კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლებას არ აძლევდნენ

15 ივნისი, 2014
 
Humanrights.ge

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 40-ე უბანზე, დაახლოებით 11:30 წუთზე შეკვრაში არსებული 50 ბიულეტენიდან, რამდენიმე „გაქრა“.

„მას შემდეგ, რაც მაჟორიტარული სიისთვის განკუთვნილი ბიულეტენების შეკვრა (როგორც წესი, მასში 50 ბიულეტენია) მთლიანად ამოიწურა, გამგებლობის კანდიდატებისთვის განკუთვნილი ბიულეტენებიდან - 2, ხოლო პროპორციული სიის ბიულეტენებიდან 1 დარჩა. არადა, წესით, ყველა ბიულეტენი თანაბარი რაოდენობისა უნდა ყოფილიყო, რადგან თითოეულ ამომრჩეველს, სამი ბიულეტენი - პროპორციული, მაჟორიტარული და გამგებლების ბიულეტენები ეძლევა. ყოველ შეკვრაში კი 50 ბიულეტენია. როგორც ჩანს, რეგისტრატორმა რამდენიმე ამომრჩეველს ბიულეტენი ზედმეტად გადააყოლა“, - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი მარიამ თოფურიძე. 

მისივე თქმით, ამ ფაქტთან დაკავშირებით, მან ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთება მოინდომა, მაგრამ კომისიის თავმჯდომარემ ამის უფლება არ მისცა. სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები გამოჩნდნენ. მათ კომისიის თავმჯდომარეს განუმარტეს, რომ დამკვირვებლისთვის შენიშვნის ჩაწერის საშუალება უნდა მიეცა. ამ მითითების შემდეგ, დამკვირვებელმა შენიშვნის ჩაწერა შეძლო. 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 40-ე უბანზე რამდენიმე სხვა მცირედი დარღვევაც დაფიქსირდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი მდებარეობს სკოლის დერეფანში. დღის პირველ ნახევარში შენობის გარეთ, ფანჯარასთან იკრიბებოდა ხალხი და ისმოდა შეძახილები, რეპლიკები და კომენტარები. ისინი ფანჯრიდან ესაუბრებოდნენ საარჩევნო უბანზე მყოფ ადამიანებს, რაც ხმაურს იწვევდა. დამკვირვებლის შენიშვნის შედეგად, კომისიის თავმჯდომარემ ფანჯარასთან მოახლოება აკრძალა და სიტუაციაც დარეგულირდა.

გარდა ამისა, ამავე უბანში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სხვა სოფლებში არსებული უბნების მსგავსად, აქაც სამუშაო ენა აზერბაიჯანულია, რაც დამკვირვებლებს პრობლემას უქმნის და არ აძლევს საშუალებას, სრულფასოვნად დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. 

„შეიმჩნევა მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობის დონე, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით. მათმა დიდმა ნაწილმა, არ იცის, როგორ უნდა მისცეს ხმა. იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლები შედიოდნენ კაბინაში და მერე ითხოვდნენ დახმარებას - არ ვიცით როგორ უნდა შემოვხაზოთ კანდიდატიო. ასეთი სიტუაციები იწვევდა აყალმაყალს უბანზე, რადგან კომისიის წევრები და დამკვირვებლები იწყებდნენ ერთმანეთთან კამათს, თუ ვინ უნდა შესულიყო ამომრჩევლის დასახმარებლად კაბინაში. ჩვენ მივეცით შენიშვნა და მას შემდეგ, ასეთ სიტუაციაში ამომრჩეველს, რიგითობის მიხედვით, შემდგომი ამომრჩეველი მიყვება კაბინაში, თუკი დახმარებას ითხოვს. პრობლემაა ისიც, რომ კომისიის წევრები ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე მოქცევის წესებს აზებაიჯანულად უხსნიან, რაც დამკვირვებლებს ბარიერს უქმნის, რომ სრულფასოვნად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა.

ახალი ამბები