კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიტიკოვის დაკავების ფაქტს ოსური მხარე კვლავ უარყოფს

3 ივლისი, 2014
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, რომან შიტიკოვის ადგილსამყოფელის დადასტურებას ქართული მხარე ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებისგან. შიტიკოვის გაუჩინარების დღიდან ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე, ამ ფაქტზე მსჯელობა ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.  

1 ივლისს ერგნეთში გამართულ მორიგ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლი გოჩა რატიანი კვლავ დაუბრუნდა შიტიკოვის საკითხს. დე-ფაქტო მთავრობას  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ხოხ გაგლოითი წარმოადგენს. იგი შიტიკოვის დაკავებასა და მის ცხინვალის იზოლატორში ყოფნას კატეგორიულად უარყოფს. თუმცა, ქართულ მხარეს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შიტიკოვი სწორედ ცხინვალის საპყრობილეშია.

გოჩა რატიანი, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია შიტიკოვის შესახებ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. თუმცა, მათ უარყვეს ეს ინფორმაცია და განაცხადეს, რომ შიტიკოვი არ დაუკავებიათ და არც საპატიმროში არ იმყოფება. ჩვენ ბუნებრივია, აღნიშნულით არ შემოვიფარგლებით და ამ საკითხზე ვაგრძელებთ მუშაობას“. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის პარალელურად, ყოფილი სამხედრო პირის  ცხინვალის იზოლატორში ყოფნას ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის აპარატი კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს,  რომ ბოლოს შიტიკოვი სწორედ ცხინვალის საპყრობილეში ნახეს. 

„მიგვაჩნია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს“, - ნათქვამია ომბუდსმენის  მირ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის დე- ფაქტო ხელისუფლებას, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ადამიანის უფლებათა დაცვით საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მყისიერად მოახდინონ რეაგირება შიტიკოვის საკითხზე და უზრუნველყონ მისი დროული გათავისუფლება. 

გავრცელებული ინფორმაციით, რომან შიტიკოვი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილაში დააკავეს რუსმა საჯარისო ნაწილებმა და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. რომან შიტიკოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გამოჩენილი მხედრული მამაცობისთვის საქართველოს მთავრობამ დაჯილდოვა. 

საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და ომბუდსმენი, ოსური მხარის მიერ  შიტიკოვის საქმის საგულდაგულოდ დამალვაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ,  რადგან მათთვის უკვე ცნობილია, რომ შიტიკოვს დახვრეტით ემუქრებოდნენ, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. 

შსს-ს ინფორმაციით შიტიკოვის დაკავება  15 აპრილს დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, მაგრამ 23 აპრილს უარყვეს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის 47-ე შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

ახალი ამბები