კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ორმაგი არჩევანის უფლება - რეპორტაჟი პერევიდან და სხვა კონფლიქტისპირა სოფლებიდან

18 ივნისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ოთხი სოფლის - ქარძმანის, სინაგურის, თედელეთისა და ჯალაბათის მაცხოვრებლები ორი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა ერთიან სიაში გვხდებიან. პერევის საარჩევნო უბანზე 1020 ამომრჩევლიდან 74 ამომრჩეველი ოკუპირებულ სოფლებში ცხოვრობს, ხოლო ჯრიის საარჩევნო უბანზე 46 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რომელიც რეალურად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
  
ოკუპირებულ ქარძმანში დაახლოებით 80 ოჯახი ცხოვრობს, სინაგურში 32 კომლია რეგისტრირებული, თედელეთში - 7,  ჯალაბათში კი - 3 ოჯახი. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საჩხერის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის ხაზი მდინარე ყვირილას ხეობასთან გაევლო. მას შემდეგ აღნიშნული სოფლები სამხრეთ ოსეთის დე დაქტო იურისდიქციის ქვეშ არის და ჯავის რაიონს ეკუთვნის. იქ მცხოვრებლების დიდ ნაწილს დღეისათვის ორმაგი მოქალაქეობა აქვთ - საქართველოსი და სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკისა. 15 ივნისს მათ სურდათ მოქალაქეობრივი ვალი მოეხადათ საქართველოს სახელმწიფოს წინაშე და მონაწილეობა მიეღოთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრაში. ამისათვის კი ოკუპაციის ხაზის გადმოკვეთა იყო საჭირო. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა არჩევნებში მონაწილეობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობამ და რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, მოსახლეობა მდინარის ხეობიდან ჩუმად მაინც იპარებოდა, არჩევანს აკეთებდა და უკან ბრუნდებოდა. ასევე მაღალი აქტივობა იყო გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც. ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის მიუხედავად, ამომრჩევლების ნაწილმა მაინც შეძლო არჩევნებში მონაწილეობა. 

15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, 40-მდე ამომრჩეველი გადმოვიდა ოკუპირებული ქარძმანიდან. მათ საკუთარი არჩევანი ჯრიის საარჩევნო უბანზე გააკეთეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებს რამდენიმე რესპოდენტმა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სახელი და გვარი არ გაუმხილა. თუმცა, იყვნენ ისეთები, ვინც ღიად საუბრობდნენ. 

სევერიან ამირანაშვილი ქარძმანის მკვიდრია. ამბობს, რომ ამ არჩევნებზე, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, პირველად მისცეს უფლება რუსმა და ოსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულიყვნენ და საარჩევნო კენჭისყრაში მიეღოთ მონაწილეობა.

გივი ბახტურიძე, ქარძმანის მკვიდრი: „სხვა დროს იყო პრობლემები, არ გვიშვებდნენ, მაგრამ ახლა უპრობლემოდ გამოგვიშვეს. მანქანით გადმოვედით, მივეცით ხმა და ვბრუნდებით უკან“.

ჯრიის საარჩევნო უბნაზე კომისიის ორი წევრიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი იყო. მათაც უპრობლემოდ გადმოლახეს პირობითი საზღვარი. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს შემდეგ, შიდა ქართლის რეგიონისგან განსხვავებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლების მოსახლეობას მაინც აქვთ ურთიერთობა მიმდებარე ოკუპირებული სოფლების მაცხოვრებლებთან. ხეობა დიდია, სრულად ვერ კონტროლდება ვერც რუსი და ვერც ოსი საჯარისო ნაწილების მხრიდან და ვერც ქართული პოლიციისგან.   

ოკუპირებულ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა როცა ცხადდება, გამშვები პუნქტი რამდენიმე დღით იკეტება. გამშვები საგუშაგო პუნქტი საავტომობილო გზაზეა გაკეთებული.  სოფელ პერევში ორი საგუშაგოა. „კომენდანტის საათის“ გამოცხადების დროს მოსახლეობა მდინარის ხეობიდან საცალფეხო ბილიკებით გადადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და პირიქით. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს ქართულ-ოსური შერეული ოჯახები წარმოადგენენ. იქაურები სურსათ-სანოვაგეს საჩხერის მუნიციპალიტეტიდან იმარაგებენ და ხშირად უწევთ გავლებული ოკუპაციის ხაზის გადმოკვეთა. ნებართვის შემთხვევაში, ისინი გამშვები საგუშაგო პოსტის გავლით გადმოდიან, ხოლო როდესაც ოკუპირებული საზღვრები იკეტება, უნებართვოდ მდინარე ყვირილას ხეობიდან, საცალფეხო ბილიკის გავლით ცდილობენ გადმოსვლას.  

აღნიშნულ სოფლებში მაცხოვრებლებს ე.წ. ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. ქართულთან ერთად, მათ სამხრეთ ოსეთის არაღიარებული სახელმწიფოს პასპორტების აღებაც მოუწიათ, რათა ოკუპირებულ სოფლებში მყოფ ახლო ნათესავებთან კომუნიკაცია ჰქონდეთ. იმ ადამიანებს, რომლებსაც ოსური პასპორტები ახლობლებთან ურთიერთობის გამო აიღეს, ცოტა ხნის წინ ცხინვალში დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნებში მიიღებინეს მონაწილეობა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება საოკუპაციო რეჟიმის ლმობიერება ახლანდელ არჩევნებთან დაკავშირებით - რაკი დე ფაქტო პარლამენტის არჩევაში მიიღეს მონაწილეობა, მათ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც მისცეს.      
  
საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ოთხი სოფლის - ქარძმანის, სინაგურის, თედელეთისა და ჯალაბათის მაცხოვრებლები  საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან, ასევე, სარგებლობენ საპენსიო თანხით და სოციალური დახმარებითაც. ისინი პარალელურად, ასევე იღებენ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დანიშნული პენსიასაც. 

რუსმა და ოსმა საჯარისო ნაწილებმა ოკუპაციის ხაზთან რადარები და კამერები დააყენეს. გარკვეულ პერიმეტრზე ისინი აკონტროლებენ ოკუპაციის ხაზე გადმსვლელ-გადმომსვლელებს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე  და ოკუპაციის საზვრისპირა სოფლებში მაცხოვრებლები მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ. სოფელ პერევში მესაქონლეობას თითქმის აღარავინ მისდევს, რადგან საძოვრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ადგილობრივების სასოფლო-სამეეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილიც ოკუპაციის ხაზის იქეთ არის.  

ახალი ამბები