შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
კოდორელი დევნილები, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთ გარეუბანში, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში ცხოვრობენ, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე ჩივიან. როგორც ამბობენ, წელსაც, გასული წლების მსგავსად, აგვისტოს მძიმე დღეებში, ისინი არც ადგილობრივმა და არც ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგელებმა არ მოინახულეს.
„საწყენია მათი საქციელი, მათი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ. მხოლოდ ყურადღებას და აგვისტოს საშინელი დღეების თუნდაც ერთად გახსენებას. იმ დღეების პატივისცემას, რომელიც ჩვენი ტკივილია. ჩვენც ვართ იმ საშინელი დღეების მსხვერპლი. აგვისტო ჩვენი ტრაგედიაცაა. ამდენხანს ჟურნალისტებს მაინც ვახსოვდით. ახლა ისინიც აღარ გვსტუმრობენ“, - ამბობენ დევნილები ზემო აფხაზეთიდან.
ქუთაისის დევნილთა საცხოვრებელში კოდორის ხეობიდან დევნილი 48 ოჯახი ცხოვრობს. მათ 2008 წლის 10 აგვისტოს დატოვეს კოდორი, როცა რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა იქ ჭურვები ჩამოყარეს, მოგვიანებით კი ხეობა დაიკავეს.