კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრიარქი: 'ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს'

10 მარტი, 2014
 
სივილ ჯორჯია
 
5 მარტს ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ ეკლესია „ყველაფერს გააკეთებს“, რათა დაეხმაროს საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. 

„ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, რომ საქართველო, რომელმაც გამოიარა მძიმე პერიოდი კომუნისტური რეჟიმის, დღეს მიემართება ევროპის სტრუქტურებში. ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობს ქართველი ხალხი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი ამ დიდი ორგანიზაციის“, – განაცხადა პატრიარქმა ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისართან შტეფან ფულესთან შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ სამღვდელოების რამდენიმე სხვა წარმომადგენელიც.  

„მე მინდა ვთქვა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, თითქოს საქართველოს ეკლესია აბრკოლებს ამ პროცესს. მე მინდა დაგარწმუნოთ თქვენ, რომ საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს“, – მიმართა საქართველოს პატრიარქმა ევროკომისარს.

„არის ისეთი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ავრცელებენ ეკლესიის  საწინააღმდეგო ამ იდეას და ამით შოულობენ დახმარებას“, – განაცხადა პატრიარქმა.

მან ასევე განაცხადა: „როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ევროპის სტრუქტურებში გაერთიანებაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეზღუდული ვართ კავშირი გვქონდეს სხვა ორგანიზაციებთან“. 
  
„პრესიდან გავიგე, რომ თქვენ გითქვამთ, რომ მე დავარწმუნებ პატრიარქს, რომ საქართველოს შეუძლია თავისი ტრადიციებით, თავისი ფასეულობებით გახდეს წევრი... მე მინდა გითხრათ, რომ მე დიდი ხანია დარწმუნებული ვარ ამაში“, – მიმართა პატრიარქმა ფულეს. 

მანამდე 4 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ფულე პარტიარქთან დაგეგმილ შეხვედრას შეეხო და განაცხადა: „მე დავარწმუნებ მას ევროკავშირის სახელით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ძირი გამოვუთხაროთ საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებს, რადგანაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ისეთ უნივერსალურ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა, ღირსება და პატივისცემა“.

თავის საშობაო ეპისტოლეში, რომელიც ძირითადად იმ ნაწილის გამო გააკრიტიკეს, სადაც სუროგაციის და ხელოვნური განაყოფიერების გზით შობადობის მეთოდზე ეკლესიის უარყოფითი პოზიცია იყო გამოთქმული, პატრიარქმა განაცხადა, რომ საქართველო „ქრისტიანული ევროპის ნაწილია“, მაგრამ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს „ტრადიცია და აზროვნების წესი“. მღვდელმთავრებს შორის, მათ შორის წმინდა სინოდში, არიან ისეთი წარმომადგენლებიც, რომლებიც ანტი–დასავლურ მოსაზრებებს ქადაგებენ მრევლთან. 

„მითები და არასწორი წარმოდგენები“

საქართველოს საპატრიარქოში გამგზავრებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ  შეხვედრაზე თავის საჯარო გამოსვლაში, ევროკომისარმა ფულემ ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ „მითებსა და არასწორ წარმოდგენებზე“ ისაუბრა, მათ შორის იმ შეხედულებაზე, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრადიციებს.

„ეს არ არის მცდელობა დასავლური ქვეყნების მიერ, რომ უცხოური ფასეულობები მოახვიოს თავს საქართველოს“, – განაცხადა ფულემ, „გამიგია ნათქვამი, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს ერთსქესიანი ქორწინებები დაუშვას. შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც აიძულებს საქართველოს, რომ რაიმე ასეთი კანონმდებლობა მიიღოს“.

მან განაცხადა, რომ ანტი–დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღება, რაც ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ–ერთი მოთხოვნაა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ვინმეს ცხოვრების ალტერნატიული სტილი მოვახვიოთ თავს“. „ეს ქმნის გარანტიას ადამიანის სამართლიანი და თანასწორუფლებიანი მოპყრობის უფლების დაცვისთვის მისი რასის, რელიგიის, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად“, – განაცხადა მან.

თბილისს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარება სურს

4 მარტს თბილისში ვიზიტის დროს ევროკომისარი ფულე ასევე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ხელისუფლების სხვა რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს.

ერთ–ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა წამოწიეს, იყო ნოემბერში პარაფირებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დაჩქარება.

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში დეკემბრის ბოლოს გამართულ ორდღიან სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, დააჩქარონ პროცესი და საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებებს „რაც შეიძლება სწრაფად მოაწერონ ხელი, არაუგვიანეს 2014 წლის აგვისტოს ბოლოსი“. თუმცა თბილისს სურს, რომ ეს უფრო ადრე მოხდეს, განსაკუთრებით უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე.

ევროკავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შეთანხმების უფრო ადრე ხელმოწერა არის უფრო ტექნიკური, ვიდრე პოლიტიკური საკითხი. ევროკავშირი ასევე სთავაზობს, რომ ხელმოწერამდე პერიოდი გამოყენებულ იქნას ასოცირების შესახებ შეთანხმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.

„ჩვენ მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი – ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს ამ შეთანხმების შესახებ. სრული ინფორმაციის გარეშე, ბუნებრივია, რომ შესაძლოა წარმოიშვას გაუგებრობები“, – განაცხადა ევროკომისარმა ფულემ ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ „მითებსა და არასწორ წარმოდგენებზე“ საუბრისას.

წევრობის პერსპექტივა

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, კერძოდ კი საგარეო საქმეთა მინისტრმა, დააყენეს, იყო საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის მიცემის მნიშვნელობა.

ევროკომისარმა ფულემ წევრობის პერსპექტივაზე მინიშნება თბილისში თავის საჯარო განცხადებებში გააკეთა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეცდომით ახსენა „ლისაბონის ხელშეკრულების ხელმოწერა“, რის შემდეგაც გამოასწორა და თქვა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას გულისხმობდა.

„რატომ ვახსენე ლისაბონის ხელშეკრულება?“ – იკითხა მომღიმარმა ევროკომისარმა პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ვიცი რატომაც... 49–ე მუხლის გამო“, – დასძინა მან. ლისაბონის ხელშეკრულების ეს მუხლი ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.

„ჩვენ ვსაუბრობთ სინათლეზე გვირაბის ბოლოს“, – განაცხადა ფულემ წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება არ უნდა იყოს „ბოლო გაჩერება“ მათთვის, ვისაც ევროპული მისწრაფებები აქვთ.   
 
ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ პირადად მისი აზრით, იმ ფორმულირების სულისკვეთება, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოიყენეს თებერვალში უკრაინასთან მიმართებაში, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება „არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროკავშირი–უკრაინის თანამშრომლობაში“, საქართველოსთან და ევროპული მისწრაფებების მქონე სხვა პარტნიორებთან მიმართებაშიც უნდა იქნას გამოყენებული.

ვიზიტის დროს ევროკომისარმა ორ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი  – ერთის ფარგლებში საქართველო 21 მილიონ ევროს მიიღებს სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდასაჭერად, ხოლო მეორეს ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო იქნება გამოყოფილი პარლამენტის როლისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ევროკომისარმა ფულემ ასევე განაცხადა, რომ ევროკომისის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო ივნისში საქართველოს ეწვევა. მან ასევე განაცხადა, რომ ბაროზომ პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი და მისი მთავრობის წევრები ბრიუსელში მიიწვია ევროკომისიასთან შეხვედრაზე, რომელსაც ფულეს თქმით, კომისია როგორც წესი  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან მართავს.        

მან ასევე ხაზი გაუსვა ძლიერი ოპოზიციის, პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას.

ვიზიტის დასრულებამდე ევროკომისარი 4 მარტს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს შეხვდა.

„ჩვენ ამ პრო–ევროპულ პარტიასთან დიალოგი მაშინ დავიწყეთ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ; ჩვენ კარგი დიალოგი გვქონდა მაშინ და ახლაც ვაგრძელებთ“, – განაცხადა ფულემ.

ახალი ამბები