კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხევსურეთში დაკარგული ოთარ ლაზაშვილის დედა დახმარებას ითხოვს

10 ოქტომბერი, 2014
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

”გემუდარებით, მაპოვნინეთ ჩემი შვილი. არ ვიცი  ცოცხალია და რამის იმედი მქონდეს, თუ ვიგლოვო”- ხევსურეთში გაუჩინარებული ოთარ ლაზაშვილის დედა მარიამ  ლაზაშვილი შვილის მოძებნაში დახმარებას თითქმის ერთი წელია ითხოვს. 

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები 22 წლის ოთარ ლაზაშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ბარისახოში 2013 წლის 15 მაისს დაიკარგა. ოთარ ლაზაშვილს ბარისახოში ცხვარი ჰყავდა წაყვანილი. თურმე მას შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ მწყემსთან, რის  შედეგადაც მას უთქვამს: ცხვარიც თქვენი იყოს და ყველაფერიო და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. სახლში ფეხით წამოსულა, მას შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე გავიდა და ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. ის სოფელ კორშასთან, ეგრეთ წოდებულ საბერწეს მთის საძოვრებიდან უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. საქმეზე გამოძიებას აწარმოებდა შსს დუშეთის განყოფილება. როგორც გაუჩინარებულის დედამ, მარიამ ლაზაშვილმა განაცხადა, გამოძიებამ ვერც მისი შვილი იპოვა და ვერც დამნაშავე. ამიტომ მან საჩივრით მიმართა პროკურატურას.  საქმე მცხეთის შსს რაიონულ სამმართველოში გადაიტანეს.
 
მცხეთაში  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობდა. თუმცა არც ამ შემთხვევაში წასულა საქმე წინ. რის გამოც გაუჩინარებული შვილის დედამ  საქართველოს პროკურატურას ხელახალი გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაკარგულის დედას ესაუბრა.

მარიამ ლაზაშვილი: ჩემი შვილის გაუჩინარებიდან ამდენი დრო გავიდა, თუმცა საქმე ჯერაც გახსნილი არ არის. დამიგროვდა რა გარკვეული ინფორმაცია, ეჭვი გამიჩნდა სისხლის სამართლის საქმის კვალიფიკაციაზე.  სსკ–ის 116–ე მუხლი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.  ჩემი შვილის საქმეში ისეთი გარემოებები და პიროვნებები იკვეთებიან, ვფიქრობ, შეიძლება საქმე განზრახ მკვლელობასთან გვქონდეს. ასევე, საქართველოში უგზო–უკვლოდ დაკარგულთა, გაუჩინარებულთა სტატისტიკამ გამიჩინა საფუძვლიანი ეჭვები, ხომ, არ გახდა ჩემი შვილი ტრეფიკინგის მსხვერპლი, ხომ არ გამოიყენეს მისი ორგანოები ტრანსპლანტაციისათვის, ხომ არ მოხდა მისი მკვლელობა გარკვეულ პირთა მიერ სხვა დანაშაულის დაფარვისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით“.

კერძოდ რას გულისხმობთ, გამოძიებას თუ აქვს ეს ინფორმაცია? 

ჩემ მიერ მოძიებული ინფორმაცია გამოძიებას ვაცნობე, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა.  მოგახსენებთ, რომ ჩემს შვილს ჰყავდა ცხვარი, რომელიც რამდენიმე წელი მუხლჩაუხრელი შრომით მოაშენა. ცხვარს აძოვებდა სოფელ ჩუმლაყის საძოვრებზე. მიუხედავად იმისა, რომ ის არავის ნაკვეთებს არ აზიანებდა,გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და სოფელ ჩუმლაყის რწმუნებულმა კატეგორიულად მოსთხოვეს ათ დღეში ტერიტორიის დატოვება, რადგან ხალხმა მოითხოვა ნაკვეთებში არაფერი დაგვიზიანოსო. არადა, ღელეს ტერიტორიაზე აბალახებდა ცხვრებს. ის ტერიტორია თავისი ხელით მოაწყო, არავის არაფერს უფუჭებდა. თავისი ხელით აიშენა სადგომი. კეთილი, პატიოსანი და შრომისმოყვარე შვილი გავზარდე.

