კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეგულაციები

2 აპრილი, 2014
 
მარი ოთარაშვილი, ახალგორიდან

2 ფოტოსურათი, ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან; პირადობისა და დაბადების მოწმობების რუსული თარგმანი, რომლებიც ნოტარიულად უნდა იყოს დამოწმებული; სპეციალური ფორმა განცხადებისა, რომელშიც პირადი მონაცემების გარდა, მითითებული უნდა იყოს სამუშაო ადგილი და ისიც, ბოლო 10 წლის განმავლობაში სად მუშაობდით - ყველაფერი ეს იმ ახალ დოკუმენტს სჭირდება, რომელიც ახალგორელებმა 1 მაისამდე უნდა აიღონ.

1 მაისიდან კი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დოკუმენტი „ფორმა 9“ ძალას კარგავს. მის ნაცვლად ახალი საბუთი „პროპუსკი“ (საშვი) იქნება. ეს ამბავი რუსმა სამხედროებმა უკვე ერთი თვეა, დააანონსეს. ისინი ლამის ყველა მგზავრს სათითაოდ აფრთხილებდნენ - „პირველი მაისაიდან „ფორმა 9“-ით ვეღარ გადაკვეთავთ  სახელმწიფო საზღვარს და თადარიგი აქედანვე დაიჭირეთ!“

უკვე ორი კვირაა, რაც ახალგორის მაღაზიებში განცხადებებია გაკრული, საშვის ასაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალით. რაიონში დიდი ფუსფუსი და ისტერიაა. ზოგი ადგილობრივი მოქალაქე საბჭოს შენობაში გარბის საცხოვრებელი ადგილის ცნობის ასაღებად, ზოგი - ადმინისტრაციის შენობაში. აქ ნოტარიუსი ზის და პირადობისა და დაბადების მოწმობებს თარგმნის. ამ თარგმანებისთვის კი ადგილობრივ ბანკში 30 რუბლია გადასახდელი. სურათების გადაღებაც აქვეა შესაძლებელი.

საბუთები მოქალაქეებმა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს ახალგორის რაიონულ ცენტრში უნდა ჩააბარონ. შენობის ჭიშკარზე უკვე გაკრულია სპეციალური განცხადება სწორედ ამ საბუთებთან დაკავშირებით მიღების საათებზე. უწყებაში უნდა აიღონ ახალგორელებმა განცხადების სპეციალური ფორმა, სადაც პირადი მონაცემები უნდა შეიტანონ.

თავდაპირველად მისაღები დღეები ახალგორის რაიონის სოფლებისთვის გამოიყო. როგორც humanrights.ge-სთვის გახდა ცნობილი, თვითონ დაბის, ანუ რაიონული ცენტრის მოსახლოებისთვის მიღება 3 აპრილს დაიწყება.

დე ფაქტო საზღვარზე რუსი სამხედროები მგზავრებს ისევ აფრთხილებენ, დროულად მიმართონ ადგილობრივ უშიშროების სამსახურს საბუთების ჩასაბარებლად, რათა დროულად მოახერხონ საშვის აღება და გადაადგილების გამო არ დაბრკოლდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რაც ახალგორი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იურისდიქციის ქვეშ აღმოჩნდა, კაპიტალურად მოწყობილ დე ფაქტო საზღვარზე პირველად გაჩნდა ქართულად ნაბეჭდი ტექსტით განცხადება, თუ რა საბუთებია საჭირო ახალი საბუთის ასაღებად. 

„ლენინგორის რაიონში, ძირითადად, ქართველები ცხოვრობენ და, როგორც აღმოჩნდა, მათმა უმეტესობამ არ იცის რუსული ენა. ამიტომაც უმჯობესად ჩავთვალეთ, ქართულენოვანი განცხადებაც გაგვეკრა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - გვითხრა ერთ-ერთმა სამხედრომ.

პირველ მაისამდე ადგილობრივი ოსური უშიშროების სამსახური დაამთავრებს განხადებების განხილვას - ვის მისცემენ საშვს და ვის - არა. კონკრეტული კრიტერიუმი იმისა, თუ რა ნიშნით გამოარჩევენ ადამიანებს, ცნობილი არ არის. ჩვენი ინფორმაციით, საშვს თითქმის ყველა ის პირი მიიღებს, ვისაც „ფორმა 9“ აქვს. თუმცა, ისიც შევიტყვეთ, რომ პირს, რომელსაც „ფორმ 9“ აქვს, მაგრამ ახალგორის მიმართულებით იშვიათად, ან საერთოდ არ გადაადგილდება, ახალ საშვს აღარ მისცემენ.  

ცნობისათვის, „ფორმა 9“ ოსური პასპორტის შემცვლელი დოკუმენტია, რომელიც დე ფაქტო საზღვრის გადასაკვეთად ახალგორელებისთვის ერთადერთი საბუთია. ძალაში 2011 წლის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 თვით ადრე შევიდა. 1 მაისს კი შეწყვეტს მოქმედებას. იმ ახალგორელებს, ვისაც ოსური პასპორტი აქვთ, „ფორმა 9“ აღარ სჭირდებათ. ასევე, არ დასჭირდებათ ახალი საბუთი - საშვი. აქ მთავარია ის, რომ პასპორტი არ უნდა იყოს გაცემული 2011 წლამდე.

როგორი იქნება თვითონ საშვი - ეს ჯერ უცნობია. არსებობს ორი ვერსია - შესაძლებელია, საშვიც ისეთივე ფოტოსურათიანი საბუთი იყოს, როგორიც „ფორმა 9“; მეორე ვერსიით, საშვი იმიტომ ცვლის „ფორმა 9“-ს, რომ დე ფაქტო საზღვარზე რეგისტრაციის გამო რიგები აღარ იყოს. ამიტომაც საშვი პლასტიკური ბარათის მსგავსი იქნება, რომლის შეხებაც სპეციალურ დანადგარზე მგზავრს ავტომატურად დაარეგისტრირებს. თუმცა, ასეთი სპეციალური დანადგარი ან მისი მსგავსი დე ფაქტო საზღვარზე humanrights.ge-ს ჯერ არ შეუნიშნავს.          

ახალი ამბები