კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სეპარატისტული აფხაზეთის ცესკოს თავმჯდომარის სახლის ეზოში ხელყუმბარა ააფეთქეს

21 აგვისტო, 2014
 
სივილ ჯორჯია

სეპარატისტული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბატალ ტაბაღუას საცხოვრებელი სახლის ეზოში ნასროლი ხელყუმბარა აფეთქდა, იტყობინება „აფსინიპრესი“.

აფეთქების შედეგად, რომელიც 20 აგვისტოს სოხუმში ადგილობრივი დროით ღამის დაახლოებით 4:05 საათზე გაისმა, არავინ დაშავებულა.

პროკურატურის თანახმად, გამოძიება  საბრძოლო მასალის გამოყენებით ხულიგნობის მუხლით აღიძრა, თუმცა განიხილება ვერსიები თავდასხმის შესაძლო კავშირზე ტაბაღუას სამსახურეობრივ საქმიანობასთან.

ინციდენტი ოთხი დღით უსწრებს 24 აგვისტოს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილ ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად მაისში თანამდებობის დატოვება მოუწია.

არჩევნებში ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს: რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის ლიდერი, რომელიც ანქვაბის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო; ასლან ბჟანია, უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი, რომელსაც პარტია ამცახარა, ანქვაბის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანება უმაგრებს ზურგს;  მერაბ ქიშმარია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი; და ლეონიდ ძაფშბა, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა 2011 წლის ოქტომბრამდე. ძაფშბა იმ ოპოზიციურ მოძრაობაში იყო, რომელმაც ანქვაბის გადადგომას მიღწია, თუმცა თვითონ გადაწყვიტა კენჭისყრა ხაჯიმბას კანდიდატურის მხარდაჭერის ნაცვლად.

სეპარატისტული რეგიონის ცესკომ სამართალდამცველებს მოუწოდა ყურადღებით გამოიძიოს „ტერორისტული აქტი“.

„აფხაზეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია ერთსულოვნად უცხადებს მხარდაჭერას ცესკოს თავმჯდომარეს ბატალ ტაბაღუას და ირწმუნება, რომ ცესკო არ აყვება არავითარ პროვოკაციას და პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის თავის საქმიანობას ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში განაგრძობს“, - აღნიშნა ცესკომ თავის განცხადებაში.

პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ  ასევე მოუწოდა სამართალდამცავებს ინციდენტის სრულყოფილი გამოძიებისაკენ და რეგიონის ცესკო შეაქო, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტი“.

„მაგრამ ყველა პოლიტიკური ძალა აფხაზეთსა და მის ფარგლებს გარეთ არ ზიარებს ამ მოსაზრებას; ინციდენტი არ შეიძლება სხვაგვარად შეფასდეს, თუ არა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობა“, - განაცხადა ბჟანიამ თავის განცხადებაში 20 აგვისტოს.

ივნისში ცესკოს თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების იმ ჯგუფმა გააკრიტიკა, რომელმაც ანქვაბის გადადგომას მიაღწია და მისი გადაყენება მოითხოვა, თუმცა ტაბაღუას მხარი ცესკოს წევრებმა დაუჭირეს.

რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბმა დაგმო ინციდენტი და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „ასეთი მეთოდები, რამაც შესაძლოა რესპუბლიკაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მიუღებელია“.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ლეონიდ ძაფშბამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ „ასეთი პროვოკაციების მოწყობა მხოლოდ იმ ძალებს შეეძლოთ რთული საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტისა და დემოკრატიის შელახვისკენ მიისწრაფიან“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა ყველა ღონეს მიმართავს დამნაშავეთა მოსაძებნად და დასასჯელად...  მოვუწოდებ ყველა კანდიდატს ძალისხმევა მიმართონ ქვეყანაში და საზოგადოებაში დაძაბულობის შემცირებისკენ“, - განაცხადა ძაფშბამ.

მერაბ  ქიშმარიას საარჩევნო შტაბმა  მომხდარი ინციდენტი დაგმო, როგორც „ცესკოს თავმჯდომარის დაშინებისკენ მიმართული პროვოკაცია“.

„ჩვენ ვიცით, რომ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც არსებობენ ძალები, რომლებიც დაინტერსებული არიან აფხაზეთში ქაოსისა და უკანონობის ვითარების შექმნაში თავიანთი ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია ქიშმარიას შტაბის განცხადებაში, „ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართულია ისედაც არცთუ მარტივი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის გართულებისკენ“. 

ახალი ამბები