კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

'სამართლიანი არჩევნები' პრობლემურ უბნებზე შედეგების ხელახალი გადათვლისკენ მოუწოდებს

24 ივნისი, 2014
 
სივილ ჯორჯია

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), რომელიც საქართველოში უმსხვილესი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, ასობით „პრობლემურ“ უბანზე შედეგების ხელახალი გადათვლისკენ მოუწოდა. 
 
„სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების შესწავლის შემდეგ მისმა დამკვირვებლებმა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ტენდენციები გამოავლინეს, მათ შორის ბათილი ბიულეტენების მაღალი მაჩვენებელი და ასობით საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი დარღვევები; ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 617 საარჩევნო უბანია.

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის პროცესი „საკმაოდ პოზიტიურად“ შეაფასა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა და ასევე ბიულეტენების ჩაყრის ცალკეულ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ შემთხვევებს არ ქონია მასშტაბური ხასიათი და საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახდინა შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, გააბათილა შედეგები აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე, ზემო-ჩამოთვლილი დარღვევები არ ახდენს ზეგავლენას არჩევნების დღის საბოლოო შედეგებზე“, – ნათქვამია სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ 23 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 

„თუმცა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ არჩევნების გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კენჭისყრის დღის მიმდინარეობა, არამედ შედეგების შეჯამებისა და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესიც, რაც ერთიანობაში გვაძლევს საშუალებას შევაფასოთ, თუ რა ზეგავლენა იქონია ამ პროცესებმა არჩევნების საბოლოო შედეგებზე და რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“.

სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ამ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების სიმრავლეს გაუსვა ხაზი. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს თბილისის გარეთ ორი ბიულეტენის შემოხაზვა უწევდა, 2014 წელს კი ბიულეტენების რიცხვი სამამდე გაიზარდა. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, 2014 წელს ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 4 პროცენტული პუნქტით 5%–მდე გაიზარდა. „სამართლიანი არჩევნების“ თანახმად, ბათილი ბიულეტენების პროცენტული მონაცემი ყველაზე მაღალია პროპორციული შემაჯამებელი ოქმების მიხედვით და საშუალოდ შეადგენს 5%-ს. გამგებლის, მაჟორიტარული და მერის შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებელი 4%-ია. 

15 ივნისს თბილისის მერის არჩევნებზე მიცემული ხმების 3.97% გაბათილდა; ეს მაჩვენებელი თბილისის მერის ოთხი წლის წინანდელ არჩევნებზე 1.5%–ს შეადგენდა, Civil.ge-ის დაანგარიშების თანახმად.  

ბათილი ბიულეტენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვემო ქართლის და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში მდებარე ოლქებში დაფიქსირდა (საშუალოდ 8–9%), ასევე საგარეჯოს ოლქში, განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომლის თქმითაც, ამ რეგიონების ზოგიერთ ოლქში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 15%–ს აღწევს.

„სამართლიანი არჩევნები“ არ გამორიცხავს იმ  გარემოებას, რომ ბათილი ბიულეტენების ასეთი დიდი მაჩვენებელი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სირთულით – ამომრჩევლებს სამი ბიულეტენის შევსება მოუხდათ: ერთი პარტიული სიით, მეორე მაჟორიტარული, ხოლო მესამე მერების ან გამგებლების არჩევნებისთვის.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, ბათილი ბიულეტენების ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება ყოფილიყო „მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობა და დამოკიდებულება“ ამ არჩევნების მიმართ. ხშირად ამომრჩეველი თავის პროტესტს იმით გამოხატავს, რომ ყველა კანდიდატს უსვამს ხაზს, რაც ამ ბიულეტენის ბათილობას იწვევს. ბიულეტენი ნამდვილად ითვლება, თუ მასში მხოლოდ ერთი კანდიდატი ან პარტიაა შემოხაზული.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე განაცხადა, რომ ასობით საარჩევნო უბანზე 1 000-ზე მეტი  ხარვეზი და დარღვევა დააფიქსირდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

სადამკვირვებლო ორგანიზაციის თქმით, შედეგების შემაჯამებელ 500-მდე ოქმს აკლდა საჭირო რეკვიზიტები, როგორიც არის კომისიის ბეჭედი, საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერები, ოქმის შედგენის თარიღი და სხვა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ ასევე განაცხადა, რომ  შედეგების შემაჯამებელ 500-მდე ოქმში არ იყო დაცული ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგების შემაჯამებელ ოქმებში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობას მიმატებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მეტია ან საგრძნობლად ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე. რიგ შემთხვევებში ოქმებს საარჩევნო უბნებზე ერთვოდა შესწორების ოქმები, თუმცა, ორგანიზაციის თქმით, უმეტესწილად შემაჯამებელ ოქმებს შესწორების ან ახსნა-განმარტების ოქმები მოგვიანებით დაურთო საოლქო საარჩევნო კომისიამ ან ცესკომ.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, თავდაპირველი მონაცემები შეიცვალა, დაახლეობით, 50  შემაჯამებელ ოქმში;  შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების გადასწორების ყველაზე მეტი (24) შემთხვევა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კერძოდ ახალქალაქისა და ახალციხის ოლქებში.

ორგანიზაციის თქმით, საერთო ჯამში შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და ქალაქ თბილისში.

„სამართლიანი არჩევნები“ მიესალმა იმ ფაქტს, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული ხარვეზების და დარღვევების გამოსწორების მიზნით, საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მოახდინეს „მყისიერი რეაგირება“ და გარკვეულ შემთხვევებში გამოასწორეს ხარვეზები შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული პრობლემების მიზეზების შესწავლისა და რიგ შემთხვევებში საოლქო საარჩევნო კომისიებში შედეგების ხელახალი გადათვლის მეშვეობით.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, შესაძლოა, შეცდომები გამოწვეული იყოს საარჩევნო უბნებზე „არაკვალიფიციური“ კადრებით.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს ყველა ფაქტი და იმ კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომები და დარღვევები, გამოიყენოს ადმინისტრაციული და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები. ამასთან, აღნიშნული პირები აღარ შეარჩიოს კომისიის წევრებად მომავალ არჩევნებზე“, – განაცხადა „სამართლიანმა არჩევნებმა“.

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე არ გამორიცხავს იმ  გარემოებას, რომ ბათილი ბიულეტენების ასეთი დიდი მაჩვენებელი, შესაძლოა, განპირობებული იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სირთულით და/ან მოსახლეობის ნიჰილისტური განწყობითა და დამოკიდებულებით ამ არჩევნებისადმი. თუმცა, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ასევე, იმ საარჩევნო უბნებზე, რომელთა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დისბალანსები და გადასწორებები“, – განაცხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ,  „ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული  მხარე - საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ათობით საარჩევნო უბნის შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს; ეს უბნებია რუსთავის, ქუთაისის, ზუგდიდის, მარტვილის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისაა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონში.

განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს დაინიშნა იმ შვიდ უბანზე, სადაც ადგილობრივი არჩევნების შედეგები ან გაუქმდა, ან არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესი ჩაიშალა.

ახალი ამბები