კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია შეშფოთებულია აზერბაიჯანში უფლებადამცველების დევნისა და დაპატიმრების თაობაზე

8 აგვისტო, 2014
 
აზერბაიჯანი: გახშირებული რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე ჩირქს სცხებს აზერბაიჯანის მიერ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობას (თავმჯდომარეობას).

პარიზი-ჟენევა, 2014 წლის 6 აგვისტო - უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციისა (FIDH) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) ერთობლივი პროგრამა, გმობს გამოჩენილი უფლებადამცველების, რასულ ჯაფაროვის, ლეილა იუნუსისა და არიფ იუნუსოვის დევნასა და დაპატიმრებას და მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეწყვიტონ მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და წარმომადგენლებზე.

რასულ ჯაფაროვი, პოლიტიკური პატიმრების უფლებების აქტიური დამცველი 2006 წლიდან და კამპანიების - „იმღერე დემოკრატიისათვის“ და „ხელოვნება დემოკრატიისათვის“ აქტიური მონაწილე, 2014 წლის 2 აგვისტოს დაიკითხა აზერბაიჯანის მთავარი პროკურატურის მძიმე დანაშაულების საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ, ისეთ ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიც არის გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება (აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 213-ე, 192-ე და 308.2-ე მუხლები).

იმავე დღეს, ნასიმის რაიონულმა სასამართლომ ბატონ ჯაფაროვს შეუფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მანამდე, 2014 წლის 25 ივლისს, მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება, მას შემდეგ, რაც ანგარიში წარადგინა აზერბაიჯანის პოლიტიკური პატიმრების შესახებ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) 2014 წლის ივნისში. 2014 წლის 29 ივლისს, აზერბაიჯანის ბეიუკ-კიასიკის სასაზღვრე პუნქტიდან მას ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცეს.

2014 წლის 30 ივლისს პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ქ-ნი ლეილა იუნუსი, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (IPD) დირექტორი და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციის (OMCT) გენერალური ასამბლეის წევრი. მას მიუსაჯეს სამი თვით წინასაწარი პატიმრობა შემდეგი ბრალდებებით: სახელმწიფო ღალატი (სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლი), თაღლითობა დიდი ოდენობით (178.3.2. მუხლი), ყალბი დოკუმენტის დამზადება (320-ე მუხლი), გადასახადისაგან თავის არიდება (213-ე მუხლი) და უკანონო ბიზნესი (192-ე მუხლი). ბრალდება წაუყენეს ასევე მის მეუღლეს, ბ-ნ არიფ იუნუსოვს, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტიის კონფლიქტოლოგიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო ღალატისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან დაკავშირებით. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი თავიდანვე არ დაუკავებიათ. სამართალდამცავებმა მოგვიანებით, 2014 წლის 5 აგვისტოს ბატონი იუნუსოვიც დააკავეს. სასამართლომ მასაც სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია ძალიან შეშფოთებულია იმით, რომ ბ-ნი ჯაფაროვის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები და ქ-ნი იუნუსოვის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების ნაწილი იგივეა, რაც თავის დროზე წაუყენეს ბატონ ანარ მამადლის - საარჩევნო მონიტორინგისა და დემოკრატიის სწავლების ცენტრის (EMDSC) თავმჯდომარესა და ბატონ ბაშირ სულეიმანს, EMDSC-ის აღმასრულებელ დირექტორს. ორივე მათგანი დამნაშავედ სცნო სასამართლომ გადასახადების თავიდან არიდების, უკანონო ბიზნესისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დანაშაულებში, შესაბამისად, 5.5 და 3.5 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2014 წლის 26 მაისს.

ამას გარდა, 2013 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის პარლამენტმა მიიღო რიგი საკანონმდებლო ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციების, გრანტებისა და გადასახადების შესახებ, რამაც სერიოზულად შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. აღნიშნული ცვლილებების თანახმად, არარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ მიიღებენ გრანტს, ყველა გრანტი და ქვე-გრანტი უნდა იყოს რეგისტრირებული და ნებართვა გრანტის გაცემის შესახებ გაიცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრო დაადასტურებს საგრანტო ხელშეკრულებას. მართალია, არარეგისტრირებული გრანტით მუშაობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ დანაშაულს, მაგრამ სასამართლოებს შეუძლიათ ასეთი თანხები ჩათვალონ პირად შემოსავლად და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აღძრან მიმღები პირის წინააღმდეგ გადასახადების თავიდან არიდების გამო. 17 მარტს ცენტრალურმა ბაკმა შეცვალა ინსტრუქციები საბანკო ტრანსფერებთან დაკავშირებით და აკრძალა არარეგისტრირებული გრანტების გაცემა. აპრილის განმავლობაში 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში დაიბლოკა. 

2014 წლის 3 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობასთან დაკავშირებულ სხვა ცვლილებებს, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს დროებით ან მუდმივად აკრძალოს ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა. აღნიშნულ ცვლილებებს შემოაქვს ახალი დანაშაულების ცნება, რაც დასჯადია ჯარიმით. ჯარიმა 2,500-3000 აზერბაიჯანულ მანათამდე გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რაც დაახლოებით 2,600 – 3.100 ევროს უდრის, ხოლო ადგილობრივი და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორებისათვის ჯარიმა 1,000 – 2,000 აზერბაიჯანულ მანეთს უტოლდება (დაახლოებით 1,000 - 2,100 ევრო). აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს დამატებითი ადმინისტრაციული მოთხოვნებისა და შემოწმების/კონტროლის გზებს არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.

აღნიშნული ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებმაც მიიღეს უცხოური გრანტი, მათ შორის - ადამიანის უფლებათა კლუბის წინააღმდეგ, რომელსაც უძღვებოდა ბატონი ჯაფაროვი 2010 წლიდან 2014 წლამდე. 2014 წლის 6 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები.

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია გმობს ქ-ნი ლეილა იუნუსისა და ბატონების, რასულ ჯაფაროვის, ანარ მამადლის, ბაშირ სულეიმანოვისა და არიფ იუნუსოვის უკანონო დაკავებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას, რისი მიზანიც არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მათი აქტივიზმის შეჩერება. ობსერვატორია ღრმა წუხილს გამოხატავს მათი კოლეგების ბედის გამო, რომლებიც ჯერჯერობით თავისუფალნი არიან, მაგრამ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს. ობსერვატორია ასევე გმობს ბ-ნი ჰილალ მამადოვის, თალიში ეთნიკური უმცირესობების უფლებადამცველის პატიმრობას.  

ობსერვატორია ასევე შეშფოთებას გამოხატავს დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტების მიერ ხელისუფლების მიმართ „ერთგულების’’ გაცხადების ფაქტებთან დაკავშირებით. 2014 წლის 31 მარტსა და 13 მაისს, ბ-ნი ჰასან ჰუსეინლი, არასამთავრობო ორგანიზაციის, საგანმანათლებლო ცენტრ „ინტელექტუალური მოქალაქის’’ თავმჯდომარე და ბატონი ემილ მამადოვი, არასამთავრობო ორგანიზაცია, „დემოკრატიის ხელშეწყობის’’ თავმჯდომარე დააპატიმრეს გაუგებარი ბრალდებებით. 2014 წლის 14 ივლისს, ბ-ნ ჰუსეინლის მიუსაჯეს ხუთი წლითა და 11 თვით პატიმრობა ე.წ. იარაღის უკანონო ტარებისა და ხულიგნობისათვის. ბატონი მამადოვი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ფულის გამოძალვის ყალბი ბრალდებით. ორივე მათგანი გამუდმებით მიუთითებდა საკუთარ უდანაშაულობაზე. მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები ბევრი ადგილობრივი უფლებადამცველის მიერ მიჩნეულია როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. 2014 წლის 6 აგვისტოს, ორივე მათგანმა წერილები გაუგზავნა ციხიდან პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. აღნიშნულ წერილებში ისინი უარყოფდნენ მათი დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივებს და მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტ ალიევსა და აზერბაიჯანის ჯარს. ობსერვატორია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს, რომ აღნიშნული წერილები შეიძლება ყოფილიყო საპატიმროებში მათ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის შედეგი.

ზემოაღნიშნული ყველა საქმე მხოლოდ ნაწილია იმ დევნისა და შევიწროების პრაქტიკისა, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების იმ აქტივისტების დასჯისა და გაჩუმების მიზნით ახორციელებს, რომლებიც ხმას იმაღლებენ აზერბაიჯანის მთავრობის მიერ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. ასეთი რეპრესიები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ სხვა ქმედებებთან ერთად, ჩირქს სცხებს აზერბაიჯანის მიერ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობას (თავმჯდომარეობას).

ობსერვატორია მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ქ-ნი ლეილა იუნუსი და ბატონები, რასულ ჯაფაროვი, ანარ მამადლი, ბაშირ სულეიმანი, არიფ იუნუსოვი და ჰილალ მამადოვი, რადგანაც მათი დაკავება არის უკანონო, რისი ერთადერთი მიზეზიც არის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მათი აქტივიზმის შეჩერება. ობსერვატორია ასევე მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დასრულდეს უფლებადამცველების დევნა და შევიწროება აზერბაიჯანში და უზრუნველყოფილ იქნას მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესალიების გარეშე.

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია ასევე დაჟინებით მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შესაბამისობაში მოიყვანოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა გაეროს უფლებადამცველთა შესახებ დეკლარაციის დებულებებთან, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1998 წლის 9 დეკემბერს მიიღო, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონალურ ინსტრუმენტებთან, მათ შორის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან. 

უფლებადამცველთა დაცვის ობსერვატორია

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 FIDH: ოდრი კუპრე/არტურ მანე: + 33 (0) 1 43 55 25 18
 OMCT: დელფინე რეკულე: + 41 (0) 22 809 49 39 

ახალი ამბები