კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პოლიტპატიმრების საქმეებისთვის „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვს

12 სექტემბერი, 2014
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრი ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრების საქმეებისათვის  გრიფის - „საიდუმლოს“ მოხსნას და ხელახალი  ობიექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 12 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

„ადამიანის უფლებათა ცენტრი თავის დროზე მხარს უჭერდა „ამნისტიის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან. ეს იყო სამართლიანი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ სამართლიანობის აღსადგენად მხოლოდ მათი გათავისუფლება არ არის საკმარისი. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეებს უნდა აეხსნას გრიფი „საიდუმლო“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი რეაბილიტაციისათვის. მათ უნდა მიეცეთ საშუალება, დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ავალიანი.

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვახტანგ მაისაია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, მაგრამ მის საქმეს დღემდე  გრიფი „საიდუმლო“ ადევს. 

ვახტანგ მაისაიას განცხადებით, მას ბრალს არა რუსეთის, არამედ დასავლეთის სპეცსამსახურების ჯაშუშობაში სდებდნენ: „ჩემს საქმეში არსებული გრიფის მიხედვით, მე გამოვდივარ დასავლეთის სპეცსამსახურების სრულუფლებიანი აგენტი. დოკუმენტში დაფიქსირებულია ნატოს სპეცსამსახურები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი და ევროკავშირი. ეს არის მტკიცებულება, რომელიც გამოძიებამ ჩემს საქმეს თან დაურთო. ამ დოკუმენტის მიხედვით, მე ვარ ნატოს სპეცსამსახურის ჯაშუში. მოვითხოვ, რომ ამით დაინტერესდნენ ნატოს წევრი ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებისა და საელჩოების წარმომადგენლები“.

გრიფი „საიდუმლო“ ადევს ასევე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და სკანდალურ „ფოტორეპორტიორების“ საქმეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, ფოტორეპორტიორები თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი. ორგანიზაცია პირველივე დღეებიდანვე  მოითხოვდა მათი, როგორც სინდისის პატიმრების გათავისუფლებას. მართალია, ფოტორეპორტიორები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ, მაგრამ ეს მოხდა მეტად უცნაური პირობებით საპროცესო შეთანხმების ძალით და მათ სასჯელი მაინც მიესაჯათ . ადამიანის უფლებათა ცენტრმა ჯერ კიდევ 2012 წლის ივლისში (ფოტორეპორტიორების გათავისუფლებიდან ერთი წლის თავზე) მოითხოვა ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფის „საიდუმლო“ მოხსნა

თამარ ავალიანის თქმით, ის ფაქტი, რომ ასეთი ტიპის საქმეებს დღესდღეობით გრიფი „საიდუმლო“ ადევს, სამართლებრივად მიუღებელია. „იგივე, ვახტანგ მაისაიას საქმეზე განაჩენი არის საჯარო, შესაბამისად, არ შეიძლება, განაჩენს დაედოს გრიფი. გრიფი შეიძლება დაედოს სახელმწიფო დანაშაულების შემცველ კონკრეტულ საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის, მაგრამ არ შეიძლება, მთლიან განაჩენს დაედოს გრიფი“. 

მიმდინარე წლის 14 ივლისს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა  განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და  ყოფილ პოლიტპატიმარ ვახტანგ მაისაიას სისხლის სამართლის საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნა მოითხოვა. ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია.

ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეში“ მონაწილე გიორგი აბდალაძის თქმით ის,  ამ დრომდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში იმყოფება. „სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს საქმეებში ფიგურირებდნენ, დღესაც თანამებობებზე არიან ძალოვან სტრუქტურებში. იმედი გვაქვს, რომ ადრე თუ გვიან ჩვენს საქმეებზე აიხსნება გრიფი. ჩვენ ვიბრძოლებთ ამისათვის და მივაღწევთ სასურველ შედეგს. სამწუხაროა, რომ დღესაც სამართლიანობის მოლოდინში ვართ“, - განაცხადა გიორგი აბდალაძემ.

გრიფი „საიდუმლო“ ადევს სიმონ კილაძის საქმესაც, რომელიც ასევე ჯაშუშობის მუხლით არის გასამართლებული. „არ ვმალავ, ამერიკის საელჩოს ვაწვდიდი ინფორმაციებს, მაგრამ არა საიდუმლოებას, არამედ ქართული პრესის მიმოხილვას. ამის შედეგად, საელჩო მიხდიდა გარკვეულ თანხას. ეს ყველაფერი ხდებოდა კანონის სრული დაცვით. ეს ფაქტი კი მთავრობამ დამალა. სავსებით ნათელია, რომ საქმე მართლაც მოითხოვს გადახედვას, უნდა აეხსნას გრიფით საიდუმლო და ხელახლა შემოწმდეს ყველაფერი“, - განაცხადა სიმონ კილაძემ.

თამარ ავალიანი პოლიტპატიმართა საქმეებში არსებულ სამართლებრივ შეუსაბამოებებზეც საუბრობს: „არ შეიძლება, ერთ სამართლებრივ სივრცეში ვსაუბრობდეთ პოლიტპატიმრებზე და იმავე სამართლებრივ სივრცეში არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენები, სადაც ეს ადამიანები ჯაშუშობის უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით იხდიდნენ სასჯელს. დღესაც არსებობს ეს განაჩენები, მათი განაჩენების გადახედვაზე კი საქმეთა წარმოება არ არის დაწყებული. მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლებრივად შეუსაბამო“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოხსნას გრიფი „საიდუმლო“ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლიტპატიმრების საქმეებზე. ამავე დროს, გაითვალისწინოს იმ ადამიანების საქმეების სპეციფიკაც, რომლებსაც მართალია, პოლიტპატიმრის სტატუსი არა აქვთ, მაგრამ მათ საქმეებში თვალნათლივ იკვეთება პოლიტიკური დევნის ნიშნები. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ასევე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო ზომები, პოლიტპატიმართა დროული და ეფექტური რეაბილიტაციისთვის.

ახალი ამბები