კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების №7დაწესებულებაში გადაყვანას აპროტესტებს

19 სექტემბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

18 სექტემბერს პრაიმ–ტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამართა პრესკონფერენცია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე მსჯავრდებულის, გენადი ჯელაძის №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით.

ოჯახის წევრებისა და ასევე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, თამარ ავალიანის თქმით, გენადი ჯელაძე შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპით არის დაავადებული. იგი დღეში ოთხჯერ მოიხმარს ინსულინს. მსჯავრდებული არის წამების მსხვერპლი და სწორედ წარსულში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადატანილი ცემისა და წამების შედეგად დაავადდა.

გენადი ჯელაძე №7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 სექტემბრის საღამოს საათებში გადაიყვანეს. მანამდე ის იმყოფებოდა რუსთავის №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც გადიოდა სპეციალურ მკურნალობის კურსს, რაც უკანონოდ შეუწყდა გადაყვანის შემდეგ.

სასჯელაღსრულების №7 დაწესებულებაში გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებია, რაზეც სახალხო დამცველმა  არაერთი რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს, მაგრამ აღნიშნული პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.

თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „№7 სასჯელაღსრულების დახურული ტიპის დაწესებულებაში გაუსაძლისი პირობებია: ნესტი, უჰაერობა, სიბნელე... ორმაგი გისოსები თითქმის არ ატარებს ჰაერსა და სინათლეს, ვერც სავენტილაციო სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის მოწოდებას. ასეთ პირობებში გენადი ჯელაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მას დღეში ოთხჯერ სჭირდება ინსულინი, სჭირდება შესაბამისი კვება და პირობები.  ის უკვე ორჯერ გადაარჩინა თანამესაკნემ სიკვდილს“.

ლიკა ყაზბეგი, გენადი ჯელაძის მეუღლე:  „იმ პირობებში არამარტო ჩემი მეუღლე, არამედ თვით ჯანმრთელი ადამიანიც კი დაავადდება. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ განჩინებაში უსვამს ხაზს, რომ კონვენციის მესამე მუხლის თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს პირის მიერ სასჯელის მოხდა ადამიანის ღირსების პატივისცემის პირობებში, რათა სასჯელის აღსრულებამ არ გამოიწვიოს განსაცდელი და ტანჯვა, რომლის ინტენსივობაც გადააჭარბებს სასჯელით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მხარში უდგას გენადი ჯელაძის ოჯახს და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნა  საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამიტომ ორგანიზაცია მიმართავს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რათა სასწრაფოდ მოხდეს მსჯავრდებულ გენადი ჯელაძის გადაყვანა ნახევრად ღია ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ახალი ამბები