კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატების საქმიანობის უკანონო შეზღუდვის შესახებ

18 ივლისი, 2014
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა მიერ ადვოკატსა და მსჯავრდებულს შორის წერილობითი მიმოწერისა და ადვოკატის  ჩანაწერების კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევის ფაქტების თაობაზე.

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხშირია შემთხვევები, როცა მსჯავრდებულთან შეხვედრის წინ, ადვოკატის უსაფრთხოების კონტროლის გავლისას, დაწესებულების ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა მიერ ხორციელდება ადვოკატებისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულების წერილობითი  მიმოწერისა და ადვოკატის წერილობითი ჩანაწერების არა მარტო ვიზუალური, არამედ შინაარსობლივი კონტროლიც. 

ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებს ჰქონდათ არაერთი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულთან შევხედრამდე შემოწმების გავლისას, ციხის თანამშრომლები არ ატანდნენ მათ დაწესებულებაში მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის მიწერილ წერილობით განცხადებებს, ასევე - ადვოკატის ჩანაწერებს, მათი შინაარსის დეტალურად გაცნობის გარეშე. 

ციხის თანამშრომლები რამდენიმე წუთის განმავლობაში კითხულობენ განცხადებებისა და ადვოკატის  ჩანაწერების რვეულს, შემდეგ კი ისინი მიაქვთ გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ილია პინტურიასთან, რომელიც ასევე დეტალურად ეცნობა მიმოწერის შინაარსს და ადვოკატის კუთვნილ წერილობით დოკუმენტაციას.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებს ბოლო ასეთი შემთხვევა ჰქონდათ მიმდინარე წლის 16 ივლისს, როდესაც ციხის თანმშრომლებმა ადვოკატებს უარი განუცხადეს მსჯავრდებულსა და ადვოკატს შორის მიმოწერის დოკუმენტაციის შეტანაზე მათი შინაარსობლივი გაცნობის გარეშე, შემდეგ კი იგი გასაცნობად აუტანეს დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ილია პინტურიას.

ციხის თანამშრომლებს  საკითხის გასარკვევად დირექტორის მოადგილესთან გაჰყვნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატები. ილია პინტურიამ ადვოკატებს განუცხადა, რომ იგი კანონს არ არღვევდა, #8 დაწესებულებაში ამგვარი ქმედება დადგენილი იყო შიდა დებულებით და იგი კვლავაც გააგრძელებდა მსგავს პრაქტიკას.
 
საქართველოს პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს, რომ მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. 

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად, საადვოკატო საქმიანობის ძირითად პრინციპებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ასევე - საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპები. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ადვოკატმა მიიღო კლიენტისაგან, ხოლო მათ შორის მიმოწერა ხელშეუვალია. კლიენტი ადვოკატს ანდობს ნებისმიერი სახის ინფორმაციას მხოლოდ იმ იმედით, რომ ის არ გახდება ცნობილი გარეშე პირთათვის კლიენტის ნების საწინააღმდეგოდ. ადვოკატის დამოუკიდებლობა კანონის უზენაესობის ძირითადი ელემენტია და ეს გაწერილია როგორც საერთაშორისო, ისე შიდასახელმწიფოებრივ სამართლის ნორმებში. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე  - Michaud v.France კონფიდენციალობის პრინციპთან დაკავშირებით გააკეთა მნიშვნელოვანი განმარტება და დაადგინა, რომ ადვოკატსა და მის კლიენტს შორის მიმოწერა, მისი მიზნის მიუხედავად, პრივილეგირებული სტატუსით სარგებლობს. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ადვოკატებს დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფუნდამენტური როლი ენიჭებათ.  

ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითად პრინციპებში მითითებულია, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატსა და კლიენტს შორის სრული კონფიდენციალობის დაცვა, სახელმწიფოს მიერ  გარანტირებული უნდა იყოს ადვოკატის საქმიანობის დროს მასსა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს შორის  წარმოებული კომუნიკაციისა და  კონსულტაციების კონფიდენციალობის დაცვა. 

გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისა და თანამშრომელთა ქმედებები არსებითად ხელყოფს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ  კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების შეუფერხებლობას და  იურიდიული პროფესიის ძირითად ღირებულებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ცენტრი ოფიციალურად მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მოუწოდებს მათ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სასწრაფოდ გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები ზემოაღნიშნული უკანონო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  

ახალი ამბები