კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასამართლომ ყვარლის გამგებელს და მის მომხრეებს ჯარიმები დააკისრა

28 აპრილი, 2014
 
მიხეილ მამალაშვილი, კახეთი

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით ქევხიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 17 პირი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო. დავით ქევხიშვილს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენებს - 400-ლარიანი.

პოლიციამ დავით ქევხიშვილი და  კიდევ 17 პირი,  ძირითადად - „ქართული ოცნების“ აქტივისტები წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 25 აპრილს, დილით დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ  შილდის და ახალსოფლის რწმუნებულები - ლევან ხუციშვილი და მამუკა შაროვი. 

ყვარლის გამგებელთან ერთად დაკავებულ 17 პირს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 –ე მუხლის გარდა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის - 173–ე მუხლით ედებოდა. 

დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყვარლის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომელმა, ნინო ხუციშვილმა (იგი პროცესზე მოწმის სახით  დაიკითხა) სასამართლოს წარუდგინა ვიდეომასალა, რომელიც გამგებლისა და დანარჩენი პირების დაკავების დროს არის გადაღებული. მისი თქმით, ვიდეოდან ჩანს, რომ დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.

ყვარლის გამგებლის დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები გამგეობის შენობაში დილის ცხრა საათზე შეიკრიბნენ. ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

გამგებლის მომხრეებმა ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარეს დილით პროტესტის ნიშნად სამუშაო ოთახის კარი აუჭედეს. ხმაური და დაპირისპირება გამგებლის მომხრეების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე საკრებულოს წევრების გამოჩენას მოჰყვა. ქევხიშვილის მხარდამჭერებმა საკრებულოს წევრებს კვერცხები დაუშინეს, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის რამდენიმე მონაწილის დაკავება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების დაკავების შემდეგ პოლიციამ ყვარლის მინიციპალიტეტის გამგებელი დავით ქევხიშვილიც დააკავა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ხუციშვილის განცხადებით ყვარლის გამგებლის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესების უკან შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი გდას.

„ამ ყველაფრის უკან დგას ბატონი გიორგი ზედელაშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რომელსაც დიდი ინტერესები აქვს ყვარელში. ის ყვარლიდან არის და ალექსი ფერიაშვილთან, რომელიც უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობს, სურს, პოლიტიკური ვითარება გააკონტროლოს - ჩამოაცილოს დავით ქევხიშვილი გამგებლის თანამდებობას“, - აღნიშნა ნინო ხუციშვილმა.

გიორგი ზედალაშვილს ასევე ადანაშაულებს შილდის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ლევან ხუციშვილი: „ყვარელში მისი სანათესაო კლანია წამოწეული და ებრძვიან სამართლიანობას. ესენი არიან ძველი „ნაციონალები“, რომლებიც დარჩნენ სათავეში, „ოცნებას“ არიან ამოფარებული და ცდილობენ გავლენის მოპოვებას“.

ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, ყვარლის საკრებულომ დახურული სხდომა გამართა და დავით ქევხიშვილი გამგებლის თანამდებობიდან გადააყენა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად გამგებლის მოადგილე მალხაზ ხიზანიშვილი დაინიშნა.

ქევხიშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი. მისი განცხადებით, გამგებელს უფრო მეტი თავშეკავება მართებს: „მე მივესალმები, რომ სასამართლომ შეისმინა უწყებათაშორისი კომისიის პოზიცია. ვფიქრობ, ქევხიშვილის მიმართ შეფარდებული სანქცია პროპორციულია. თუმცა, მასაც და ყველა გამგებელს, თითოეულ წევრს ჩვენი საზოგადოებისა, ევალება უფრო მეტი თავშეკავება, რათა ხელჩართულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს წინასაარჩევნო პროცესები. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, აქ მოქმედებს მორატორიუმი. მინდა, ხაზი გავუსვა ყველას გასაგონად, რომ პრემიერმა ეს მორატორიუმი გამოაცხადა ყველასთვის. ის ეხება ყველა ოპოზიციურ პარტიას, ყველა აქტივისტს, აგრეთვე - „ქართული ოცნების“ გამგებლებსა თუ სხვა წარმომადგენლებს“.

ახალი ამბები