კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პროკურატურამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის არადეკლარირებული საბანკო ანგარიშის შესწავლა დაიწყო

22 აგვისტო, 2014
 
სივილ ჯორჯია

მთავარმა პროკურატურამ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ამჟამინდელ ლიდერთან დავით ბაქრაძესთან დაკავშირებული 276 849 გირვანქა სტერლინგის ოდენობის არადეკლარირებული საბანკო ანგარიშის წარმომავლობის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

დავით ბაქრაძემ 20 აგვისტოს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში, სადაც განმარტა, რომ ეს თანხები მისი სიმამრის მიერ დაახლოებით 12 წლის წინ გაყიდული ქონებიდან მიღებული შემოსავალია, აღნიშნა, რომ ამ საბანკო შენატანს არანაირი კავშირი არ აქვს კანონის დარღვევით ან თანამდებობის გამოყენებით მიღებულ რაიმე სარგებელთან.

გამოძიების დაწყების საფუძველი, პროკურატურის განცხადებით, გახდა 19 აგვისტოს მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც,  ივლისში დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ  HCBS ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიში, სადაც განთავსებული იყო 276 849 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე. 

პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს თანხები ბევრად აღემატება ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ოფიციალურად დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს და ასახული არ არის მის ქონებრივ დეკლარაციაში, რომლის შევსებასაც მას, როგორც დეპუტატს, კანონი ყოველწლიურად ავალდებულებს.

გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის - დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის საფუძვლით დაიწყო, რომლის ფარგლებშიც „შეისწავლის როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე მათში დაფიქსირებული თანხების წარმომავლობის კანონიერებას“.

ფულის გათეთრების თაობაზე დანაშაული 9-დან 12-წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო დეკლარაციის შევსების წესების დარღვევისთვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვადით სამ წლამდე.

დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ თანხები, რომლის წარმომავლობის შესწავლა გამოძიებამ დაიწყო, 2002 წელს კრწანისში მისი სიმამრის მიერ შვეიცარიის საელჩოსთვის ქონების 400 000 აშშ დოლარად მიყიდვიდან მიღებული შემოსავალია, რომელიც 2009 წელს ბაქრაძის მეუღლემ მამის თხოვნით ბანკ HSBC -ის თბილისში იმჟამად არსებულ  ფილიალში განათავსა და განკუთვნილი იყო შვილიშვილებისთვის, რომლებიც ამ მემკვიდრეობით სარგებლობას სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შეძლებდნენ. ბაქრაძემ თავის წერილობით განცხადებასთან ერთად ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებათა ასლებიც გაავრცელა.

2010 წელს შევსებულ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, ბაქრაძეს მითითებული აქვს ბანკ HSBC-ში ანაბრის სახით განთავსებული 40 000 აშშ დოლარის შესახებ, თუმცა მომდევნო წლებში შევსებულ დეკლარაციებში HSBC-ში გახსნილი ანგარიშის შესახებ მითითებული არ არის.

ბაქრაძემ თავის განცხადებაში ასევე „აღშფოთება“ გამოთქვა იმის თაობაზე, რომ  „საქართველოში გრძელდება მოსმენის, თვალთვალის და პირადი ინფორმაციის გამოქვეყნების დაუსჯელი პრაქტიკა“.

„ფაქტი, რომ სრულიად გაურკვეველი გზით მოხდა კერძო წერილის გახსნა, წაკითხვა და ყალბი ანგარიშით ინტერნეტში ატვირთვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფართოდ იყენებს და ახალისებს პოლიტიკურ ოპონენტების დევნასა და თვალთვალს, აგრეთვე პირადი შურისძიების მიზნით პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნების პრაქტიკას“, - ნათქვამია დავით ბაქრაძის განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველომ 20 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დავით ბაქრაძის ქონებრივ დეკლარაციაში HSBC -ში არსებული საბანკო ანგარიში ასახული არ არის და თუ გავრცელებული ცნობა სიმართლეს შეესაბამება, „სახეზეა კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი“. ორგანიზაციამ ასევე მიანიშნა მეორე სახის შესაძლო კანონდარღვევაზე და მოუწოდა საგამოძიებო ორგანოებს დაინტერესდნენ, თუ რა გზით იქნა ეს ინფორმაცია მოპოვებული, ვინაიდან პირის ბანკთან მიმოწერა პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს და მისი უკანონოდ მოპოვება და გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

ფოტო: ka.wikipedia.org 

ახალი ამბები