კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა ყოფილი პოლიტპატიმრების სამართლებრივი რეაბილიტაციისა და რეპუტაციის აღდგენის შესახებ

8 ივლისი, 2014
 
ყოფილი პოლიტპატიმრის ზვიად ხარებავას საბანკო ანგარიშებს ისევ ყადაღა ადევს.  მიუხედავად იმისა, რომ ხარებავა პატიმრობიდან პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლდა, შეღავათი არ შეხებია ჯარიმის სახით დაკისრებულ 50 000 ლარს. არადა, პოლიტპატიმრის სტატუსი ზვიად ხარებავას მიენიჭა სწორედ იმ უკანონო განაჩენიდან გამომდინარე, რის საფუძველზეც აქვს დაკისრებული აღნიშნული ჯარიმა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს ამ ფაქტთან დაკავშირებით და თვლის, რომ სახელმწიფო მოქალაქეს პოლიტპატიმარად როცა აღიარებს, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მისი რეაბილიტაციისა და უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურება, ნაცვლად მისთვის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის აღსრულებისა. 

ზვიად ხარებავას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა  კოლეგიის 2010 წლის 1 სექტემბრის განაჩენით მიესაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. ასევე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. 

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით ზვიად ხარებავას მიენიჭა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირის სტატუსი. ხოლო 2013 წლის 13 იანვარს, როგორც პოლიტპატიმარი, განვთავისუფლდა  სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე. თუმცა, იგი არ განთავისუფლებულა დამატებითი სასჯელისგან. მას  დღემდე ერიცხება ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით. 

დამატებით სასჯელთან დაკავშირებით, 2011 წლის 28 ივნისს გამოიცა სააღსრულებო ფურცელი და 2014 წლის 28 მარტს ზვიად ხარებავას საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა. აღნიშნულიდან გამომდინარე,  იგი დადგა სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს, მოახდინა შესაბამისი რეაგირება ზვიად ხარებავას საქმის მიმართ აღსრულების შეჩერების თაობაზე. პარლამენტმა, ნაცვლად იმისა, რომ ეზრუნა კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე, რაც უზრუნველყოფდა პოლიტპატიმრების სრულ სამართლებრივ რეაბილიტაციას, კონკრეტულ საქმეზე აღსრულების შეჩერების თხოვნით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ისიც საინტერესოა, რომ პარლამენტის ეს კონკრეტული მიმართვაც უშედეგო აღმოჩნდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია, პარლამენტმა გონივრულ ვადაში შექმნას ქმედითი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები