კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიმართვა ხელისუფლებას საქართველოში ჩრდილოკავკასიელების დევნის შესახებ

28 თებერვალი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი და „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ გამოვხატავთ შეშფოთებას საქართველოში ჩრდილოკავკასიელების დევნისა და გაუჩინარების ფაქტებზე. 

განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს მოქალაქეობისა და ლტოლვილის სტატუსის მქონე ადამიანების შევიწროება, როცა აშკარად იკვეთება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევები. 

საქართველოს მოქალაქე საიხან მუზაევმა სამჯერ სცადა საქართველოს დატოვება ინგლისში სასწავლებლად გასამგზავრებლად, მაგრამ მესაზღვრეებმა იგი საზღვარზე არ გაუშვეს. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 22–ე მუხლით გარანტირებულია მოქალაქის თავისუფლად მიმოსვლის, მათ შორის ქვეყნის დატოვების უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს განმარტოს ამ შეზღუდვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. შემაშფოთებელია, რომ შსს-მ განმარტება არც სახალხო დამცველის მოწოდების შემდეგ გააკეთა.

ახლახან რუსეთის ერთ-ერთ ციხეში ნათესავებმა იპოვეს ერთი წლის წინ საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული დაღესტნელი ლტოლვილი მაგამედ მაგამედოვი. ლტოლვილის სტატუსი ადამიანს საერთაშორისო დონეზე იცავს და მისი მოხვედრა იმ ქვეყანაში, სადაც საფრთხე ემუქრება, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მეტყველებს. ამავე დროს, გამოსაძიებელია და დასადგენია, მაგამედ მაგამედოვი რუსეთის ციხეში ხომ არ აღმოჩნდა საქართველოსა და რუსეთის სპეცსამსახურების არაფორმალური თანამშრომლობის შედეგად.

დაღესტნელი ეროვნების რუსეთის მოქალაქე მიკაილ კადიევი 2013 წლის 13 ივნისს დააკავეს ბიძაშვილ რიზვან ომაროვთან ერთად. ამჟამად მათი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მიკაილ კადიევს და რიზვან ომაროვს განზრახული ჰქონდათ „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა“. მიუხედავად იმისა, რომ „ტერორისტების“ დაკავება დიდი აჟიოტაჟით გაშუქდა ტელევიზიებით, კადიევისა და ომაროვისთვის არავითარი ტერორისტობის ბრალდება არ წაუყენებიათ. მათ ბრალად წაუყენეს მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა, რაც ჯარიმას ან 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე დროს, გამოძიებას არა აქვს მყარი მტკიცებულებები, ბრალდებულებს აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები მართლაც ჰქონოდათ თუ არა. აღსანიშნავია, რომ  „ტერორისტმა“ კადიევმა და მისმა სტუმარმა კარი იმ წუთშივე მშვიდად გააღეს, როგორც კი კაკუნის შემდეგ გაიგონეს, რომ მათ პოლიციელები ესტუმრნენ.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ არსებობს რეალური საფრთხე, რომ მიკაილ კადიევის ექსტრადიცია მოხდეს რუსეთში, სადაც მას ლიკვიდაცია ან წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას მიაწოდოს არგუმენტირებული განმარტება საქართველოს მოქალაქის, საიხან მუზაევის მიმართ დაწესებული შეზღუდვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ;

  • დაიწყოს გამოძიება ლტოლვილის, მაგამედ მაგამედოვის საქართველოდან გაუჩინარებისა და რუსეთის ციხეში მისი მოხვედრის ფაქტის გარშემო;
  • საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას მიკაილ კადიევისა და წამებისა და ლიკვიდაციის საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანების ექსტრადიცია რუსეთში;

ადამიანის უფლებათა ცენტრი,
„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“

ახალი ამბები