კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ინფორმაცია

15 ივნისი, 2014
 
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 28 დამკვირვებლით დააკვირდა კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და იმერეთის რეგიონის, კერძოდ - საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.  

კახეთში ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები არჩევნებს დააკვირდნენ საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში. ასევე - ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, სადაც ქისტები და ჩეჩნები ცხოვრობენ. ორგანიზაციის დამკვირვებლები ასევე მუშაობდნენ საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა მობილური ჯგუფებმა ვიდეოკამერებით მოახდინეს არჩევნების მსვლელობის დოკუმენტირება. ორგანიზაციის ინტერნეტ-გამოცემა - www.humanrights.ge უწყვეტ რეჟიმში აახლებდა ინფორმაციას საარჩევნო პროცესის შესახებ, დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, ძირითადად, მშვიდ და სამართლიან ვითარებაში  ჩაიარა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პერევში, სინაგურში და  კონფლიქტისპირა სხვა სოფლებში საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიციური და მოწესრიგებული მუშაობა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირებული დარღვევები არ იყო იმ სახის, რასაც შეეძლო ჩაეშალა საარჩევნო პროცესი ან გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. დამკვირვებლების მიერ მომზადებული საჩივრებისა და ჩანაწერთა წიგნში გაკეთებული შენიშვნების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოამზადებს ანგარიშს, სადაც უფრო დეტალურად გაანალიზდება არჩევნების მიმდინარეობისას გამოკვეთილი დარღვევები და ხარვეზები. 

ენობრივი პრობლემა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში

კახეთის რეგიონში პრობლემური ტენდენცია გამოიკვეთა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში განთავსებულ საარჩევნო უბნებზე, სადაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია აზერბაიჯანულ ენაზე მიმდინარეობდა და ეს დამკვირვებლებს ხელს უშლიდა, არჩევნებს დაკვირვებოდნენ სრულფასოვნად. მსგავსი ტენდენცია შეიმჩნეოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად ჩეჩენი და ქისტი მოქალაქეებით დასახლებულ სოფლებში, პანკისის ხეობაში. 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად ვერ ერკვეოდნენ საარჩევნო პროცედურებში. კომისიის წევრები მათ უხსნიდნენ ხმის მიცემის პროცედურას, მაგრამ ვინაიდან ისინი აზერბაიჯანულ ან ჩეჩნურ ენაზე საუბრობდნენ, დამკვირვებლები ვერ იგებდნენ, ამ დროს კომისიის წევრები ხომ არ ახდენენ ამომრჩეველზე რაიმე სახის ზეწოლას. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში არჩევნებს 2012 და 2013 წლებშიც აკვირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე ორგანიზაციის დამკვირვებლები საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის დროს არ დამდგარან, რადგან საარჩევნო უბნებზე კომუნიკაცია ქართულ და რუსულ ენაზეც იყო შესაძლებელი.

წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევები, როცა კომისიის წევრები ამომრჩეველს ხმის მიცემის კაბინაში მიჰყვებოდნენ და იქ უხსნიდნენ, თუ როგორ უნდა შემოეხაზათ ბიულეტენში კანდიდატები. მართალია, ასეთ შემთხვევებს მასობრივი ხასიათი არ ჰქონია, მაგრამ ზოგადად, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კვლავ დაბალია სამოქალაქო განათლების დონე და ამომრჩევლებს არ ესმით თავიანთი უფლებები.

მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო პროცესს უბანზე დააკვირდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით იქაძე, პარტიის წარმომადგენლის სტატუსით იმყოფებოდა და საარჩევნო პროცესებს აკვირდებოდა. როგორც ცესკოში განმარტეს, კანდიდატი საარჩევნო უბანზე არ შეიძლება დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდეს, მაგრამ მას შეუძლია, პროცესებს პარტიის წარმომადგენლის სტატუსით დააკვირდეს და ამ მხრივ, კანონში რაიმე შეზღუდვა არ არსებობს.

საარჩევნო საკითხებში ექსპერტის, ნინა ხატისკაცის შეფასებით, საარჩევნო უბანზე პარტიის წარმომადგენლის ყოფნა დარღვევა არ არის, მაგრამ ეს აშკარა საკანონმდებლო ხარვეზია, რადგან პარტიის წარმომადგენელს და დამკვირვებელს უბანზე ზუსტად ერთნაირი ფუნქცია-მოვალეობები აქვთ: „კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატი უბანზე დამკვირვებლის სტატუსით არ შეიძლება იყოს, მაგრამ მას შეუძლია, მოვლენებს პარტიის წარმომადგენლის სტატუსით დააკვირდეს. რეალურად კი, წარმომადგენელს და დამკვირვებელს უბანზე ერთნაირი ფუნქციები და უფლებები აქვთ. ფაქტობრივად, მხოლოდ სახელწოდებაშია განსხვავება. კანონის ამ ხარვეზს პარტიები ხშირად სათავისოდ იყენებენ ხოლმე. ბუნებრივია, როცა უბანზე კანდიდატი იმყოფება და მას ამომრჩევლები ცნობენ, ეს შესაძლოა, ჩაითვალოს ამომრჩევლის ნებაზე ირიბ ზემოქმედებად და ამის უფლება, პარტიებს კანონმა არ უნდა მისცეს. ეს არის საარჩევნო კოდექსის საკმაოდ სერიოზული ხარვეზი, რომელიც აუცილებად საჭიროებს გამოსწორებას“.

