახლოეს დღეებში ამბულატორიები ამუშავდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში.
2014 წლის ბოლომდე, კახეთის რეგიონში, ამბულატორიები დამონტაჟდება ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში, ყვარლის რაიონის სოფელ კუჭატანსა და საგარეჯოს რაიონის სოფელ უდაბნოში.
საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი გამოყო. ამბულატორიების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს და ერთი ამბულატორიის აშენებაზე 29 630 ლარი დაიხარჯება.