კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პატიმართა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს

1 მაისი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით და მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე -  მთავარ პროკურატურას, მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და დროულად დაიწყონ გამოძიება. 

რუსთავის #6 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, გენადი ჯელაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მასზე მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა თორაძისა და საპატიმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან. ისინი მოითხოვდნენ, პატიმარს შეეწყვიტა ჩივილი მის მიმართ წინა წლებში განხორციელებულ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. მსჯავრდებული აცხადებს, რომ 27 აპრილს იგი გააშიშვლეს და #17 სასჯელარსრულების დაწესებულებიდან გაშიშვლებული გადაიყვანეს #6 დახურულ დაწესებულებაში. დამამცირებელი მოპყრობის გამო პატიმარმა მშრალი შიმშილობა გამოაცხადა. იგი მოითხოვს #17 ღია ტიპის დაწესებულებაში დაბრუნებას, ასევე მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. მათ შორის მსჯავრდებული ასახელებს შოთა თორაძეს, რომელიც წინა წლებში #2 სასჯელაღსრულების დირექტორი იყო და პატიმრის თქმით, უშუალოდ მონაწილეობდა მის წამებაში. 

მსჯავრდებულ გიორგი ოგანეზოვის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 28 მარტს, გლდანის #8 დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის ნულ სართულზე იგი ცემეს ამავე დაწესებულების თანამშრომლებმა, გიორგი ფიფიამ და ვინმე რამაზმა. მისივე ინფორმაციით, ცემაში ასევე მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები. მსჯავრდებულს ცემდნენ ფეხებით მუცლისა და სახის არეში. გიორგი ოგანეზოვს აღენიშნება სხეულის დაზიანებები. ცემის შემდეგ პატიმარი გადაიყვანეს #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 22 აპრილს ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებულ გიორგი ოგანეზოვის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და მთავარ პროკურატურას.   

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ იანვარში ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და მთავარ პროკურატურას რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, ამირან ფატოევის ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზეც მიმართა. თუმცა, ამ კუთხით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ცემის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის გამო. ეს შემთხვევები მით უფრო შემაშფოთებელია, რომ მსჯავრდებულები გიორგი ოგანეზოვი, გენადი ჯელაძე და ამირან ფატოევი წინა წლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები არიან.  

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოითხოვს, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეთ იმ პირებს, რომელთა მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს პატიმართა არაადამიანურ მოპყრობაში და ამავე დროს, კვლავ შეუძლიათ, ზეწოლა მოახდინონ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ დაზარალებულებზე.

ახალი ამბები