ეს რომ გავიგე,  ღამის სამ საათზე სადგომში დავადექი თავზე. ვთხოვე, რომ ცხვარი მთაში წაეყვანა.  გეხვეწები გაიყვანე ცხვრები, ხალხს ნუ გადაუდგები-მეთქი. დედა, მთაში გული არ მიმიწევსო, მითხრა, მაგრამ ხათრი ვერ გამიტეხა და წავიდა. 
 
2013 წლის 5 მაისს ოთარი იძულებული გახდა ორ თანასოფლელთან და მათ მიერ დაქირავებულ მწყემსთან  ერთად  გამგზავრებულიყო მთაში.  9 მაისს სოფელ კორშაში მათ შეუერთდა კიდევ ორი მწყემსი. 

12 მაისს საბერწეს მთებზე ოთარის ბინაზე ჩავიდა ჩემი მეუღლე, გია ლაზაშვილი. მან მთაში ასვლამდე შვილს დაურეკა, მაგრამ ოთარის ტელეფონზე უპასუხა ერთერთმა თანასოფლელმა მწყემსმა. იგი ნასვამ მდგომარეობაში შეხვედრია ჩემს მეუღლეს და უთქვამს, რომ ოთარის ტელეფონი მას ჰქონდა დატოვებული ელემენტის დასამუხტად. გიას მოუთხოვია მისთვის ტელეფონის გატანება, მაგრამ მას ტელეფონი არ მიუცოა. მეორე დღეს მან  გამოაცხადა რომ თავისი და გიას ტელეფონები ჯიბიდან ამოუვარდა და დაკარგა. 13 მაისს, საღამოს, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ  ტელეფონები დაიკარგა, ამიტომ ვერ დამირეკავდა და არ მენერვიულა. 

16 მაისს, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ  ოთარმა და ჩემმა მეუღლემ  15 მაისს, საღამოს, დაახლოებით 5–6 საათზე ცხენები გაამზადეს და აპირებდნენ სოფელ კორშაში ჩასვლას, რადგან ჩემს მეუღლეს უნდა წაეღო ბარგი, ხოლო ოთარს სურდა დანის შეძენა. როგორც გამოირკვა, ორი დღის განმავლობაში მათ პურიც კი არ ჰქონიათ. იმ მწყემსს ისინი არ გამოუშვია, გზა არ იცით და დაიკარგებითო, ხოლო როდესაც ჩემს შვილს წასვლა მაინც დაუპირებია, ამავე მწყემსს უთქვამს, რომ თუ წასვლა გინდა, წადიო. გაბრაზებული ჩემი შვილი მარტო წამოსულა ფეხით, ხოლო მისი წასვლიდან 10 წუთის შემდეგ მამამისსც დაუპირებია წასვლა, წავალ მოვნახავო, მაგრამ არ გამოუშვეს, ჩვენ მოვძებნითო და ორივე მწყემსი ცხენებით დაედევნენ. შემდგომში კი მიმტკიცებდნენ, რომ ოთარის კვალი მხოლოდ წყლამდე მიდიოდაო. ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთო. ცხედარი წყალში არავის უნახავს. ოთარი თუ ვერ იპოვეს, რატომ არ დაურეკეს მაშინვე მამამისს, ან მე არ დამირეკეს და არ  მკითხეს, სახლში ხომ არ დაბრუნებულაო. ან რატომ არ აცნობეს სასაზღვრო პოლიციას, რომელსაც გვერდით ჩაუარეს. რატომ გაიგო შვილის დაკარგვის ამბავი მხოლოდ მეორე დღეს ჩემმა მეუღლემ, როდესაც სოფელში ჩავიდა. რატომ დაუხვდნენ  ის მწყემსები უგონოდ ნასვამები, რატომ გაათენეს მათ მაინცდამაინც ის ღამე მთის მეპატრონის ძველ, უშუქო, დანგრეულ, ცარიელ სახლში და არა მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ყოველთვის რჩებოდნენ ხოლმე. რატომ არ ჩატარდა ჩხრეკა ამ ცარიელ ბინაში, იქნებ ჩემი შვილი ღამე იქ ჰყავდათ? 
საინტერესოა, რატომ წამოვიდა ჩემი შვილი გაბრაზებული იქნებ რაიმე ისეთი ნახა რაც არ უნდა ენახა, ან გაიგო რაც არ უნდა სცოდნოდა, ან იქნებ დააშინეს, ან რამე "შეაწერეს"? 