ამომრჩევლები და დამკვირვებლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისუფლად გადმოვიდნენ

სამხრეთ ოსეთისა და საჩხერის ე.წ. საზღვართან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა და ხმის მიცემა თავისუფლად შეძლეს სოფლებში: პერევში, სინაგურში, ჯრიაში, ცხომარეთში, ჭალასა და სპეთში. 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ეს არის პირველი არჩევნები, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა პირობითი საზღვრის გადმოკვეთა და არჩევნებში მონაწილეობა შეძლეს. მაგალითად, სოფელ ჯრიაში გახსნილ 46-ე საარჩევნო უბანზე ხმა მისცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ქარძმანში მცხოვრებმა ამომრჩევლებმა. უბანზე სულ 192 ამომრჩეველია რეგისტრირებული და მათგან 141 ოკუპირებული ტერიტორიაზე ცხოვრობს, დანარჩენი კი, ადგილობრივი ამომრჩეველია. შუადღისთვის დეფაქტო საზღვარი 50-მდე ამომრჩეველმა გადმოლახა და ხმის მიცემის პროცედურაშიც მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამომრჩევლებისა, აღნიშნულ უბანზე დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო პროცესებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 2 მოქალაქეც დააკვირდა. ისინიც აღნიშნავენ, რომ საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ. 

საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის პრობლემა

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელთა წინასწარი მონაცემებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა უკეთესად იყო მომზადებული. თუმცა, დაფიქსირებული დარღვევების უმეტესობა ამ არჩევნებზეც საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიონალიზმის დეფიციტით და კვალიფიკაციის ნაკლებობით არის გამოწვეული. 

საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ორ მაგალითს: 

1) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ლამბალოს 45-ე საარჩევნო უბანში გადასატან ყუთზე სულ 29 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მოთხოვნით, ყველა მათგანის მიერ მიცემული ხმა გაბათილდა. ხმების გაბათილების მიზეზი გახდა ის, რომ საარჩევნო სიებში არც ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა არ იყო დაფიქსირებული. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი განმარტავს, ამომრჩევლები შესაძლოა, ვერ ერკვევიან საარჩევნო პროცედურებში კარგად, მაგრამ კომისიის წევრები ვალდებულნი იყვნენ, მათთვის შეეხსენებინათ, რომ ხმის მიცემასთან ერთად, სიაში ხელიც უნდა მოეწერათ.

2) თელავის მუნიციპალიტეტის 39-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს უბნის დატოვება კატეგორიულად მოსთხოვა. თავის მოთხოვნას, იგი იმით ასაბუთებდა, რომ წარმომადგენელი საარჩევნო ყუთთან ზედმეტად ახლოს იდგა. დამკვირვებლის თქმით, უბანი იმდენად პატარა იყო, რომ პარტიის წარმომადგენელი ფიზიკურად ვერ შეძლებდა საარჩევნო ყუთიდან უფრო მოშორებით დადგომას, თანაც იგი არ ერეობა ხმის მიცემის პროცესში და არ უშლიდა ხელს არც კომისიას და არც ამომრჩეველს. 

კომისიის თავმჯდომარე ხმამაღალი, აგრესული ტონით მიმართავდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს და აიძულებდა მას, დაეტოვებინა უბანი. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ამ საკითხზე საჩივარი დაწერა, მაგრამ თავმჯდომარე საჩივრის დარეგისტრირებაზე უარს ამბობდა. საჩივრის დარეგისტრირების უფლება დამკვირვებელს მხოლოდ მას შემდეგ მიეცა, რაც საქმეში საოლქო საარჩევნო კომისია ჩაერია და მიუთითა თავმჯდომარეს, რომ იგი კანონს არღვევდა. საჩივრის დარეგისტრირების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს უბანზე ყოფნისა და საარჩევნო პროცესის დაკვირვების საშუალება მიეცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონიტორინგის პროექტს ფინანსურად მხარს უჭერს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“. მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრი მოამზადებს ანგარიშს.

16 ივნისს 13:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრში არჩევნების შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს. 

ახალი ამბები