კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მსჯავრდებულის დაკითხვას მოითხოვს

3 ოქტომბერი, 2014
 
ნინო ახობაძე

ადამიანის უფლებათა ცენტრი პროკურატურისგან მოითხოვს ადვოკატის თანდასწრებით დაკითხოს თეიმურაზ გვარაძე, რომელიც აცხადებს, რომ არის ყოფილი სნაიპერი, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დაცვის ყიფილი წევრი და ფლობს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებს ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან და 2012 წელს განხორციელებულ ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა  30 სექტემბერს პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში განაცხადეს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს ბრალდებულ თეიმურაზ გვარაძის ინტერესებს, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

ადვოკატთან საუბრისას პატიმარი აცხადებს, რომ მას აქვს გასაიდუმლოებულ სპეციალურ სამხედრო დანაყოფში მსახურობის ხანგრძლივი სტაჟი. მისივე თქმით, 2012 წელს პატიმრობის პერიოდში მასთან მივიდა სამი პიროვნება და მას, როგორც გამოცდილ სამხედრო პირს, სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. თეიმურაზ გვარაძე ამბობს, რომ იგი უშუალოდ აკვირდებოდა ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციიის მსვლელობას და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს.

2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების შემდეგ იგი მუდმივ ზეწოლას გნიცდიდა, რადგან ფლობდა მნიშვნელოვან ინფორმაციას და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

2013 წლის მაისში იგი კვლავ დააკავეს ქურდობის ბრალდებით და როგორც თავად აცხადებს, წამების გზით ცდილობდნენ მისგან მოეპოვებინათ აღიარებითი ჩვენება. ამჟამად ეს საქმე უზენაესი სასამართლოს წარმოებაშია.

მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ასევე აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის არაერთი მიმართვის მიუხედავად, მთავარი პროკურატურა უარს აცხადებს მსჯავრდებულ თეიმურაზ გვარაძის დაკითხვაზე, თავისივე ადვოკატის თანდასწრებით.

ნესტან ლონდარიძე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურსტი, თეიმურაზ გვარაძის ადვოკატი: „მსჯავრდებულმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ იგი არის გასაიდუმლოებული დივიზიონის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, არის  სპეციალურად გაწვრთნილი შორსმსროლელი სნაიპერი. იგი გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რათა მონაწილეობა მიეღო ლაფანყურის სპეცოპერაციაში. მისი დავალება ორმხრივი შეტაკებისას ტერორისტების ლიკვიდაცია იყო. მსჯავრდებული აცხადებს, რომ მას ,როგორც უშუალო თვითმხილველს, სრული ინფორმაცია აქვს სპეცოპერაციის მსვლელობაზე და ის მზად არის გამომძიებას სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს. თეიმურაზ გვარაძე ასევე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ, რაზედაც იგი ასევე მზად არის გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია. მისი ერთადერთი მოთხოვნაა, დაკითხვებს ესწრებოდეს მისი ადვოკატი. აღნიშნულის თაობაზე პირველი განცხადებით ჩვენ პროკურატურას მივმართეთ ამა წლის აპრილის თვეში, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. მე, როგორც თეიმურაზ გვარაძის ადვოკატმა, კვლავ მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე ჩემი თანდასწრებით მომხდარიყო მისი დაკითხვა, რაზედაც სრულიად გაურკვეველი პასუხი მივიღეთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, ადვოკატის თანდასწრებით დაიკითხოს თეიმურაზ გვარაძე, გადაამოწმოს ის ფაქტები და გარემოებები, რაზეც მსჯავრდებული მიუთითებს და უზრუნველყოს მისი, როგორც საფრთხის ქვეშ მყოფი მოწმის დაცვის ღონისძიებები. ასევე - შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მის მიერ აღწერილ არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ.

ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:„ადამიანის უფლებათა ცენტრი უკვე მეორედ ატარებს ამ თემაზე პრესკონფერენციას, ასევე რამდენჯერმე წერილობითაც მივმართეთ პროკურატურას, მაგრამ რეაგირება ჯერჯერობით არ არის. ირღვევა მოქალაქის კანონიერი უფლება, გამოძიებას მისცეს ჩვენება მოწმის სახით. ერთადერთი, რაც ვიცით თავად მსჯავრდებულისაგან, მას  შეხვდა გამომძიებელი პროკურატურიდან და უთხრა, მიეცა ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას საქმის შესახებ. თუმცა, გამომძიებელი სთხოვდა, ადვოკატის  დასწრების გარეშე მიეცა ეს ჩვენება. ამაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა და გამომძიებელს უთხრა, რომ ადვოკატის თანდასწრებით ყველა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადასცემდა“. 

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, როდესაც არსებობს ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, გაუგებარია, პროკურატურა რატომ არ ინტერესდება მისი დაკითხვით. 

ახალი ამბები