კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაუსრულებელი შიში ზემო მლეთაში

26 სექტემბერი, 2014
 
 გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org 

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ზემო მლეთა რამდენიმე წელია, სტიქიური უბედურების ზონაშია. წყალდიდობების სეზონზე სოფელს გვერდით ჩამომავალი მდინარე არაგვი წალეკვით ემუქრება. ამავე დროს, მდინარე შესაძლოა, ლომისის მთიდან ჩამოწოლილმა ღვარცოფმა გადაკეტოს და სოფელი მოულოდნელად დაიტბოროს.  ზემო მლეთელები დიდი ხანია, უსაფრთხო ადგილას გადასახლების მოლოდინში არიან, მაგრამ ეს მოლოდინი წლებია გრძელდება.

ოფიციალურად, ზემო მლეთაში რვა კომლი ცხოვრობს, მაგრამ როგორც მლეთელები ამბობენ, კომლთა რაოდენობა რეალურად თხუთმეტია. ადამიანები 24 საათი შიშში ცხოვრობენ - ტანჯვით სიკვდილის შიშში. ადიდებული არაგვი მოქალაქეებს სახლებში უვარდება. რამდენიმე წლის წინ სოფელში ტრაგედია დატრიალდა: მოვარდნილი ღვარცოფისა და ადიდებული მდინარის ნაზავმა 3 წლის ხატია ნაზღაიძე გაიტაცა. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

იმ დღიდან მოყოლებული, ტრაგედიის განმეორების შიში დღესაც სუნთქვას უკრავს ადგილობრივებს. როგორც თავად ამბობენ, უკვე 10 წელია, რაც ხელისუფლებისგან კომპენსაციის გამოყოფას და სხვაგან დასახლებას მოითხოვენ. 

გურამ გაგაძე, ზემო მლეთის მკვიდრი: „პატარა ბავშვები გვყავს და დღე და ღამე ვდარაჯობთ, რომ ტერიტორია წყლით არ დაიტბოროს და პატარებს ხიფათი არ შეემთხვათ. ვითხოვთ კომპენსაციისა და სხვა ადგილის სასწრაფოდ გამოყოფას, რაც მთავრობისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გადასვლა გუდაურის ქვემოთ, სოყურიანში გვინდა. იქ დაუსახლებელი ადგილებია და ამავდროულად - უსაფრთხოც. ადგილობივ გამგეობას მივმართეთ და ყოველდღე გვპირდებიან, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ამბობენ, რომ თითო ოჯახზე 10 000 ლარია გამოყოფილი, მაგრამ არავინაა წარმომადგენელი, რომელიც იტყვის, რომ ეს 10 000 ლარი ჩვენია. თანაც, იმ 10 000-ით სახლებს ვერ ავაშენებთ. ეს თანხა, სხვაგან გადასვლის შემთხვევაში, მხოლოდ მოსამზადებელ სამუშაოებში გამოგვადგება. ახლა დამატებით 150 000 გამოიყო მდინარის კალაპოტის გასამაგრებლად. მიეცათ ეს თანხა 8 ოჯახისთვის და ყველა კმაყოფილი იქნებოდა“.    

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურაბ ბურდულმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მონიტორინგის ჯგუფთან საუბრისას განაცხადა, რომ 2014 წლის გაზაფხულზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან ადმინისტრაციულ ორგანოს მიუვიდა წერილი, რომლის თანახამადაც, ზემო მლეთაში მცხოვრებთა თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო გადასახლება კახეთში, სამეგრელოში ან დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონში: „მთიულეთში არ ჰქონდათ შეთავაზება. ამ ხალხს მე ვთხოვე, რომ განაცხადი გაეკეთებინათ, მაგრამ განაცხადიც არ გააკეთეს. როგორც მითხრეს, სხვა რეგიონში გადასვლა არ ისურვეს“. 