ტელეფონი  რომ ჰქონოდა იმით მაინც ხომ ვიპოვიდი. მაგრამ როგორც შემდეგ გაირკვა ჩემს შვილს თურმე ტელეფონი წაართვეს, კი არ დაკარგეს. თუმცა შემდეგ ის ტელეფონი გამოჩნდა საიდანაც მათ ასამდე შეტყობინება გაგზავნეს და შემდეგ წაშალეს. ჩემმა შვილმა ტელეფონი 13 მაისს დაიკარგა, 14 მაისს ერთერთი მწყემსის მიერ გაგზავნილი იქნა მესიჯი სოფელ კორშაში ქალბატონთან, რომელთანაც ეს უკანასკნელნი ქეიფობდნენ ხშირად და მეგობრობდნენ. ისეთი მესიჯი იყო, შესაძლოა საქმეს გამოსდგომოდა. ეტყობა მისი წაშლა გამორჩათ. გარემოება უნდა გამოეკვლია გამოძიებას. ჩემი შვილის დაკარგვის შემდეგ იმ იმ ქალბატონის ოჯახმა საქონელი გაყიდა და სოფელ კორშადან გაიხიზნა.

გამოძიების მიერ თუ მოხდა შემთხვევის ადგილის შესწავლა?

არა, არ მომხდარა და დღემდე მიკვირს, როგორც შეიძლება ასეთ შემთხვევაში ადგილის შესწავლა არ მოხდეს.  ტელეფონის ქურდობისთვის მაინც როგორ არ გაასამართლეს ის მწყემსები? როდესაც მე სოფელ კორშაში ავედი შვილის საძებრად და ტელეფონი ვახსენე, მათ მომცეს ჩემი შვილის მობილური და მითხრეს, რომ 16 მაისს ბილიკზე იპოვეს. ტელეფონი მზე–წვიმაში თურმე ისე ეგდო, რომ არც დაჯდა და არც დაზიანდა, ვერც ვერავინ იპოვა.
 
გამოძიება ადგილიდან არ იძვრის, ჭიანურდება პროცესი, მე კი ჩემი დაკარგული შვილის გზას გავცქერი. არ ვიცი ცოცხალია და საიდანმე  შველას ელოდება, თუ აღარ არის და უნდა ვიგლოვო. საეჭვო ვითარებაა, არც მკვდარია ჩემი შვილი და არც ცოცხალი, ასე უკვალოდ ვერ გაქრებოდა, აქ რაღაც სხვა ამბავია, არ ვიცი რა ვიფიქრო. 

ოფიციალურად რომელ უწყებებს მიმართეთ დახმარებისთვის და თუ იყო რაიმე რეაგირება?

დახმარებისთვის თავის დროზე მივმართე მთავარ პროკურორ კბილაშვილს, შს მინისტრ ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას, არჩევნებამდე გურჯაანში ჩამოსულ პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს,  მაგრამ პასუხი არ მიმიღია. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი  დუშეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს გამომძიებლის თანაშემწეს ჯუმბერ ბუჩაშვილსაც ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, ოთარ ლაზაშვილის დაკარგვასთან დაკავშირებით სამძებრო საქმე მათთან იყო,  სისხლის სამართლის საქმე კი, მცხეთაში იყო აღძრული, სადაც ამჯერადაც მიმდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, მასთან ძებნა ამოიწურა და საქმე გადაიგზავნა ტერიტორიულ დაქვემდებარებაში. სამძებრო საქმე ახლა გურჯაანში დევს: "მუხლჩაუხრელად ვაწარმოებდით ძებნას. მთაში ფეხით ასვლას დღენახევარი უნდებოდით. ერთხელ დედამისიც გამოგვყვა. მართალია ერთგან წავაწყდით საეჭვო ადგილს, სადაც ბალახი ძალიან იყო მოთელილი, იქ ძაღლიც გვყავდა, მოსახლეობაც დავიხმარეთ, მთელი მთა გადავანგრიეთ, სამაშველო ჯგუფთან და სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ,  ხელმოსაჭიდს ვერაფერს მივაკვლიეთ“.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მცხეთა– მთიანეთის შსს გამომძიებელ ვაჟა ლეჟავასაც დაუკავშირდა და საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია თხოვა, თუმცა მან „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა. 

ახალი ამბები