კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კრიმინოგენული ვითარების გამო პარლამენტში შესაძლოა საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს

15 სექტემბერი, 2014
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

ორი დღის წინ ქუთაისში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მეზობელი, 65 წლის მარტოხელა მამაკაცს სასტიკად სცემა. თავის ქალისა და ნეკნების მძიმე მოტეხილობით მევლუდ კოდუა იმერეთის სამხარეო საავადმყოფოში გადაიყვანეს, მომხდარის შესახებ კი, მედიას მისმა მეზობლებმა აცნობეს. შს სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ  ფაქტი ოფიციალურად არ დასტურდება, რადგან ადგილობრივი პოლიციისთვის არავის მიუმართავს და შესაბამისად, მოსაკვლევიც არაფერია. 

„ის საცოდავი კაცი, რომელიც საცხობში მუშაობდა, მეზობელმა, პატრულის თანამშრომელმა სცემა. მომხდარის შესახებ მეზობლებს  თავად დაზარალებულმა გვითხრა, მაგრამ ახლა საავადმყოფოში მას მორიგეობით დარაჯობენ და იქ არავის უშვებენ, რადგან აზრზე მოსვლის შემდეგ მან სიმართლე არ თქვას. პოლიცია უკვე იძახის, რომ იგი კი არ უცემიათ, დაეცა და ეს დაზიანებებიც სწორედ დაცემის შედეგია,“ - აცხადებენ მევლუდ კოდუას მეზობლები.

ისინი იმ საფრთხეზეც საუბრობენ, რომელიც დაზარალებულს შესაძლოა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დაემუქროს, იმ შემთხვევაში, თუ იგი მომხდარის შესახებ სიმართლეს მოყვება. 

„ეს კიდევ მეორე უბედურებაა, როცა შენს გასაჭირს ვერ ამხელ, რადგან მოძალადე პატრულის თანამშრომელია და მას ხომ არ დასჯიან? არადა, დასასჯელია. ეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება არაა? რა უფლებების დაცვაზე და ხალხის ინტერესების გათვალისწინებაზეა საუბარი იმის ფონზე, რაც ბოლო ხანს ჩვენს ქვეყანაში და უშუალოდ იმერეთის მხარეში ხდება. ქურდობა, ყაჩაღობა, ბავშვების დაუთოება, ძარცვა ქუჩაში, მკვლელობები. ეს იმის ბრალია, ციხის კარები რომ გახსნეს და ყველა დამნაშავე გარეთ გამოუშვეს,“ - ამბობს კოდუას ერთ-ერთი მეზობელი. 

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 2012 წლის 21 დეკემბერს მიიღო. ამნისტიის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით 3000 პატიმარი გათავისუფლდა, 1500-ს სასჯელი გაუნახევრდება, ხოლო მათ, ვისაც არც გათავისუფლება და არც დარჩენილი ვადის განახევრება შეეხოთ, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ.

მაშინ ხელისუფლებამ ამნისტიას ყველაზე ჰუმანური აქტი უწოდა, ხოლო ოპოზიცია, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, მოსალოდნელ საფრთხეებზე ალაპარაკდა. 

მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას აცხადებდა: "მართალია ძალიან ბევრ ადამიანს გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით უარყოფითი შეხედულებები ჰქონდა. თუმცა, მინდა დავამშვიდო ყველა და ვთქვა, რომ ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოში კრიმინოგენული თვალსაზრისით ვითარება დამძიმდება, აბსურდულია. დავამშვიდებ საზოგადოებას და ვიტყვი, რომ  საქართველოს შს სამინისტრო იზრუნებს, რათა ამნისტიის შესახებ კანონი სრულიად შესრულდეს."

დღეს პრემიერი ღარიბაშვილი კრიმინოგენულ მდგომარეობას სტაბილურად, ხოლო სამართალდამცველი სტრუქტურების მუშაობას დადებითად აფასებს.

სამაგიეროდ, აღშფოთებულია საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც შს მინისტრის გადაყენებას ითხოვს და აცხადებს, რომ სტატისტიკა, რომელსაც შს სამინისტრო აქვეყნებს, უხეშადაა გაყალბებული. „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რეალური ფაქტებით, რომელთა რიცხვი დღითიდღე კატასტროფულად იზრდება და ბოლო არ უჩანს,“ - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პავლე კუბლაშვილი.

გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებზე, ასევე, სასამართლოს მიერ მიღებულ არაადექვატურ განაჩენებზე საუბრობს სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის განმარტებით ბოლო პერიოდში გახშირებული ფაქტები საგანგაშოა. საჭიროა როგორც დროული გამოძიება, ასევე, პრევენციული ღონისძიებების გატარება: „ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ შს სამინისტრო და პროკურატურა, არამედ, სასამართლო. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის როლი. ვგულისხმობ საკმაოდ მსუბუქ სასჯელებს, რომლებიც მძიმე დანაშაულებებზე გამოიყენება. აქ მთლიანად საზოგადოების და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, რადგან მნიშვნელოვანია შეჩერდეს ეს პროცესი და მეტი ყურადღება გამახვილდეს პრევენციაზე. ჩვენ მომავალი მსგავსი საფრთხეები თავიდან უნდა ავიცილოთ.“

საფრთხეებს არ აღიარებს და თვლის, რომ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა, თუმცა, ამ მიმართულებით მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს მან დავალება მისცა - მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი შესაბამის ვადებში  განიხილავს.   

ახალი ამბები