როგორც ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, მართალია, ოჯახებზე გამოყოფილია კომპენსაციები, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება მათი სასურველ ადგილას ჩასახლება: „თითოეულ ოჯახზე გამოყოფილია 10 000 ლარი (ჯამში - 80 000 ლარი) და დევს მათ ანგარიშებზე, მაგრამ ისინი უარს ამბობენ თანხის გახარჯვაზე იმ მიზეზით, რომ თუ მთავრობას დაკანონებული არა აქვს მათთვის სახლების ასაშენებელი ტერიტორია, ამ სახლების აშენებას აზრი არა აქვს. ვფიქრობ, ეს მათი მხრიდან სამართლიანი გადაწყვეტილებაა. პრობლემა ასეთია: ოჯახების სურვილია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საყურიანებში დასახლდნენ. წელს გაზაფხულზე მუნიციპალიტეტმა გაგზავნა წერილი სამინისტროს სახელზე და შედეგად სამინისტრო დათანხმდა, ეს ადგილები გადმოცემოდა ამ ოჯახებს საკუთრებაში. შემდეგ სამინისტრომ მიმართა გუდაურის განვითარების სააგენტოს, ვინაიდან საყურიანიც იმავე რეკრეაციულ ზონაში ექცევა, რასაც ახლა ეს სააგენტო კურირებს. გუდაურის განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ეს ტერიტორია არ გადაეცა მოსახლეობას. ახლა მიმდინარეობს მუშაობა, რომ მთიულეთის ტერიტორიაზე გამოიძებნოს სუფთა ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ხალხის დასახლება. პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები საყურიანში უკვე ხნავენ და იყენებენ იმ ადგილებს, სადაც მათ სურთ ცხოვრება. ასე რომ, საყურიანის ადგილები მათ ფაქტობრივ მფლობელობაშია, უბრალოდ იურიდიულად ვერ ხერხდება მათთვის მიწის დაკანონება“.

მონიტორი მაია ასათიანი, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილურ ჯგუფში ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრ „კავკასიას“ წარმოადგენს, ამბობს, რომ მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა და ცენტრალური მთავრობა მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმებულია, მაგრამ საქმე ბოლომდე მაინც არ არის მიყვანილი: „მოსახლეობა მთავრობისგან ითხოვს მათთვის სიცოცხლისთვის უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებელი მიწის ნაკვეთების გამოყოფას და დაკანონებას, ხოლო უკვე გამოყოფილი კომპენსაციით, რომლითაც მათ ჯერაც არ უსარგებლიათ, სახლების აშენებას გეგმავენ. ვფიქრობ, რომ დაზარალებული მოქალაქეების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი იქნება პრობლემის საბოლოო მოგვარება“.

როგორც ზურაბ ბურდულმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოიყო 150 000 ლარი. ამ თანხით, ზემო მლეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მდინარე არაგვის 100-150 მეტრიან მონაკვეთზე უნდა დაიგოს ბეტონის ფილები, კეთდება მდინარე არაგვის კალაპოტი, რაც დროებით შეაჩერებს პრობლემას: „ამ ეტაპისთვის სხვა გამოსავალი აღარ არის, მაგრამ საბოლოოდ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ამ ადამიანების გადასახლება იქნება. ლომისის მთიდან მეწყერია ჩამოწოლილი და ეს დიდ, მუდმივ საფრთხეს ქმნის. გამოყოფილი თანხა უნდა გაიხარჯოს მიზნობრივი მიმართულებით. ამ თანხის სხვა მიზნებით გახარჯვა შეუძლებელია და ეს ვიღაცის ნება-სურვილზე არ ხდება“.

ლოგიკურად, თუკი ამ ადამიანების გადასახლება შექმნილი პრობლემიდან საუკეთესო გამოსავალია, მდინარე არაგვის კალაპოტის გამაგრებას 150 000 ლარიანი პროექტით, იქნებ მართლაც სჯობდა ამ თანხის მიმართვა დაზარალებულთა უსაფრთხო ტერიტორიაზე ჩასახლებისკენ. აქ ის ფაქტორიც მოქმედებს, რომ ზემო მლეთელებს „შორს“ წასვლა არ უნდათ. ხვეწნა-მუდარასა და დაუსრულებელ შიშში კი უკვე 10 წელი გავიდა. 

ახალი ამბები